ფსიტის ციხე


galerea



aRwera

ფსიტის (ფსიტიანის, საფსიტეს, ფეიტონის) ციხე მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეთრი წყლების აღმოსავლეთით, მდინარე ფსიტინისხევის მარჯვენა ნაპირზე მთის წვერზე, სოფლიდან პირდაპირი ხაზით სამ კილომეტრზე.

უდავოა რომ, ციხე დიდი დროის განმავლობაში ინარჩუნებდა თავის ფუნქციას, რაზეც მეტყველებს სამშენებლო ფენების მრავალფეროვნება და კედლების აგებისას გამოყენებული განსხვავებული წყობა, რაც გამოცდილი თვალისთვის იოლად შესამჩნევია.  უფრო ძველი ფენები V-VI საუკუნეებისაა, მაგრამ ასევე გვხვდება განვითარებული და გვიანდელი შუასაუკუნეების წყობაც.

სავარაუდოა, რომ სწორედ ეს ციხე იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის 1579 წლის სიგელში რომელშიც ის საფსტეს ციხის სახელით არის მოხსენიებული.

ციხე ნაგებია საშუალო და დიდი ზომის რიყის ქვით კირის ხსნარზე, ასევე გამოყენებულია ნატეხი ლოდებიც. მას აქვს წაგრძელებული ფორმა და მიმართულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ძეგლი წარმოადგენს გოდოლებისა და კოშკების სისტემას, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან სქელი კედლებით და დამხმარე ნაგებობებით. დასავლეთის მხარეს ციხე მასიური გოდოლებითაც ყოფილა გამაგრებული. ციხის სამხრეთ ნაწილში 10 მეტრის სიმაღლის მრგვალი გოდოლის ნაშთია შენარჩუნებული, ხოლო მის გასწვრივ ჩრდილოეთით ასევე დიდი გოდოლის ნაშთია და ეს ორი ნაგებობა ერთმანეთთან სქელი კედლითაა დაკავშირებული.

ციხე ამ მომენტისთვის ნანგრევების სახით არის შემორჩენილი, მთლიანად დანგრეულია ციხის შიდა ნაგებობები. ჩრილოეთ მხარეს შემორჩენილია დიდი გოდოლის პირველი სართული, რომელიც წარმოადგენს გუმბათოვანი გადახურვის მქონე მცირე ოთახს. აღმოსავლეთ ნაპირზე კი შემორჩენილია სწორკუთხა სათავსო, რომელიც მთლიანად მიწითაა დაფარული. ციხის დანარჩენი ფრაგმენტების გარჩევა გაძნელებულია.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის