სიხუაანთ საყდარი


galerea



aRwera

„სიხუაანთ საყდარი” მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი გომარეთში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად გათლილი ადგილობრივი ბაზალტის მსგავსი ქვის სწორად გათლილი კვადრებით. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს, რომლის თავზეც დევს დიდი არქიტრავის ქვა, რომლის შუაში ჯვარია გამოსახული. ჯვრის მარჯვნივ და მარცხნივ ხუცური წარწერაა. ტაძრის დანარჩენი კედლები შედარებით სადა და არ გამოირჩევა მხატვრული ღირებულებით, მხოლოდ აღმოსავლეთის ცენტრალური სარკმლის ზედა ნაწილს აქვს ნახევარწრიული არშია, რომლის ზემოდან ჯვარია გამოსახული. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერის საკმაოდ საინტერესოა მისი მხატვრული გაფორმება, სავარაუდოა, რომ თავდაპირველად არ ყოფილა მოსახატად განკუთვნილი ამიტომ მხატვრულად არის გაფორმებული სვეტების კაპიტელები. ამჟამად ეკლესიის სახურავი, კამარები და კედლების ზედა ნაწილები ჩამონგრეულია და ითხოვს დახმარებას...

ექვთიმე თაყაიშვილი ამ ეკლესიას შემდეგნაირად აღწერს: „გადახურვა, რომელიც ორ თაღს ეყრდნობოდა, ჩანგრეულია. კედლების ზედა ნაწილი დანგრეულია. მოპირკეთეთებულია უხეშად გათლილი ქვებით... სამხრეთის შესასვლელის თავზე დიდი ქვა დევს, რომელიც ვერტიკალური ზოლებით სამ ნაწილად არის გაყოფილი. შუა ნაწილში ამოკვეთილია ჯვარი ბაზისზე. მის ზემოთ ხუცური წარწერაა: „წმიდა მამა“. ქვემოთ ჯვრის გვერდებზე წარწერაა: „ქრისტე ადიდე სული დიდისა ლიპარიტ ერისთავთ ერისთავისა”. ქვემოთ, ჯვრის ორივე მხარეს წერია: “ქრისტე მეუფეო დიდებისაო ადიდენ ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი და შვილნი მისნი”. ჯვრის მარჯვნივ: „სახელითა ღმრთისა დაიდგა ბალავარი ესე ადიდენ ღმერთმან ერისთავთ ერისთავის ლიპარიტის უფლებასა ქორონიკონი იყო სნდ”. ქორონიკონი შეესაბამება 1034 წელს. ექვთიმე თაყაიშვილი თვლის, რომ ორ ბოლო წარწერაში ნახსენები ლიპარიტი არის ლიპარიტ III, რომელიც ცხოვრობდა ბაგრატ IV დროს და გარდაიცვალა 1062 წელს, ძე ლიპარიტ II-ისა, რომელიც გიორგი I-ის თანამედროვე იყო.