კუხის ეკლესია
galerea
aRwera
ღვთისმშობლის („კუხის“) მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი გომარეთის ცენტრში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აგებულია 1014-1022წწ. ექვთიმე თაყაიშვილი ღვთისმშობლის ეკლესიას შემდეგნაირად აღწერს: „ის მოპირკეთებულია კარგად გათლილი ქვებით. ეკლესიის შიდა სივრცე შელესილია და ალბათ მოხატული იყო, მაგრამ ახლა წაშლილია. იატაკი ქვის იყო. კარი ერთია, სამხრეთიდან. სამხრეთ კედლის ერთ ქვაზე გამოსახულია მზის საათი. სამხრეთ კარის თავზე დიდი წაგრძელებული ქვა დევს, მოწითალო ფერის, რომელიც განსხვავდება სხვა ქვებისგან. ის დაფარულია შესანიშნავი მინიატურული გამოსახულებებით, ჩუქურთმით და ხუცური წარწერებით. სამი მხრიდან ქვა შემოსაზღვრულია შესანიშნავი წნული ჩუქურთმით, ქვედა არშია კი შედგება წრეებისაგან, რომლებშიც გამოსახულია ლომი, ჯიხვი, გველთან მებრძოლი არწივი, ადამიანის თავი და მხედარი. ქვის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გამოსახულია გველი, ადამიანის ტანით და ხელებით. ქვის შუა ნაწილში ლამაზი ჯვარია და სამსტრიქონიანი ხუცური წარწერა: „ქრისტე ადიდე ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი და შვილნი მისნი ამინ“. მის ქვემოთ, უფრო წვრილი ასოებით: „სტეფანოსს და მამას და ყოველსა ერსა მათსა წმიდაო ეკლესიაო სიგრილე ყავ დიდსა მას დღესა“. ჯვრის მარჯვნივ რვასტრიქონიანი წარწერაა:
„სახელითა ღმთისაითა მას ჟამსა ოდეს ძრიელმან და უძლეველმან გიორგი აფხაზთა მეფემან შეიპყრნა ზვიად მარუშიანი მაშინ ესე ბალავარი დვა ხელითა ცოდვილისა მიქელ ხუც(ეს) გალატოზისაითა“. კარიდან მარჯვნივ კედელში იგივე ფერის და ჯიშის ქვაა, როგორიც კარის თავზეა. მასზე ცხრასტრიქონიანი ხუცური წარწერაა მოცემული: „ქ. სახელითა ღმრთისაითა მე კუხმან შევწირე წმიდას ამას ეკლესიას წისქვილნი ჟამის საწირავად მიჩინეს დღე ხარებაი ამის ეკლესიისა მღუდელნი წირონ დღე ეგე“. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ეკლესიის წარწერაში მოხსენიებული გიორგი აფხაზთა მეფე გიორგი I უნდა ყოფილიყო, რადგან იგივე წარწერაში მოხსენიებული ზვიად მარუშიანი უნდა ყოფილიყო ერისთავი ზვიადი, ქართველთა ჯარის მთავარსარდალი გიორგი I-ის ომში ბიზანტიის იმპერატორ ბასილის წინააღმდეგ 1022 წელს.
ამიტომ, მისი აზრით, წარწერაში მოხსენიებული ლიპარიტი არის ერისთავთ-ერისთავი
ლიპარიტ II (გარდ. 1022). ხოლო ეკლესიის მშენებლობა თარიღდება 1014-1022 წწ. სხვა პირები, მოხსენიებულნი წარწერებში (სტეფანოსი, მამა და კუხი) ექვთიმე თაყაიშვილისთვის უცნობია. ზვიად ერისთავი გომარეთის ეკლესიის წარწერის გარდა იხსენიება კუმურდოს, ზარზმის ხატის და ლივადის ეკლესიების წარწერებში, აგრეთვე „მატიანე ქართლისა“-ში (ბაგრატ III და გიორგი I დროს) და სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში, გიორგი I დროს. კუმურდოს წარწერაში (964 წ.) მოხსენიებული ზვიაი/ზვიად ერისთავი, ა. ბაქრაძის აზრით, ლეონ აფხაზთა მეფის მოხელეა. გომარეთის და ლივადის წარწერებში მოხსენიებული ზვიადი, როგორც ჩანს, თრიალეთის ერისთავია და გვარად მარუშიანი (გომარეთის წარწერა). როგორც ა. ბაქრაძემ დაადგინა, ზვიად მარუშიანს ბაგრატ III თრიალეთის ერისთავად ნიშნავს 988 წელს, აქედან ბაღვაშთა განდევნის შემდეგ. გომარეთის წარწერის მიხედვით, გიორგი I კონფლიქტი მოსვლია ზვიად მარუშიანთან და შეუპყრია ის. ალბათ ამის შემდეგ დაბრუნდნენ ბაღვაშები კლდეკარის ერისთავებად.
ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ჩამონგრეულია კამარები და სახურავი, ითხოვს გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაობს.