კონდამიანის ეკლესია
galerea
aRwera
წმინდანების კოზმასა და დამიანეს მონასტრის ეკლესია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის სამხრეთ დასავლეთით, ექვს კილომეტრში, მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირზე. ტაძარი მაღალი ქედის შუა სიმაღლეზეა განთავსებული, მცირე მოვაკებულ მოედანზე, რომელიც სამხრეთის მხარეს გამაგრებულია საყრდენი კედლით.
ეკლესიის სამხრეთ დასავლეთით იკითხება სხვადასხვა სახის ნაგებობების ნაშთები, ხოლო სამხრეთით კი საკმაოდ დიდი ზომის წყალსაცავია შიგნიდან შელესილი კედლებით. ასევე ეკლესიის ეზოს ირგვლივ იკითხება რიყის ქვით ნაგები დაბალი გალავანის ნაშთები.
კონდამიანის ეკლესია ადრეული ტიპის სამეკლესიანი ბაზილიკას წარმოადგენს და იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ძეგლის სამი განცალკევებული სივრცე ყრუ კედლებით არის გამოყოფილი ერთმანეთისგან და დაკავშირებულია გამყოფ კედლებში გაჭრილი თაღოვანი კერებით. შენობა აგებულია შერჩეული რიყის ქვის სწორი რიგებით. კარ-სარკმლების ღიობები, იმპოსტები და ზოგიერთი თაღი გამოყვანილია სუფთად თლილი, მოყვითალო შირიმით.
შუა მთავარი ეკლესია, გვერდით ეკლესიებთან შედარებით, რამდენადმე უფრო მაღალი და ვრცელია. აფსიდის კუთხეები გამოყვანილია შირიმით, აფსიდის თაღს, რომლისგანაც მხოლოდ სამხრეთის გვერდის ნაწილიღაა შემორჩენილი, ნახევარწრიული მოხაზულობა ჰქონია და რიყის ქვით ყოფილა გემოყვანილი. იგი დაყრდნობილია შირიმის სწორხაზოვანი პროფილის მქონე იმპოსტზე. მთავარი ეკლესია ექვსი სარკმლით ნათდებოდა. მათგან ერთი აფსიდის ცენტრშია, ერთი დასავლეთით, ხოლო ორ ორი გრძივ კედლებში. შიგნიდან ყველა სარკმელი თარაზულია გარდა დასავლეთის სარკმლისა და რიყის ბრტყელი ქვებითაა გადახურული. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში გაჭრილ სარკმლებსაც თარაზული გადახურვა ჰქონია, რაზეც შემორჩენილი კვალი მეტყველებს.
აღმოსავლეთის და დასავლეთის სარკმლები კი ნახევრადწრიული თაღითაა დასრულებული. მათ შორის აღმოსავლეთის სარკმელის თაღი შირიმის მთლიან ქვაშია გამოკვეთილი. დასავლეთის სარკმელის თაღი კი თხელი რიყის ქვებითაა ნაწყობი. მთავარი ეკლესიიდან გვერდით ეკლესიებში გამავალი კარები მაღალია, ჩრდილოეთ კარის ლუნეტი მოგვიანებით ამოუშენებიათ, სამხრეთ კარისა კი ჩამოშლილია. სადგომი გადახურული ყოფილა რიყის ქვისა და დუღაბის კამარით, საბჯენი კამარის გარეშე. კამარა ჩამოსხმული იყო ქარგილზე, რაც დასტურდება კამარის შემორჩენილი ნაშთებითა და ქარგილის საყრდენი ბუდეების არსებობით კედელზე. ტაძრის ინტერიერში ასევე შემორჩენილია კვადრატული აგურით ნაგები კანკელის კვალი, რომელიც სავარაუდოთ გვიანდელია. სამკვეთლოსათვის გამოყოფილი მართკუთხა სივრცე რომელსაც ორი კარი აქვს, ერთი კარით საკურთხეველს უკავშირდება ხოლო მეორე შენობის ჩრდილოეთ ნავს. ტაძრის ინტერიერი შელესილი უნდა ყოფილიყო შიგნიდან და სავარაუდოა რომ მოხატულიც იყო, რაზეც მეტყველებს ტაძარში არსებული მხატვრობის მცირე ფრაგმენტები.
გარედან ტაძრის კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდანით რომლის კვალიც ეხლაც შესამჩნევია ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე. ლავგარდანის თარო კედლის წყობიდან გამოშვერილი ერთმანეთისგან დაახლოებით 10 სანტიმეტრით დაცილებული ნალისებრი თაღებისგანაა შექმნილი და კირის დუღაბითაა ფორმირებული. ტაძარი გადახურული ყოფილა კრამიტით.
ძეგლის მახლობლად გამოქვაბულებისგან შემდგერი საკმაოდ დიდი კომპლექსია განლაგებული.
ტაძარი საკმაოდ დაზიანებულია, ჩამონგრეული სახურავი, კამარები და კედლების გარკვეული ნაწილი. იგი მისი მაღალი ისტორიული თუ მხატვრული ღირებულებებიდან გამომდინარე გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.
ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუასი და ლელა მარგიანის