ერელაანთ საყდარი
galerea
aRwera
ერელაანთ საყდარი დგას ქალაქ ახმეტის დასავლეთით, ახმეტა თიანეთის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მინდორში. განეკუთვნება V-VI საუკუნეებს. ეკლესია (7მ*6.6მ-ზე) გუმბათოვანია თავისუფალი ჯვრის ტიპისა, ნაგებია რიყის ქვით და უსწორმასწორო კირქვის ფილებით.
1960-იან წლებში ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. აღადგინეს გუმბათის ყელი და კედლების დანგრეული ნაწილები. ეკლესიაში შესასვლელი გაჭრილია სამხრეთ მკლავის ღერძზე, კარი შიგნით თაღოვანია, გარედან გადახურულია არქიტრავით. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია.
აფსიდში ორი სწორკუთხა ნიშია. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია გუმბათი. გუმბათღში და კვადრატიდან გუმბათის ყელის რვაწახნაგოვან საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია კუთხის ოთხი ტრომპი. გუმბათის ყელში მკლავების ღერძების მიმართულებით, გაჭრილია ოთხი თაღოვანი სარკმელი. ყოველი სარკმლის ქვეშ თითო მცირე თაღოვანი შეღრმავებაა.
ეკლესია მოხატული ყოფილა. მოხატულობა გვიან შუა საუკუნეების „ხალხური“ მხატვრობის ჯგუფს განეკუთნება. საკურთხეველში მხატვრობა ორ რეგისტრადაა გაყოფილი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზი. ღვთისმშობელი და მაცხოვარი ფრონტალურად არიან წარმოდგენილი. ღვთისმშობელს ცალი ხელი ყრმის მარჯვნივ მუხლზე უდევს, მეორე მის მარცხნივ თეძოს ქვემოთ. ყრმა მკერდთან მიტანილი მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში უჭირავს გრაგნილი, რომლითაც მარცხენა მუხლს ეყრდნობა. ყრმის თეთრი ქიტონი შემკულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით (სამყურა ფოთლები და სხვა). ყვითელ ტახტზე ლურჯი და მოწითალო ყავისფერი მუთაქები დევს. ღვთისმშობლის თავზე ასომთავრული წარწერაა. მთავარანგელოზებს სამეფო ტანსაცმელი აცვიათ ერთ-ერთის ტანსაცმელი ძვირფასი ქვებითაა შემკული მეორისა - ბადისებრი ორნამენტით. ცალ ხელში ორივეს სფერო უჭირავს, ხოლო ერთ-ერთს მეორე ხელში კვერთხი.
მხატვრობის მეორე რეგისტრში მოცემულია წმინდა მსხვერპლის თაყვანისცემა, სარკმლის ქვემოთ გამოსახული ყოფილა ჩვილი ქრისტე ბარძიმში. შემორჩენილია ქრისტეს ტერფები. სარკმლის გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს იოანე ოქროპირის გამოსახულებაა. მისი თანმხლები ასომთავრული წარწერა შესრულებულია თეთრი საღებავით, ხოლო ფონი ლურჯია. წმინდანის გაშლილ გრაგნილზე ასომთავრული წარწერის ნაშთი ჩანს. წმინდანის ტანსაცმელი ჭადრაკისებრი ორნამენტით არის შემკული. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია, ფერწერის სხვა ნიმუშებიც, (ნაწილობრივ დაზიანებული) რომელთაგან აღსანიშნავია ქტიტორის გამოსახულება, რომელსაც ხელში უჭირავს საყდრის სქემატური მოდელი. ისტორიულ პირთა დიდი ზომის ფიგურები, მათი ფონისა და ტანსაცმლის დეკორატიული გადაწყვეტა, სუფთა ჟღერადი ფერადოვანი გამა, მოხატულობის საერთო ანსამბლში მნიშვნელოვან მხატვრულ მახვილს ქმნის. სამხრეთ მხარეს, სარკმლის გვერდით შემორჩენილია თეთრ ფონზე შავი საღებავებით შესრულებული დაზიანებული ექვსსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. (ვინმე დავით ლალასშვილის სულის მოსახსენიებელი) ტაძრის ინტერიერში სხვადასხვა წმინდანთა და საერო მოღვაწეთა ფრესკებთან შემორჩენილია, წარწერების მცირე ნაშთები.
ეკლესიის ფასადი სადაა. საფასადო სიბრტყეები მოპირკეთებულია სხვადასხვა ზომის ძირითადად მოზრდილი უსწორმასწორო ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. საკურთხევლის სარკმლისა და შესასვლელის ზემოთ გამოყვანილია თითო რელიეფური თაღი ჰორიზონტალურად გადაკეცილი ბოლოებით. ამავე ფასადებზე, ფრონტონის წვეროსთან წყობაში ჩასმულ შირიმის სწორკუთხა ქვაზე მარტივი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის კედლები თაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული, რომელსაც ფრონტონების ძირებთან ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. გუმბათის ყელი გარედანაც რვაწახნაგაა. დასრულებულია ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით. გუმბათი გადახურულია დაბალი პირამიდული ფორმის რვაწახნაგა სახურავით.
ეკლესიას შემოვლებული აქვს რიყის ქვით ნაგები ოვალური ფორმის დაბალი გალავანი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.
საკმაოდ საინტერესოა, ტაძრის აღმოსავლეთი ფასადი, რომელიც მთლიანობაში სადაა, არის ერთი მცირე სარკმელი მცირე დეკორატიული წარბით, თუმცა ფასადზე ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შეიმჩნევა გარეთა მხატვრობის კვალი, რაც ძალზედ იშვიათობას წარმოადგენს ქართულ საეკლესიო არქიტქიტექტურაში და მხოლოდ რამდენიმეგან გვხდება.
1966 წელს ეკლესიის ეზოში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. გამოვლინდა ტაძრის ხუროთმოძღვრული დეტალები, განვითარებული და გვიან შუასაუკუნეების ორმოსამარხები და ქვაყუთები. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. ორმო სამარხები უინვენტაროა. ქვაყუთებში აღმოჩნდა მოჩალისფრო მოთეთროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები, ერთ-ერთ ორმო სამარხში კი ბრინჯაოს საყურე.
ერელაანთ საყდარს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის