ახშნის გორიჯვრის ეკლესია
galerea
aRwera
სოფელ ახშნის სამხრეთ აღმოსავლეთით დაახლოებით 700 მეტრის მანძილზე მდებარეობს ახშნის გორიჯვრის ეკლესია. ეს არქიტექტურული კომპლექსი სოფლის მახლობლად მდებარე მთის ერთ-ერთ ტოტზეა განლაგებული და შედგება ეკლესიის, სამლოცველოს, გალავნის და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობისგან.
კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს სამნავიანი ბაზილიკა, (13.5 მ*10.5 მ-ზე) რომელიც IX საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთნება და თვალსაჩინოდ ეტყობა შემდგომი მრავალჯერადი შეკეთების და რეაბილიტაციის კვალი.
ეკლესიას გვიანი გადაკეთებების შედეგად თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. აგებიდან მცირე ხნის შემდეგ მისთვის სამი მხრიდან გარშემოსავლელი მიუშენებიათ და სამხრეთ ნავის სამივე შესასვლელი თაღი ამოუშენებიათ. XI-XII საუკუნეებში შუა ნავის დასავლეთი და გრძივი ფასადები შირიმის ფილებით შეუმოსავთ და შუა ნავის სამხრეთ ფასადი ყრუ თაღებით შეუმკიათ. ასევე მომდევნო ხანებში, კერძოდ XV-XVI საუკუნეებში ეკლესია კვლავ არაერთხელ შეუმკიათ. შეკეთებების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა, როგორც ბაზილიკის, ასევე გარშემოსავლელის ინტერიერი.
ეკლესიის ნავები ერთმანეთისგან გამიჯნულია ორი წყვილი სწორკუთხა ბურჯით და მათზე გრძივი მიმართულებით გადაყვანილი თაღებით. თაღების აღმოსავლეთი წყვილი (ამოშენებულია) საგრძნობლად ვიწრო და დაბალი ყოფილა ვიდრე დანარჩენი ორი. შუა ნავი გვერდით ნავებზე განიერი და მაღალია, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა აფსიდით, რომლის სამხრეთ ნახევარი ნალისებრია, ჩრდილოეთისა (გვიანდელია) კი ნახევარწრიული. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მისი და აფსიდის სამხრეთი კუთხე შირიმითაა გამოყვანილი. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ნავის კამარასთან და საბჯენ თაღებთან ერთად XV-XVI საუკუნეების შეკეთების დროსაა ნაწყობი. შუა ნავის ჩრდილოეთ კედელში სამი ბრტყლად გადახურული სარკმელია ხოლო სამხრეთისაში კი ერთი. დასავლეთ კედელში შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა კარია. ნავის კამარა საკმაოდ დეფორმირებულია, იგი დაყრდნობილია ორ ტლანქად ნაწყობ საბჯენ თაღზე. დასავლეთის თაღი პილასტრებზეა გადაყვანილი, მეორე კი პილასტრების გარეშეა. ბოძების აღმოსავლეთ წყვილს შერჩენილი აქვს რიყის ქვითა და აგურით (21სმ * 21.4 სმ-ზე) ნაშენი პილასტრების (გვიანდელია) ნაწილი. სამხრეთ ნავი ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული, მაღალი და გრძელი დერეფანია. აფსიდის ღერძზე პატარა სწორკუთხა სარკმელია. თავდაპირველად ნავი გარე სივრცესთან სწორკუთხა ბოძებზე დაყრდნობილი სამი ფართო თაღით ყოფილა დაკავშირებული. სამივე თაღი მოგვიანებით (გარშემოსავლელის მიშენების შემდგომ) ამოუშენებიათ. თაღების დასავლეთ წყვილს შორის, მათი გამმიჯნავი ბოძის ადგილას ახალი ქვის არქიტრავით გადახურული შესასვლელია. მომდევნო ხანებში ამოუშენებიათ მთავარ ნავთან დაკავშირებული აღმოსავლეთი თაღიც, ხოლო უფრო გვიან, ნავის კამარის ჩრდილოეთ ნახევრის განახლების დროს, ამოშენებული თაღის წინ ჩაუშენებიათ საბჯენი თაღი - ორ მასიურ პილასტრზე. ამ კონსტრუქციით ნავის აღმოსავლეთ ნაწილში პატარა, თითქმის კვადრატული სივრცეა გამოყოფილი, რომელიც სამხრეთ კედელში მოწყობილი ვიწრო სწორკუთხა კარით (გვიანდელია) გარშემოსავლელს უკავშირდება.
ჩრდილოეთ ნავის შიდა სივრცე სამხრეთ ნავის მსგავსადაა გადაწყვეტილი. აფსიდში ერთი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია ხოლო ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუთხა კარი და ორი სწორკუთხა სარკმელი. ამჟამად ნავი პილასტრებზე დაყრდნობილი ორი საბჯენი თაღით სამ ნაწილადაა გაყოფილი. აღმოსავლეთი ნაწილი ოდნავ უფრო პატარაა, ვიდრე დანარჩენი ორი. იგი მთავარ ნავთან დაკავშირებულია ვიწრო სწორკუთხა ნავით, რომელიც ნავების გამყოფი თაღის ამოშენებულ ნაწილშია მოქცეული.
გარშემოსავლელი ბაზილიკას სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის. იგი ბაზილიკის მსგავსად რიყის ქვითაა ნაგები.
ეკლესიის ფასადები ძლიერადაა დაზიანებული. გვიანდელი, შირიმის მცირე ზომის ფილებით ნაწყობი მოპირკეთების ფრაგმენტები მხოლოდ მთავარი ნავის დასავლეთ და სამხრეთ ფასადებსღა შემორჩა. მთავარი ნავის სამხრეთ ფასადი დანაწევრებული იყო ოთხი ნახევარსვეტით და მათზე დაყრდნობილი ორმაგი თაღებით. ფასადის წყობაში აქა-იქ ჩართული ყოფილა შირიმის სწორკუთხა ფილები მარტივი მორთულობით. აღმოსავლეთ ფასადს გვიანი შელესილობის ფრაგმენტები შემორჩა. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო შირიმის პროფილირებული (თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი) ლავგარდნით (გვიანდელია), რომლის ერთი ქვა გარშემოსავლელის ჩრდილო - დასავლეთ კუთხის თავზე შემორჩა.
ტაძრის ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხესთან დგას მცირე, ძლიერ დაზიანებული სამლოცველო (6.8 მ*4.3 მ-ზე) ის განეკუთნება XV-XVI საუკუნეებს. ამჟამად სამლოცველოს ნაწილია მხოლოდ შემორჩენილია, მას სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის ქვედა ნახევარია შემორჩენილი. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო მცირე ზომის კვადრატული ნიშია. კამარა შეისრულია. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კონქთან ერთად ჩამოშლილია.
მოგვიანებით სამლოცველოს დასავლეთ ნაწილზე მოზრდილი, კუთხეებში მომრგვალებული სწორკუთხა სამრეკლო (თითქმის მთლიანად დანგრეულია) დაუშენებიათ, რომლის კვადრატული საფუძველი შექმნილია სამლოცველოს დასავლეთ კუთხეებზე და გრძივ ფასადებზე მიშენებულ სწორკუთხა ბურჯებზე დაყრდნობილი ფართო თაღებით. სამრეკოს აღმოსავლეთ და დასავლეთ წახნაგებში თითო ფართო თაღია, დანარჩენ ორში კი ორ-ორი.
კომპლექსის გალავანი გეგმით თითქმის სწორკუთხა მოხაზულობისაა და ის ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილია. გალავნის სამხრეთ - დასავლეთ კუთხეში და სამხრეთ კედლის გასწვრივ შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები.
გარეშემოსავლელის დასავლეთ ნაწილში, ბაზილიკის დასავლეთ ნაწილში მიშენებული თაღედის შუა თაღი შესასვლელის გვერდებზე და ზემოთ, მთლიანად წყობით შეუვსიათ, მთელი ეს ზედაპირი არის მოხატული და შემოვლებული აქვს მოჩუქურთმებული არშია, მხატვრობაზე გამოსახულია სხვადასხვა წმინდანები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მხატვრობა ფაქტიურად ბედის ანაბარაა მიტოვებული, რადგან მზე-წვიმა შეუქცევადად აზიანებს მას.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის