მუგუთის ქვაბები
galerea
aRwera
მუგუთის ქვაბები მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფ. დაღეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-ოდე კმ-ზე, მდ. ხრამის ხეობაში.
ხეობის კანიონში შესართავთან ახლოს, ერთმანეთის პირისპირ გამოკვეთილია გამოქვაბულთა 2 ჯგუფი. მარცხენა კალთაში გამოკვეთილი ჯგუფი 3 იარუსად განლაგებული 26 გამოქვაბულისა და რამდენიმე ნაშთისგან შედგება, მარჯვენა ჯგუფი კი 19 გამოქვაბულისგან, რომლის ირიბი 2 იარუსი ერთმანეთს ერწყმის.
მარჯვენა კომპლექსის II იარუსზე ერთ-ერთ გამოქვაბულში დარბაზული ეკლესიაა მოწყობილი. ეკლესიის სამხრეთით კიდევ ორი სათავსია, იქვე საძვალეცაა მოწყობილი. ეკლესიისა და საძვალის არსებობა ადასტურებს, რომ ფეოდალურ ხანაში ამ კომპლექსში უდაბნო-მონასტერი ფუნქციონირებდა.
გარკვეულია, რომ ამ კომპლექსშიც გამოქვაბულთა დიდი ნაწილი გვიანბრინჯაოს ხანაში უკვე არსებობდა. რამდენიმე სათავსის იატაკის ჩაღრმავებებში, მომდევნო ეპოქის მოტკეპნილობების ქვეშ და ზოგიერთ დაზიანებულ გამოქვაბულში, რომლებშიც ცხოვრება აღარ განახლებულა, მიკვლეულია ამ პერიოდისთვის ტიპიური კერამიკის ფრაგმენტები.
არქეოლოგიური მასალის მიხედვით დადგენილია, რომ ძეგლს ფეოდალურ ხანაში განუცდია პირველად აღდგენა-რეკონსტრუქცია. თითქმის ყველა გამოქვაბულის იატაკის ზედა მიწის ფენა უხვად მოიცავდა შუაფეოდალური ხანის ნივთიერ მასალას: თიხის, მინის, ხის, ლითონის, ძვლის, ტყავის ნაწარმს, ქსოვილების და ხალიჩა-ფარდაგების ფრაგმენტებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქვე აღმოჩენილი პერგამენტზე და ქაღალდზე ნუსხურით შესრულებული ოთხთავის ფრაგმენტები, რამაც დაადასტურა ვარაუდი კომპლექსში მონასტრის ფუნქციონირების შესახებ. ხელნაწერები XI-XIV საუკუნეებით თარიღდება.
აქ აღმოჩენილ მასალაში თვალში საცემია ქალთათვის განკუთვნილი ნივთების სიჭარბე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საძვალეში შემორჩენილი ჩონჩხების ნაშთები ქალების უნდა იყოს, ხოლო თიხის ორ ჯამზე ერთი და იგივე კალიგრაფიით, ხუცურად ამოკაწრულია მონოგრამა „თმ“ - ალბათ „თამარ“. ყოველივე ამის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ უკვე აღნიშნულ ეპოქაში მუგუთის ქვაბებში დედათა მონასტერი მოქმედებდა.
მონასტერში ცხოვრება უეცრად შეწყვეტილა დაახლოებით XIII-XIV ს.ს.-ში, რაზედაც დარბევის დროს იატაკების დონეზე უწესრიგოდ მიმოფანტული აღნიშნული ნივთები და იმავე ფენაში მიკვლეული მეფე რუსუდანის მონეტა მოწმობს.
მონასტერში სამონაზვნო ცხოვრება, როგორც ჩანს, მხოლოდ XVII-XVIII ს.ს. აღდგენილა და ისიც მეტად შეკვეცილი სახით, რადგან ძველი ცხოვრების კვალი არც ამ პერიოდში წაშლილა. მიუხედავად ხანგრძლივი შუალედისა, აქ ტრადიცია აღუდგენიათ და კვლავ ქალთა სამონაზნო მოღვაწეობის კვალი დასტურდება. უკანასკნელი პერიოდის ფენაში მიკვლეულია ქაღალდზე მხედრული ნაწერი, სრულად შემონახული ბარათი, რომელიც XVII ს. ბოლო ან XVIII ს. დასაწყისით თარიღდება. წერილიდან ირკვევა, რომ ის მონაზონი ქალის პასუხია ახლობელი მანდილოსნისადმი. მონაზონი რომ დიდგვაროვანია, ამაზე მეტყველებს წერილში ნახსენები გამზრდელი, წერის სტილი და კალიგრაფია. წერილის დასაწყისში გამოთქმულია ირინესა და მარინეს „თანაზიარობის“ სურვილი, რაც შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ მუგუთის ქალთა მონასტერი ამ წმინდანთა სახელობის იყო.
უკანასკნელ პერიოდში მონასტერში მიმდინარე რელიგიურ და მწიგნობრულ მოღვაწეობაზე მიგვანიშნებს სხვა მასალაც: ვახტანგ VI სტამბაში დაბეჭდილი სახარების ფრაგმენტები და ხის ფირფიტა მხედრული წარწერით: „სწავლა კეთილად მონასა შენსა გიორგის“. ეს უკანასკნელი წარწერა, როგორც ჩანს, მონასტერში დროებით სასწავლებლად მყოფ ყმაწვილს უნდა ეკუთვნოდეს.
მუგუთის ქვაბთა მონასტერში ცხოვრება საბოლოო ეტაპზეც ტრაგიკულად შეწყვეტილა - ამ ფენის ნივთებიც უეცრად მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, შეინიშნება ხანძრის კვალი, ეკლესიის გვერდითა ქვაბში კი ადგილზე ჩაკეცილი, დაუმარხავი ქალის ნეშტიც აღმოჩნდა. ეს გარემოება არამარტო მონასტრის, არამდე მთელი ამ მხარის დაცარიელებაზე მეტყველებს. აქ აღსანიშნავია პაპუნა ორბელიანის ცნობა 1750წ. ამ მხარეში ლეკების განუწყვეტელი თარეშის და მუგუთის ქვაბების ალყის შესახებ, რომლის შემდეგაც მეფე ერეკლე იძულებული გამხდარა მთელი ხრამის ხეობის ქართული მოსახლეობა აეყარა და ქალაქში ჩამოეყვანა.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის