ბზიანა


galerea



aRwera

ბზიანის კომპლექსი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ტყეში. კომპლექსში შედის სამი ეკლესია და გალავნის ნაშთები. ამათგან ყველაზე ძველია დასავლეთით მდგარი ეკლესია, რომელიც VIII-საუკუნით თარიღდება. იგი დარბაზული ტიპისაა,  ნაგებია ქვიშაქვით. სხვადასხვა ადგილას კონქში, კამარის ნაწილებში, თაღებში გამოყენებულია შირიმის ქვაც. ეკლესიას ორი კარი აქვს: ჩრდილოეთიდან და დასავლეთის მხრიდან. ამჟამად დასავლეთის კარი ამოქოლილია. ორივე კარი თაღოვანია. ტაძარს ორი სარკმელი აქვს ერთი ნახევარწრიულ აფსიდში და მეორე სამხრეთის კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა საბჯენი თაღები. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მთელ სიგრძეზე მიშენებულია დაბალი სათავსი. იგი განივი კედლით ორ ნაწილად არის გაყოფილი, აღმოსავლეთი ნაწილი უკავშირდება ტაძრის ცენტრალურ დარბაზს და იგი სამკვეთლოს წარმოადგენს. ცენტრალურ დარბაზთან დამაკავშირებელი კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. ეკლესია გარედან მოპირკეთებულია  ქვიშაქვის კვადრებით, რომლის თარაზული წყობა მკაცრად არის დაცული. ფასადებზე დეკორატიული გაფორმებას ნაკლებად მხვდებით. მხოლოდ სარკმელის თავებზე არის რელიეფური თავსართები.

ამჟამად ეკლესია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ჩამონგრეულია სახურავი, კამარები, აღმოსავლეთის კედელი შუაზე არის გამსკდარი. იგი დროებით დაფიქსირებულია რკინის კონსტრუქციის სარტყელით, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი და ეკლესია გადაუდებელ გამაგრებას და დახმარებას მოითხოვს.

ეკლესიიდან აღმოსავლეთით მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. იგი XII-საუკუნით თარიღდება. სამხრეთით მოგვიანებით მიუშენებიათ კიდევ ერთი მცირე ზომის ეკლესია. ორივე ეკლესია ნაგებია აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით. წმინდა გიორგის ეკლესიაც დარბაზული ტიპისაა. შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია. ტაძარი მთლიანად მოხატული ყოფილა. თუმცა დღეისათვის მხატვრობა ძალზედ დაზიანებულია. აფსიდში შემორჩენილი მხატვრობა წითელი ზოლით სამ რეგისტრად არის დაყოფილი. კონქში გამოსახულია ვედრების სცენა. ქრისტეს მარცხენა ხელში გაშლილი წიგნი უჭირავს, მკერდთან მიტანილი მარჯვენათი აკურთხებს. შემდეგ რეგისტრში გამოსახულები არიან მოციქულები, რომლებსაც ხელში წიგნები ან გრაგნილები უჭირავთ. აფსიდის სამხრეთ დასავლეთის ნაწილში გამოსახული წმინდანი ბემაში გამოსახულ სამ ფიგურასზე უთითებს. ერთი მათგანი გვირგინოსანი, წინასწარმეტყველია. ქვედა მცირე რეგისტრში მღვდელმოძღვართა  გამოსახულებებია, რომლებიც უკვე ძნელად გაირჩევა. აფსიდის სარკმლის შიდა მხარეს არის მღვდელმთავრთა ორი გამოსახულება. როგორც მთლიანად ტაძარი, ისე მხატვრობაც გადაუდებელ დახმარებას და საკონსერვაციო სამუშაოებს ითხოვს. ტაძარს აღარ აქვს სახურავი, ჩამონგრეულია კამარები. დროებით ხის კონსტრუქციაზე აწყობილია დროებით გადახურვა, რომელიც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი ტაძრის სრულად დასაცავად და შესანარჩუნებლად.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის