მატანის ცხრაკარა


galerea



aRwera

მატანის ცხრაკარა, სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფლ მატანის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) დასავლეთით 3-4 კილომეტრში ტყით დაფარულ მთის დასავლეთ ფერდზე.  მონასტერი შედგება დაბალი გალავნით შემოფარგლული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა სახის ნაგებობებისაგან.

მონასტრის მთავარი ნაგებობაა მე-5 საუკუნის შუა პერიოდის ბაზილიკა; ნაგებობის თავდაპირველი ფორმები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი რაც, ჯერ კიდევ ძველ დროს, VIII-IX საუკუნეებში ეკლესიის საფუძვლიანი შეკეთებით არის გამოწვეული. ამ დროს მისთვის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, დარბაზული ეკლესიები, ხოლო დასავლეთიდან კარიბჭე მიუშენებიათ.

მომდევნო ხანებში ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის თავზე მოუწყვიათ დაბალი კამაროვანი სათავსი. უფრო გვიან (მე-17 საუკუნეში) ამ სათავსზე დაუდგამთ აგურის სამრეკლო ხოლო ბაზილიკაზე, სამხრეთიდან მიშენებულ ეკლესიაზე, აღმოსავლეთიდან სწორკუთხოვანი დარბაზი მიუდგამთ. მეორე ნაგებობა ბაზილიკის შუა ნავის აღმოსავლეთ კედელზეა მიყრდნობილი. ბაზილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევები, ხოლო დასავლეთით (დაახლოებით 4 მეტრზე) კი განვითარებული შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ამ ეკლესიის სამხრეთით კი პატარა კამარა ჩამოქცეული შენობაა, რომელიც სავარაუდოთ მონასტრის ბიბლიოთეკას წარმოადგენდა.

კომპლექსის მთავარი ნაგებობა, ბაზილიკა გეგმით სწორკუთხაა (10მ *8.7მ -ზე), ნაგებია რიყის ქვითა და მცირე ზომის ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები გამოყვანილია მოყვითალო ფერის შირიმით. ძეგლი ქართული საეკლესიო არქიტექტურის ადრეული საფეხურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. საეკლესიო სივრცეს აქ ქმნის მხოლოდ მთავარი და ჩრდილოეთი ნავი. ბაზილიკის ინტერიერში აქტიურად არის გამოყენებული შირიმის ქვის კვადრები მისი მეშვეობით გამოყვანილია: პილასტრები, თაღები, აფსიდის მხრები და იმპოსტები. საკურთხეველი და დანარჩენი სივრცე აგურის კანკელითაა გაყოფილი. ტაძრის ჩრდილოეთ ნავი არსებითი გადაკეთებების გარეშეა შემორჩენილი, მის აღმოსავლეთ კიდეში სწორკუთხა სამკვეთლოა. სამხრეთი ნავი გვიანდელი შეკეთებების შედეგად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი. ნავი ორი განივი თაღით გაყოფილია სამ ნაწილად. აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდია, დამოუკიდებელი საკურთხევლით და ტრაპეზით.  სამხრეთის ნავის შუა ნაწილში შირიმის კვადრებზე დაყრდნობილი გუმბათია მოწყობილი, რომელშიც გუმბათქვეშა რვაკუთხა მოხაზულობაზე გადასასვლელად გამოყენებულია გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხეში ჩასმული შირიმის თითო ქვა, რომელშიც ტრომპისმაგვარი ელემენტია ამოკვეთილი. გუმბათის ნახევარსფეროს წყობაში, რომელიც შირიმითაა შესრულებული, გამოყვანილია თანაბარმკლავებიანი რელიეფური ჯვარი.

ეკლესიის დასავლეთ ნავი გვერდით ნავებზე რამდენადმე განიერია და გადახურულია სხმული კამარით.

ბაზილიკის შუა ნავის საკურთხეველსა და კედლებზე შემორჩენილია მხატვრობა, რომელიც შესრულებულია მე-16 საუკუნეში, გარსევან ჩოლოყაშვილის ასულის ანასტასიას (მონაზვნობაში ანა) შეკვეთით.

საკურთხევლის მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. პირველი რეგისტრი, კონქის კომპოზიცია აღარ არსებობს. მეორე რეგისტრში გამოსახულია საიდუმლო სერობა, მესამეში - წმინდა მსხვერპლის თაყვანისცემა, ბარძიმზე გამოსახულია ქრისტე, რომლისკენაც ორივე მხრიდან მიმართული არიან ეკლესიის მამები. მხატვრობა დასრულებულია ფართო ორნამენტული ზოლით (მარმარილოს ფილების იმიტაცია).

შუა ნავის მხატვრობის უმეტესი ნაწილი დაღუპულია. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილზე თაღების ზემოთ შემორჩენილია ცალკე მდგომ წმინდანთა ფიგურების ნაწილები. ერთ-ერთ წმინდანს მცენარეული ორნამენტებით შემკული, მკვეთრი წითელი სამოსი აცვია და მხარზე ოლარი აქვს. მის ზემოთ ძლიერ დაზიანებული სცენიდან მხოლოდ მთები გაირჩევა.

 დასავლეთ კედლის შუა ნაწილში მიძინების ფრაგმენტია შემონახული, შესასვლელის თავზე კი ქრისტე ფხიზელი თვალი. იქვე, კედლის სამხრეთ მონაკვეთზე გვირგვინოსანი მოხუცის გამოსახულებაა რომელიც კალმით წერს გრძელ, გაშლილ გრაგნილზე (ტექსტი ბერძნულია). ასევე ბერძნულია მისი ვინაობის აღმნიშვნელი წარწერაც „წმინდა დ“ (დავითი).

ქვემოთ, შესასვლელის სამხრეთით, ორი ქტიტორია გამოსახული. მათგან ქალის გამოსახულება უკეთაა შემონახული. მისი თეთრი თავსაბურავის ბოლოები მხრებამდეა დაშვებული. თავსაბურავზე ოქროს სალტე აქვს შემოჭერილი, აცვია ღილებიანი და ქამრიანი ვარდისფერი კაბა, მოსხმული აქვს ღია მწვანე მოსასხამი და ხელში უჭირავს მოწითალო - ყავისფერი კრამიტით გადახურული ეკლესიის (ბაზილიკის) მოდელი რომლის შუა ნავზე ჯვარია აღმართული. კედლის ცენტრალურ მონაკვეთზე, ცის სეგმენტში, გამოსახულია მაცხოვრის ხელები, რომლებიც ქტიტორებს აკურთხებს. ამავე კედელზე შესასვლელის ჩრდილოეთ წირთხლზე შარავანდის ნაწილია შემორჩენილი.

სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ქტიტორთა ორი ფიგურაა შემორჩენილი. ერთი მათგანი ძალზედ დაზიანებულია და არ გაირჩევა. მეორე, მუხლმოყრილი პატარა ბიჭია, რომელიც ოდნავ დაგრძელებული თხელი სხეულითა და ხელების მოძრაობით სპარსული მინიატურის პერსონაჟს მოგვაგონებს. შესასვლელის დასავლეთ წირთხლზე გამოსახულ წმინდანს ვინაობის განმსაზღვრელი ბერძნული წარწერა ახლავს. იკითხება პირველი ასო „მ“ (მარინე).  ტაძრის ინტერიერის ფერწერაში მრავალჯერადად არის გამოყენებული მცენარეული ორნამენტები რომელთა ფერადოვანი გამა სუფთა და ჟღერადია.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შუა და ჩრდილოეთ ნავის სარკმლებს, შირიმის ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი, რელიეფური თავსაფრები აქვთ. კედლები დასრულებული ყოფილა საფეხუროვანი ლავგარდნით (გვიანდელია), რომელიც ჩვეულებრივად და კუთხურად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობისგან შედგებოდა.

ბაზილიკაზე სამხრეთიდან მიშენებულია ეკლესია რომლის ჩრდილოეთ კედელი ბაზილიკის სამხრეტი ნავის სამხრეთ კედელზეა დაშენებული. იგი გეგმით სწორკუთხაა, (6.9მ * 3.6 მ-ზე) ნაგებია ნატეხი ქვით, წყობა ირეგულარულია. ტაძარში შემოჩენილია აგურის კენკელი. კანკელსა და დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მე-16 საუკუნის მხატვრობა. კანკელის ზედა რეგისტრში ვედრების კომპოზიცია და თორმეტი მოციქულია წარმოდგენილი. აღმოსავლეთის კარის ჩრდილოეთით ღვთისმშობლის გამოსახულებაა მის გვერდით წმინდა პეტრესა და კიდევ ორი მოციქულის გამოსახულების ნაშთია. ღვთისმშობელსა და წმინდა პეტრეს ასომთავრული წარწერები ახლავს. აღმოსავლეთის კარის სამხრეთით, მუქ ლურჯ ფონზე, ოთხი მოციქულის წელზედა გამოსახულებაა. საკურთხევლის მხარეს, აღსავლის კარის სამხრეთით ჩანს წმინდანის კონტური. აღსავლის კარის თაღის სოფიტზე გეომეტრიული ორნამენტია. კანკელის მხატვრობის მანერა განსხვავებულია და სხვა ოსტატის ხელზე მოუთითებს. ნახატებისთვის დამახასიათებელია გამოსახულებათა მინიატურული ზომები, სახესა და ტანსაცმელზე სქელ ფენად დატანილი ღია საღებავი. ამავე მინაშენის კამარის სამხრეთ ნაწილში გაირჩევა მაცხოვრის შარავანდი და მაღალი შენობის ნაწილი. დასავლეთ კედელზე, თაღის ქვედა ნაწილში, ჩანს ორი ქტიტორის ფიგურა და მათ შორის მაცხოვრის წელს ზედა გამოსახულება. ჩრდილოეთ მხარეს მდგომი მამაკაცის თანმხლები ასომთავრული წარწერიდან შემორჩენილია ფრაგმენტი „ასდან“. თაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს ორ რეგისტრად განლაგებულია ოთხი წმინდანი. ზედა რეგისტრში მედალიონებში, მოთეთრო ყვითელი და მოწითალო ყავისფერი კონცენტრული წრეების ფონზე გამოსახულია ორი წმინდა დედა ჯვრით ხელში. ორივეს მოგრძო სახე და დახვეწილი ნაკვთები აქვს, სახის დამუშავება რბილია. ყვითელ ტონზე დატანილია ყირმიზი და გამჭვირვალე მწვანე ჩრდილები. ტანსაცმლის დამუშავება გრადაციის ილუზიას ქმნის.

ბაზილიკის და სამხრეთ მინაშენის მხატვრობა თავისი დროის მეტად დახელოვნებული ოსტატის მიერაა შესრულებული. მხატვრობა მჭიდროდ უკავშირდება პალეოლოგოსთა ხელოვნების მხატვრულ ტრადიციას.

გარედან ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით (გვიანდელია), რომლის პროფილს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი შეადგენს.

ბაზილიკაზე ჩრდილოეთიდან მიშენებულია დარბაზული ეკლესია (8.2მ * 5.3მ-ზე) რომელიც ნატეხი ქვითაა ნაგები და მის იატაკს ქვეშ საძვალეა მოწყობილი. ბაზილიკაზე ასევე მიდგმულია სამრეკლო და სხვადასხვა ნაგებობები.

ბაზილიკის დასავლეთით დაახლოებით 4 მეტრში დგას შირიმის გათლილი კვადრებით მოპირკეთებული მე-14 - მე-15 საუკუნეების დარბაზული ეკლესია (7.3 მ * 5.2 მ-ზე) რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდია. აფსიდის ბოლოებთან თითო მარტივი პილასტრია, რომელსაც ნახევარწრიული საბჯენი თაღი ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელი გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშიც არის. ერთი მრგვალი სარკმელი დასავლეთ კედელშიც არის. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრცისგან გამოყოფილია კანკელით. დარბაზის შირიმით ნაწყობი კამარა ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღები მარტივი პროფილიოს კონსოლებს. ერთი თაღი კამარის შუაშია მეორე დასავლეთ კიდეში.

ეკლესია მოხატული ყოფილა მხატვრობა მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს შესრულებული. საკურთხევლის მხატვრობა დაყოფილია სამ რეგისტრად: პირველი და მეორე რეგისტრები ერთმანეთისგან გამოყოფილია ფართო ორნამენტული ზოლით. ზედა პირველ რეგისტრში (კონქში) შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, აქ გამოსახული ყოფილან ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ჩვილი ქრისტეთი და მთავარანგელოზები - მიქელი და გაბრიელი.

მეორე რეგისტრში ზიარების სცენაა, რომელსაც სარკმელი ორ ნაწილად ყოფს. სარკმლის ორივე მხარეს გაირჩევა ქრისტესა და ხუთ-ხუთი მოციქულის გამოსახულება, მესამე რეგისტრში ეკლესის მამების ოთხ-ოთხი ფიგურაა.

კამარის საბჯენ თაღებს გასდევს მსხვილი მცენარეული ორნამენტი, რომელშიც ჩართულია წინასწარმეტყველთა, წელს ზედა გამოსახულებები. თაღებს შორის კამარაში ორი დიდი მედალიონია. აღმოსავლეთის მედალიონში გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს ხოლო მარცხენაში დახურული სახარება უჭირავს. მეორე მედალიონში მხოლოდ წარწერა „წწყლი“ (წინასწარმეტყველი) გაირჩევა. თორმეტ დღესასწაულთა ციკლი ორ რეგისტრად გასდევდა ეკლესიის კედლებს. რეგისტრები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ფართო მცენარეული ზოლით. ზედა რეგისტრში გამოსახულია იყო ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება , ლაზარეს აღდგინება.

მეორე რეგისტრის მხატვრობა შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კედელზე. აქ გამოსახულია ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა და ამაღლება. მხატვარს გამოყენებული აქვს შინდისფერი, ვარდისფერი, ბაცი მწვანე, ოქრა, თეთრი და ლურჯი ფერები.

კანკელზე გამოსახულია ვედრება (ქრისტე, მარიამი, და იოანე ნათლისმცემელი) და თორმეტი მოციქული.

ეკლესიის ფასადებიდან მოპირკეთების ქვები ყველაზე მეტად დასავლეთ ფასადს შემორჩა. ფასადზე შესასვლელის სწორკუთხა ღიობს ბურთულებზე დაყრდნობილი სადა ლილვი ევლება და ბურთულებზე დაყრდნობილი შეწყვილებული ლილვის თაღოვან ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოს თაღის არეში, შესასვლელის თავზე, რელიეფური ჯვარია გამოყვანილი, მოჩარჩოების ზემოთ კი მოზრდილი ბურთულაა. ბურთულის ზემოთ მრგვალ სარკმელს გრეხილი აქვს შემოვლებული. სარკმლის თავზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ფასადის წყობაში ჩასმულია გეომეტრიული ორნამენტით შემკული რამდენიმე ქვა.

ეკლესია დგას შირიმით ნაწყობ ლილვიან ცოკოლზე. ლავგარდნის (შემოჩენილია მცირე ნაწილი) პროფილს შეადგენს თარო შეზნექილი მრუდხაზოვანი ზედაპირი და ლილვი.

ბაზილიკის ჩრდილო აღმოსავლეთით  7 - 8 მეტრზე მეორე დარბაზული ეკლესიის (7.9მ  *5 მ-ზე) ნანგრევებია.

ბაზილიკის სამხრეთ დასავლეთით შემორჩენილია გეგმით თითქმის კვადრატული (3.7 მ -3 მ-ზე) შენობის კედლები სიმაღლე 2.4 მ. შენობას ზედა განათება ჰქონია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კომპლექსი შემოზღუდულია ნატეხი ქვით ნაგები არაწესიერი ფორმის, დაბალი გალავნით რომელსაც შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს.

 1984 – 87 წლებში ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეციალური სამეცნიერო სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანებამ.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის