კუნტუსის ეკლესია


galerea



aRwera

               კუნტუსის ეკლესია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფსიტისხევის მიმდებარედ, თბილისი-თელავის საავტომობილო გზიდან 3 კმ-ში. იგი 1934-1936 წლებში შეისწავლეს ნიკო ბერძენიშვილმა და გიორგი ჩუბინაშვილმა და ამ საკმაოდ უცნაური სახელით, სწორედ გიორგი ჩუბინაშვილი იხსენიებს. ისტორიული ცნობები „კუნტუსის ეკლესიის“ შესახებ ძალიან მწირია, სამწუხაროდ აღნიშნული ადგილი არც ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზეა მონიშნული. ამჟამად ტაძარი ტყეშია ჩაკარგული, თურდოს და ფსიტის ხევების მოვარდნების შედეგად სამანქანო გზა წაღებულია.

          კუნტუსის ეკლესია, როგორც სამკვეთლოს ბალავარზე არსებული წარწერით ირკვევა იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა, თავდაპირველი ნაგებობა X-XIII საუკუნებით თარიღდება, თუმცა შეკეთებულია და აღდგენილია რამდენიმეჯერ.  ნაგებია რიყის ქვით და აგურით, აგრეთვე აქტიურად გამოყენებულია შირიმის ქვაც. არქიტექტურულად ჯვარ-გუმბათოვანია (ზომებია 21*18). აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავები საკმაოდ გრძელია ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავებთან შედარებით, აქედან აფსიდიანი მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ დამოუკიდებელი სადიაკვნო და სამკვეთლოა. ტაძარს სამი შესასვლელი  აქვს დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. დღესდღეობით ყველაზე უკეთ და თავდაპირველი სახით არის შემონახული სამკვეთლო. მის ინტერიერში აღიქმება იმ პერიოდის კახური არქიტექტურის  განვითარების მაღალი დონე. სამკვეთლოს სახურავის თავზე ნატიფად გამოყვანილი მოზრდილი ქვის ჯვარია ჩაშენებული. სამკვეთლოს აფსიდი ნახევარ პილასტრებით არის გამოყოფილი, პილასტრების თავზე კი დეკორატიული კაპიტელებია. სამკვეთლო შიგნიდან შელესილია, სავარაუდოა, რომ იგი მოხატული ყოფილიყო, თუმცა ამჟამად მხატვრობის კვალი აღარ შეიმჩნევა. სახურავი დაზიანებულია და ბუნებრივი ნალექი შუექცევადად აზიანებს ტაძარს. სამკვეთლო საკურთხეველს თაღოვანი კარით უკავშირდება. საკურთხეველი სამკვეთლოზე სამი საფეხურით მაღლაა. ტაძარს საკმაოდ განიერი გუმბათი უნდა ჰქონოდა, რომელიც მკლავების კუთხეებში არსებულ სვეტებს ეყრდნობოდა. აღმოსავლეთით საკურთხევლში მდებარე სვეტები მთლიანად აგურისაა, ხოლო დასავლეთის უნიკალური, კარგად გამოთლილი მომრგვალებული შირიმის ქვით, რომლის თავებზე კაპიტელები უნდა ყოფილიყო.

           ტაძრის ფასადები სადაა, მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადის ცენტრალურ სარკმელთან შეიმჩნევა დეკორატიული არშია. საკურთხევლის აფსიდი გარედან მის ორივე მხარეს არსებული ხელოვნური ჭრილებით არის გამოკვეთილი.

             ისტორიულ წყაროებში ცნობილია, რომ ნათლისმცემლის ეკლესიასთან ახლოს მდებარე ფსიტის ციხე, თემურ-ლენგმა მოაოხრა 1399 წელს, მისი მეოთხე შემოსევის დროს. სავარაუდოა, რომ მისი ვერაგი კლანჭი კუნტუსის ეკლესიასაც მისწვდებოდა და პირველად სწორედ მაგ დროს დაზიანდა. მოგვიანებით, 1587 წელს, ეკლესია აღუდგენია კახეთის მეფე ალექსანდრე მეორეს, რაზედაც სამკვეთლოს ბალავრის ქვაზე არსებული წარწერა იუწყება. ამჟამად ადგილზე შემორჩენილია მხოლოდ ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი, ხოლო ნაწილი ინახება თელავის მუზეუმში. თეიმურაზ ბარნაველს აღნიშნული წარწერა შემდეგნაირად აქვს წაკითხული: „ჰოი ყოველთა ნაშობთა... უმეტეს წინასწარმქადაგებელო სიტყვისა ღმრთისაო, წინამორბედო ქრისტესა იოანე. ჩვენ მსასოებელმან ცვაფარ... ვითარ შენთა მა... ალექსანდრე ხელვყავ მეორედ შენებად და მკობად ტაძრისა შენისა სალოცველად და სულისა ჩვენისა სახსრად ამინ, ქორონიკონსა სოე“ (ე.ი. 1587 წელს). ეს ის წელია როდესაც რუსეთსა და კახეთს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება დაიდო და კახეთმა რუსეთისგან ე.წ. „წყალობის სიგელი“ მიიღო, სწორედ ამ მომენტით ისარგებლა კახეთის მეფე ალექსანდრემ და დაიწყო კახეთში აღმშენებლობითი საქმიანობა. სავარაუდოდ ამავე წელს აღადგინა შუამთა, ფსიტის ციხე და რათქმა უნდა ნათლისმცემლის ეკლესიაც. თუმცა კახეთს რუსეთისგან მოცემული იმედები მალევე გაუქარწყლდა და მე-17 საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასის მსხვერპლი გახდა. მისი ლაშქრობების დროს მეორედ იქნა დარბეული და შეურაცხყოფილი კუნტუსის ეკლესიაც. სავარაუდოა რომ მისი ლაშქრობების დროს განადგურდა მიმდებარე სოფლების ქართული მოსახლეობაც. არსებობს გადმოცემა, რომ თურდოს ხევის სათავე შენაკადის ქაჯისხევის ზემოთ მდებარეობდა საკმაოდ დიდი დასახლება, მას „ნაქალაქარ ალაგად“ მოიხსენიებენ ადგილობრივები.

            ტაძრის შეკეთება მოგვიანებით კიდევ უცდიათ, რის გამოც ერთ დონეზეა კედლები დაყვანილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით ბოლომდე ვერ მოხერხდა მისი აღდგენა.

         ამჟამინდელი მდგომარეობა ძალზედ სავალალოა, ტაძრის გარშემო, მის ინტერიერშიც უამრავი ხე-მცენარეებია ამოსული, რომლებიც ბუნებრივ ნალექებთან ერთად აზიანებს უნიკალურ ტაძარს. კუნტუსის ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია პირველ რიგში მოითხოვს გადაუდებელ გაწმენდას მცენარეებისგან რათა დარეგულირდეს ტენიანობა ტაძრის კედლებზე და თუკი ვერ მოხდება რესტავრაცია, დამონტაჟდეს დროებითი გადახურვის კონსტრუქცია.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის