წმინდა მარინეს ეკლესია
galerea
aRwera
კურტანიძეულის წმინდა მარინეს კომპლექსი მდებარეობს სოფელ ხევისჭალის ჩრდილო დასავლეთით 2.5 კილომეტრზე. კომპლექსში შედის: წმინდა მარინეს ეკლესია, კოშკი და გალავანი. ეკლესია X-XI საუკუნით თარიღდება. კოშკი და გალავანი გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია (10 მ * 6.7 მ-ზე) დარბაზულია, ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო შირიმის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ორივე კარი შიგნით თაღოვანია, გარედან კი ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით პილასტრებით გამოყოფილი, არაწესიერი, ნახევარ წრის ფორმის, ღრმა აფსიდია. აფსიდის ღერძზე - თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. სარკმლის ზემოთ ერთმანეთთან ახლოს, ორი პატარა, შიგნით თაღოვანი გარედან მრგვალი სარკმელია. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ორ საფეხურიან თაღს ნახევარწრიული ფორმა აქვს, ნახევარწრიულია კამარაც. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო ვიწრო პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამარის ორსაფეხუროვანი საბჯენი თაღი. დასავლეთ კუთხის პილასტრებზე, მიმდებარე ორ საფეხურიანი საბჯენი თაღია გადაყვანილი. ყველა თაღის ქუსლებთან შირიმის რთულ პროფილიანი ინპოსტებია. გრძივ კედლებზე, პილასტრებს შორის არეები დასრულებულია კონსოლებზე დაყრდნობილი ნახევრწრიული თაღებით. დარბაზის დასავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია.
აღმოსავლეთ ფასადზე ჯვარ-სარკმლის კომპოზიციაა განთავსებული. საკურთხევლის თაღოვან სარკმელს შემოვლებული აქვს ოთხი ლილვისგან შედგენილი ჩარჩო, რომელთაგანაც ერთ-ერთი (შიგნიდან მეორე) ურთიერთ მკვეთი ხაზებითაა გაფორმებული. ჩარჩოს გარეთა ორი ლილვი ებმის. ჯვრის სამი მკლავი და ზედა მკლავის ზედა ნახევარი რვიანების მსგავსი ორნამენტითაა შემკული, ხოლო ქვედა მკლავის ქვედა ნახევარი ღეროზე ჩამოცმული რგოლებით. ჯვრის ქვედა მკლავის გვერდით (სამხრეთით) ორ სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა „წმინდაო მარინე მეოხ ეყავ კახეთსა“. წარწერის ქვემოთ, ჯვრის ქვედა მკლავის ძირის დონეზე მის ორივე მხარეს, თითო მრგვალი სარკმელია. ორივე სარკმელი ერთ ქვაშია გამოკვეთილი და ირგვლივ წრიული ჩარჩო ევლება, ღიობში კი ტოლმკლავა, ბოლოებგაფართოებული ჯვარია გამოყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ძირის დონეზე ორივე მხარეს ორ საფეხურიან ბაზისზე დაყრდნობილი თითო პატარა რელიეფური ჯვარია, სარკმლის თაღის მარცხენა მხარეს კი, ერთ დონეზე, სამი პატარა რგოლია განლაგებული, რომელთაგანაც განაპირა მარცხენაზე რელიეფურ თაღში ჩასმული მცირე ჯვარია დადგმული.
დასავლეთ ფასადი თითქმის თავდაპირველი სახითაა მოღწეული. შესასვლელს ევლება ოთხი ლილვისგან შედგენილი სწორკუთხა ჩარჩო, რომლის გარეთა ორი ლილვი, კარის თავზე, შეჯგუფებულია, მიემართება ზემოთ და ებმის სარკმლის თაღოვან ჩარჩოს. იგი შედგენილია შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული ამოზნექილი ზედაპირით, რომელიც შემკულია რვიანების მსგავსი ორნამენტით. სარკმლის მოჩარჩოებაზე დადგმულია მცირე ზომის რელიეფური ჯვარი, რომლის ორივე მხარეს თითო ხვიაა.
სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადების შუა ნაწილში ლილვებით მოჩარჩოებული თითო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმლის ქვემოთ სწორკუთხა კარია. რომელსაც ლილვებით შედგენილი ჩარჩო ევლება. ეკლესიის შირიმის ლავგარდნის პროფილს შეადგენს თარო, გეომეტრიოული ორნამენტით შემკული წრეთარგი და ლილვი.
ტაძრის სამხრეთით არსებული, რიყის ქვით ნაგები კოშკი (9.5 მ * 9.5 მ-ზე) გეგმით კვადრატულია. მისი სამხრეთ კედელი გალავანშია ჩართული, დანარჩენი ნაწილი კი ეზოშია მოქცეული, შემორჩენილია ორი სართული. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთ კედლის ღერძზე. მიწის დონიდამ 4.3 მეტრის სიმაღლეზე. კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედან - თაღოვანი. სართულის დასავლეთ კედელში სათოფურებიანი ორი მოზრდილი ნიშია. სართულის შუაში მდგარ ოთხკუთხა ბურჯიდან ოთხივე კედელზე გადაყვანილია ნახევარწრიული კამარა.
სამხრეთ დასავლეთ კუთხეში ჩანს მეორე სართულზე ასასვლელი კიბის კვალი. მეორე სართულზე შემორჩენილია შუაში მდგარი სწორკუთხა ბურჯის ქვედა ნახევარი. სართულის ოთხივე კედელში გაჭრილია თითო სწორკუთხა სარკმელი. კომპლექსის გალავანი, რომელიც ნაწილობრივაა შესასვლელი ტეხილის ფორმისაა. გალავანს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს და ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით.
1980 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები: გაიწმინდა მცენარეებისგან, გამაგრდა კოშკისა და გალავნის კედლები, აღდგა ეკლესიის საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები და ლავგარდანი, განახლდა ეკლესიის სარკმლებისა და ჩრდილოეთ შესასვლელის მოპირკეთება. ეკლესია გადაიხურა კრამიტით.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის