მუხროვნის ქვაბები


galerea



aRwera

მუხროვნის არქიტექტორული კომპლექსი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, თბილისი-თელავის გზის მარცხენა მხარეს. კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, მათ შორის არის: ეკლესია, კარიბჭე და სავარაუდოდ კამაროვანი გადახურვის მქონე სატრაპეზო ან სათავსო. კომპლექსი თარიღდება შუა საუკუნეებით. ნაგებობები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს. კომპლექსისკენ მიმავალ ბილიკზე თავდაპირველად სატრაპეზოში ვხდებით, რომლებიც რიყის ქვით არის ნაშენები, შემდეგ ეკლესიის კარიბჭეში და ბოლოს ეკლესიაში. კარიბჭე და ეკლესია ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესია სხვა მხრიდან მიუვალია. სავარაუდოა, რომ ეკლესია და კარიბჭე არის თანადროული, ხოლო კამაროვანი ნაგებობა შედარებით გვიანდელია. ეკლესია დარბაზულია, გამოკვეთილია კლდის ფერდის ჩრდილოეთ ბოლოში, ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. გეგმით ეკლესია ტრაპეციის ფორმისაა, რომელიც აღმოსავლეთით უფრო ვიწროვდება და ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება, აფსიდის დიდი ნაწილი სამწუხაროდ განგრეულია, აგრეთვე ჩამონგრეულია სამხრეთის კედლის დიდი ნაწილიც. ეკლესიის ინტერიერი შელესილია და მოხატულიც ყოფილა, თუმცა როგორც წესი მოხატული ეკლესიების ზედაპირი სწორად არის ხოლმე გამოყვანილი, აქ კი არასწორია. მოხატულობა ორ რეგისტრად არის დაყოფილი ზედა რეგისტრში გამოსახულია ვედრების სცენა: მაცხოვარი დაბრძანებულია მოწითალო ტახტზე - ოვალური საზურგითა და ორფერი მუთაქით. ქრისტე მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში წიგნი უჭირავს, რომელზეც გამოსახულია მათეს სახარების პერიფრაზი: „მიიღ(ე)თ და ჴორცი ჩ(ე)მი ახლისა (ა)ღთქმისა თქ(უე)ნ(და)“. დღეისათვის მოხატულობა ძალიან დაზიანებულია. საბედნიეროდ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდში ინახება 1928 წელს შესრულებული ნ. ტოლმაჩევსკაიას ჩანახატების ასლები, რომელიც საშუალებას გვაძლევს პირვანდელი სახით აღვადგინოთ ეკლესიის მოხატულობა. საკურთხევლის ქვედა რეგისტრები მედალიონებში ჩახატულ წმინდა მამებს ჰქონიათ დათმობილი, რომელიც სამწუხაროდ აღარ არსებობს. არსებული მდგომარეობით ეკლესიის დანარჩენ კედლებზე მხატვრობა მხოლოდ ფრაგმენტული სახით არის შემორჩენილი და სავარაუდოდ სახარებისეული სცენებია გამოსახული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეკლესიის შესასვლელიც გარეთა მხრიდან მოხატული ყოფილა. აღნიშნული მხატვრობა სტილისტური ნიშნებით, XIV საუკუნეზე ძველი არ უნდა იყოს.

            რაც შეეხება, კამაროვან ნაგებობას, ძნელი წარმოსადგენია, მისი ზუსტი ფუნქცია, ნაგებია ადგილობრივი ნატეხი ქვით, იგივე ქვა არის გამოყენებული სახურავშიც. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.

            საერთო ჯამში აღნიშნული ძეგლი საკმაოდ საინტერესოა, მისი მდებარეობიდან, მშენებლობის პერიოდიდან და მხატვრობის სტილიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ ახლანდელმა გზამ მთის გაჭრის შედეგად გაიარა, ამ მონასტერს საკმაოდ შეფარული და გარკვეულწილად სტრატეგიული ფუნქციაც ექნებოდა, რადგან სწორედ ამ ფერდობზე გადიოდა ძველი საურმე გზა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ქვაბები წარმოადგენს გარეჯის ერთერთ მონასტერთაგანს. კარგ ამინდში, მუხროვნის ქვაბების გორაკიდან თავისუფლად ჩანს მრავალწყაროს მონასტრის გორა.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის