კაცხის სვეტი


galerea



aRwera

კირქვიანი ქანების შედეგად გაჩენილი 40 მეტრიანი მასიური შთენილი, ჭიათურიდან 10-ოდე კილომეტრზე, სოფ. კაცხში, კაცხურას ხეობის ტყიან ფერდობზეა აღმართული.

გეოგრაფიულად ტერმინი - კაცხი - სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს.

სვეტი ძირთან გამოფიტულია და უფრო ვიწროა, ვიდრე მისი ზედა ნაწილი, რაც ქმნის უარყოფით დაქანებას და ამდენად, ხელმიუწვდომელს ხდის მას.

XVIII ს-ის ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი, ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „მის კლდის თხემზე არს ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა“.

1944 წლის 29-30 ივლისს კაცხის სვეტზე ავიდა არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს ექსპედიცია, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მთამსვლელი ალ. ჯაფარიძე, მწერლები გოთუა და ბელიაშვილი, არქიტექტორი ცინცაძე. ამ ასვლის შემდეგ შესაძლებელი გახდა ძეგლის გამოკვლევა.

ცინცაძის აღწერილობის თანახმად, სვეტის თავი სწორკუთხედს წარმოადგენს და გარშემო გალავანი აქვს შემოვლებული, რომელიც თხემზე მოპოვებული ქვით არის ნაგები. თხემის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში, რამდენიმე მეტრის სიმაღლის კლდეა აღმართული. ამ კლდეში ეკლესიის აფსიდია გამოკვეთილი, რომლის სხვა კედლები, აქვე მომტვრეული ქვითაა ნაგები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში მეორე დარბაზული ეკლესიაა დაცული. მშენებლობის ხასიათით, მისი შესრულების მაღალი ხარისხით, ეს ნაგებობა VIს-ს ეკუთვნის, ხოლო პირველი რამდენადმე ადრინდელია - დაახლოებით V ს-ისა. ამავე პერიოდს მიეკუთვნება სვეტის ძირში ამოკვეთილი ტოლმკლავებიანი, ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელსაც პარალელები ბოლნისისა და სირიულ ძეგლებში მოეპოვება.

2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები.

აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი აღნიშნავდა, რომ „კაცხის სვეტი, მარტო ისტორიული ძეგლი კი არა, ბუნების ძეგლიცაა, მთელი კომპლექსია და მთლიანად უნდა იქნას დაცული, ათი კვადრატული კილომეტრი მაინც, ხელუხლებელ ნაკრძალად უნდა გამოცხადდესო.“

ამ მართლაც „ხელშეუხებელ ნაკრძალს“ ამშვენებს სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული სხვა ღირსშესანიშნაობანი, როგორიცაა X-XI სს. მიჯნაზე აგებული კაცხის ტაძარი.

სოფლის ჩრდილო განაპირა მხარეს „არს ციხე კაცხისა, მთის ძირად, კლდესა ზედა მაგარი“ - რომელიც ალექსანდრე მეფის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა.

აქაა ერეკლე II-ის სახელგანთქმული მსაჯულის, სოლომონ ლეონიძის სასახლე. სვეტის ძირში შემორჩენილია ადრე შუა საუკუნეების მიწურულში აგებული ეკლესიის კედლები.

საინტერესოა სვეტის გარშემო კლდეებში არსებული სამალავები და მღვიმე გამოქვაბულები. ერთ-ერთში შემორჩენილია ძველი სამლოცველოს ხელოვნური კედლის ნანგრევები.

 

ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა

ფოტოები - ლელა მარგიანის