ბურნაშეთის ნათლისმცემლის ეკლესია


galerea



aRwera

         ბურნაშეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბურნაშეთის სასაფლაოზე. სოფლის ძველი დასახელება ბოჟანოა. „დასტურლამალის“ მიხედვით ბოჟანო სამეფო სახასო სოფელი ყოფილა.

            რაც შეეხება ნათლისმცემლის ეკლესიას იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ნაგებია კარგად თლილი ადგილობრივი მოყვითალო ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. არქიტრავის ქვაზე, სამი ჯვარია ჩასმული მოჩუქურთმებული ორნამენტებით. ამავე ქვაზეა ლაპიდარული ნუსხური წარწერა. წარწერაში იხსენიება მისი მაშენებელი გვალეშაისძე, ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, ესია, გიორგი და სვიმონ მანხეკელი. ნათლისმცემლის ეკლესია XIX საუკუნის ბოლოს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. მან სამხრეთის სარკმლის საპირეზე დააფიქსირა კიდევ ერთი წარწერა, სადაც იხსენიებოდნენ გაშატისძენი. სამწუხაროდ ეს წარწერა დღეს აღარ იკითხება ამ სარკმელზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული სარკმელი დანარჩენებზე ბევრად დიდია და ფასადზეც მისი მოპირკეთება თითქოს ამოვარდნილია საერთო ხედიდან. კიდევ ერთი წარწერის კვალია, აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის საპირეზე, სადაც იხსენიება ცოდვილი იოანე, ეს წარწერაც საკმაოდ დაზიანებულია. ტაძარს სამი სარკმელი აქვს, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით. მათგან დეკორატიული გაფორმებით გამოირჩევა აღმოსავლეთის სარკმელი, რომელიც შემკულია ჩუქურთმებით. სამხრეთის სარკმელზე უკვე ზემოთ ვისაუბრეთ. დასავლეთის ფასადიც სადაა, მხოლოდ ერთი ოთხკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჯვარია გამოსახული.

            რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი რამდენიმეჯერ არის სახეცვლილი, ამ ეტაპისთვის შეიმჩნევა ნალესობის კვალი, რომელიც რა თქმა არ არის თანადროული, ტაძარი აშენების ინტერიერის გაფორმებიდან გამომდინარე მოსახატად არ იყო გათვალისწინებული. აღნიშნული ნალესობა და ცისფერი საღებავით კედლების შეღებვა სავარაუდოდ ბერძნული მოსახლეობის კვალი უნდა ყოფილიყო. ინტერიერში ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთხევლის თავზე, სამხრეთ კამარაზე ჩასმული ბარელიეფი. მასზე გამოსახულია მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ტაძრის ქტიტორი უნდა იყოს, რადგან ხელში სამშენებლო იარაღი უჭირავს. აღნიშნული ბარელიეფი ფაქტიურად უნიკალურია და მსგავსი პატარა ზომის ტაძრებში არსად არ გვხდება. საკურთხეველი ამაღლებულია რამდენიმე საფეხურით, ეს ამაღლება ცალსახად გვიანდელია და ეკლესიის სომხურ ყაიდაზე გადაკეთების გამოვლინებაა. საკურთხევლის საფეხურზე ჩასმულია ლამაზი ჩუქურთმიანი ქვა, რომელიც შესაძლოა ტაძრის კანკელის ნაშთი იყოს. ინტერიერში რამდენიმე ადგილას გამოკვეთილია ჯვრები, მათში ყველაზე საინტერესოა ჩრდილოეთის კედელზე გამოსახული ჯვარი. რაც შეეხება სახურავს, იგი ლორფინის იქნებოდა, იგი ამჟამად გადახდილია. შესაბამისად წყლის და ნალექებისგან საკმაოდ ზიანდება, როგორც ტაძრის კამარები, ისე მისი ინტერიერიც, ამიტომ გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის