საჩინის მონასტერი


galerea



aRwera

არქიტექტურული ძეგლი დგას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას სამხრეთ დასავლეთით, მაღალი, ტყიანი მთის წვერზე. ეს გუმბათიანი ტაძარი, ნაგებია სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების კერძოდ რიყის ქვის, აგურის და შირიმის ქვის ნათალი კვადრების გამოყენებით და  თარიღდება მე-14 საუკუნის პირველ ნახევარით. გეგმით კვადრატული გეგმარების მქონე (14.2 მეტრი * 14.2 მეტრზე) ეკლესიას შირიმის ქვის კვადრებით აქვს ნაგები გუმბათქვეშა ბურჯები და საბჯენი თაღები, აფრები გუმბათის ყელი, აფსიდის ზედა ნახევარი და შესასვლელთა წირთხლები. შიგნით სხვა ნაწილები ნაწყობია რიყის ქვითა და ნაწილობრივ  აგურით.

აფსიდის ზედა ნახევრის ნაწილი, სარკმელთა ღიობები, კედლები შეწყვილებულ სარკმელებს შორის და თაღები ტაძრის დასავლეთ ნაწილში აგურის (22 სმ * 21.5 სმ-ზე) წყობით არის გამოყვანილი. შენობა გარედან მთლიანად მოპირკეთებულია შირიმის სწორკუთხა ფილებით. ნაგებობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძლიერ დაზიანებულია კერძოდ: აფსიდის კონქი და ჩრდილოეთ მკლავის კამარა ჩამოშლილია; გარედან ჩამონგრეულია აღმოსავლეთ მკლავის ზედა ნაწილი, აქა-იქ ლავგარდანი და კუთხეები; გუმბათიდან შემორჩენილია ერთი სარკმელი და ორი მომიჯნავე სარკმლის თითო წირთხლი; მთლიანადაა დანგრეულია სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეები.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. ჩრდილოეთის შესასვლელის წინ კარიბჭეა, სამხრეთი და დასავლეთი შესასვლელები შიგნით და გარედან თარაზულადაა გადახურული. ჩრდილოეთ შესასვლელი შიგნით სწორკუთხაა, ხოლო კარიბჭის მხრიდან - შეისრულ თაღოვანია. ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი უაფსიდოა. აღმოსავლეთი მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, აფსიდის ღერძზე მაღალი შეისრულთაღოვანი სარკმელია. ასეთივე ორ - ორი სარკმელი დანარჩენ მკლავებშიცაა. აფსიდის წინ ბემაა, რომლის ორივე კედელზე თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. იგი გამოყოფილი ყოფილა შირიმის კანკელით, რომლისგანაც შემორჩენილია თაღედის ოთხი ქვა, სვეტების ნაწილები და პარაპეტის რამოდენიმე ფილა. საკურთხევლის გვერდებზე გეგმით  კვადრატული სამკვეთლო და სადიაკვნეა, მათ შორის საკურთხეველს მხოლოდ სამკვეთლო უკავშირდება ბრტყლად გადახურული განიერი კარით, რომლის გვერდით მცირე სწორკუთხა ნიშია. მსგავსი კარი სამკვეთლოს დასავლეთ კედელშიცაა, რომელიც ჩრდილოეთ მკლავში გადის. ორივე სივრცე გადახურულია შეისრული კამარით და განათებულია აღმოსავლეთ კედელში მოწყობილი თითო შეისრულთაღიანი სარკმლით. სადიაკვნეში შესასვლელი დასავლეთიდანაა სამხრეთ მკლავიდან. სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელში, იატაკიდან 1.2 მეტრის სიმაღლეზე, სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე არსებულ ოთახებში ასასვლელი კიბის შესასვლელია მოწყობილი. მსგავსი თითო სათავსი ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთ და ჩრდილო - დასავლეთ კუთხის ნაწილების თავზეცაა. ასასვლელის ამგვარი მოწყობიდან გამომდინარე როგორც ჩანს ორივე მათგანში ასასვლელად მისადგმელ კიბეს იყენებდნენ. სამხრეთ დასავლეთ სათავსის შესასვლელი სამხრეთ მკლავიდანაა ჩრდილო დასავლეთ სათავსის კი დასავლეთ მკლავიდან. ეს სათავსები განათებული იყვნენ დასავლეთის თითო ვიწრო და მაღალი სარკმლით.

ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმარული გუმბათი (რომლის წრიული საფუძველი აფრების მეშვეობითაა შექმნილი) ეყრდნობა ოთხ ნახევარწრიულ საბჯენ თაღს, თაღები კი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ, გეგმით ჯვაროვან ორ ბოძს, რომლებიც თითო შეისრული თაღით უკავშირდებიან დასავლეთ კედელს. ეკლესიის ყველა დანარჩენი თაღი და კამარა შეისრულია.

ეკლესიის ჩრდილო შესასვლელის წინ სწორკუთხა (5.5მ * 7 მ-ზე)  ნატეხი ქვით ნაგები კარიბჭეა მას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ხოლო აღმოსავლეთით ერთი სარკმელით არის განათებული. კარიბჭე შეისრული კამარითაა გადახურული რომლიც აგურებით ნაწყობ ოთხ შეისრულ თაღს ეყრდნობა. ეკლესიის შესასვლელის გვერდებზე ორი დიდი, შეისრული თაღით გადახურული ბრტყელი ნიშია რომლებშიც თავის მხრივ თითო პატარა ნიშია სიღრმეში. ამ კარიბჭეში ორი აკლდამაა განთავსებული.

ტაძრის არქიტექტურა სრულად შეესაბამება იმ პერიოდისთვის საქართველოში შემუშავებულ ჯვარ გუმბათიანი  ტაძრების სამშენებლო ნორმებს: ორფერდა სახურავით გადახურული ოთხი მაღალი მკლავი, მათი შეჯვარედინების ადგილას მაღალყელიანი გუმბათი და მკლავებს შორის კუთხეებში უფრო დაბალი, ცალფერდა სახურავით დასრულებული ნაწილები. ფასადები საგულდაგულოდაა მოპირკეთებული, აღმოსავლეთ ფასადზე სამივე სარკმელი ორმაგი ლილვით შედგენილ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული. თითოეული სარკმლის ზემოთ, 0.5 მ- ზე თითო გირჩია. საკურთხევლის სარკმლიდან ფრონტონის წვერომდე აღმართულია ორმაგ ლილვშემოვლებული მაღალი სადა ჯვარი. ჯვრის მკლავების გადაკვეტის ადგილზე პატარა, ლილვშემოვლებული გლუვი გირჩია, განივი მკლავების ბოლოებში - თითო წრე. ჯვრის მარჯვენა მკლავის ქვემოთ წარწერაა - მთავრულით შესულებილი ოთხი სტრიქონი, რომელშიც მოხსენიებულია ზურაბ საგინის ძე. დასავლეთი ფასადი დაყოფით აღმოსავლეთის მსგავსია. აქაც ორმაგი ლილვით შემოფარგლული ანალოგიური ჯვარია რომლის ქვედა მკლავი მარყუჟს ეყრდნობა. ქვედა მკლავის გვერდებზე თაღოვან მოჩარჩოებაში ჩასმულია თითო სარკმელი. ფასადის გვერდის ნაწილებში კი, ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთი და ჩრდილო - დასავლეთი კუთხის ოთახების ზემოთ არსებული სათავსების სარკმლებია მოთავსებული. ორივე მათგანს ორმაგი ლილვის სწორკუთხა ჩარჩო ევლება რომელთა ზემოთ თითო სადა გირჩია. ფასადის ქვედა ნაწილში ფართო სწორკუთხა კარია. იგი მორთულია მაღალი ორმაგი ლილვით შედგენილი დეკორატიული თაღით. თაღის წვეროს ხაზზე, შესასვლელის ორივე მხარეს კედლის სიბრტყიდან გამოშვერილია ორ-ორი კონსოლი როლებსაც კერიბჭის სახურავი ეყრდნობოდა.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე ორივე სარკმელს ოთხი ლილვისგან შედგენილი თაღოვანიო ჩარჩო ევლება. სარკმლებს შორის მოქცეულია სამი ნახევარკოლონისგან შედგენილი ვერტიკალური კონა-თითო სადა ბურთულით ბოლოებთან.

დღეისათვის, როგორც ზემოთ იქნა აღწერილი ძეგლი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ითხოვს გადაუდებელ დახმარებას...

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის