გუდარეხი
galerea
aRwera
გუდარეხის მონასტერი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროდან 10-იოდე კილომეტრში. კომპლექსი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და მოიცავს რამდენიმე ეკლესიას, გალავანს, სამრეკლოს, სასახლის ნანგრევებს და სხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებს. გუდარეხის კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებაორებს ნასოფლარიც. გუდარეხში 1938-1939 წელს ლევან მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის მიხედვით აღმოჩნდა ორი სამშენებლო ფენა, რომელთაგანაც უძველესია XII-XIII საუკუნეები. გათხრების შედეგად აღმოჩნდა საკმაოდ დიდი დასახლების კვალიც, ნაპოვნია კერამიკა, სხვადასხვა რკინის ნივთები, მონეტები.
კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია. ეკლესია XII-საუკუნით თარიღდება. იგი განუახლებია და შეუკეთებია რუსუდან მეფეს, რაზეც მეტყველებს სამხრეთის ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერა: „სახელითა ღმრთისათა და მეოხებითა წმინდის გიორგის მთავარ მოწამისა თა აეშენა წმინდა ესე ეკლესია ხელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორისძისათა სალოცველად და სადიდებლად დედოფალთ დედოფლისათვის, რუსუდან დედოფლისა, და შვილთა მისთა დღეგრძელობისათვის და ჩემისა სულისათვის. ეს წმინდა ეკლესია მე გლახაკმან ანტონი მანგლელმან ვაკურთხე უფასოდ სალოცველად სულია ჩემისა“. ამ წარწერიდან გამომდინარე მეცნიერთა ერთი ჯგუფი ტაძრის აგებას რუსუდან დედოფალს მიაწერენ და რა თქმა უნდა ეს ლოგიკურია წარწერის შინაარსიდან გამომდინარე. არსებობდა ვარაუდი, რომ რუსუდან მეფე გუდარეხის მონასტერში უნდა ყოფილიყო დაკრძალული. XVII საუკუნეში ეკლესია დომენტი კათალიკოსს განუახლებია. რაც შეეხება ტაძრის არქიტექტურას, იგი მინაშენების გარეშე სიგრძეში 16,2 ხოლო სიგანეში 9,5 მეტრია, ნაგებია კარგად თლილი მოყვითალო ქვით. ჩრდილოეთის მინაშენი შედარებით გვიანდელია. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მოგვიანებით, სავარაუდოდ ტაძარს მიშენებული ჰქონია კარიბჭეც, რომლის მხოლოდ ნაკვალევია ამჟამად შემორჩენილი. ფასადებში ყველაზე გამორჩეულია აღმოსავლეთის ფასადი. მასზე ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში ფართოდ გამოყენებული ე.წ. „სიცოცხლის ხეა“ გამოსახული, იგი შედგება ფასადის ცენტრალურ ღერძზე მდებარე ორი რომბისგან, ზემოთ ცენტრალური სარკმლისგან და მის ზემოთ დიდი დეკორატიულად გაფორმებული ჯვრისგან. აღნიშნული კომპოზიცია გარედან პილასტრებით არის გამოყოფილი, ხოლო შიდა მხარეები სხვადასხვა ფორმის ჩუქურთმებით არის გაფორმებული. ცენტრალური სარკმლის ორივე მხარეს სამკუთხა ნიშებია. ეს ნიშებიც პილასტრებით არის გამოყოფილი, რომლის თავში და ბოლოში დეკორატიულად გაფორმებული ბაზისები და კაპიტელებია, ხოლო ზედა მხარეს ბოლოვდება დეკორატიული თაღედებით, თაღედების ზემოთ ორივე ნიშზე სამსამი მოჩუქურთმებული კოპებია ჩასმული. საინტერესოა ნიშების შიდა მხარე, სადაც საკურთხევლის მხარეს ორივე ნიშში მცირე სარკმელებია. ეს სარკმელებიც მოჩუქურთმებული ჩარჩოებით არის შემკული. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ ფასადის ასეთი დეკორატიული გაფორმება გუმბათიანი ეკლესიების მაგალითს იმეორებს, როგორიცაა მაგალითად: სამთავისი, იკორთა, ქვათახევი. ტაძარი ლორფინით ყოფილა გადახურული. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი მოხატული ყოფილა, ამჟამად მხატვრობა შემორჩენილია საკურთხეველში სადაც გამოსახულები არიან მთავარანგელოზები: მიქაელ და გაბრიელი. აგრეთვე მხატვრობის საუკეთესო ნაწილი მარჯვენა კედელზეა სადაც, ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, დიმიტრი და თევდორე არიან გამოსახული. ტაძარს ჰქონია ქვის ულამაზესი თანადროული კანკელი, რომლის ნაწილები თბილისში ხელოვნების მუზეუმში არის დაცული.
გუდარეხის კომპლექსში უაღრესად საინტერესოა სამრეკლო, რომელიც ორ იარუსიანი, ქვედა ნაწილი მონასტრის შიდა ტერიტორიაზე შესასვლელ ერთგვარ კარიბჭესაც წარმოადგენდა. ზედა იარუსი შედგება რვამალიანი ფანჩატურისგან, რომელიც კონუსური ფორმის გუმბათით ბოლოვდება. სამრეკლო ნაგებია სხვადასხვა ფერის ქვებით, რაც განსაკუთრებულ ელფერს მატებს მას.
საგულისხმოა სამრეკლოზე არსებული ასომთავრული წარწერა, რომლის შინაარსი შემდეგნაირია: „ადიდენ ღმერთმან ძლიერი და უძლეველი მეფეთ მეფე დიმიტრი. მე წინათ მეფობისა მათისა, უღირსი მღვდელი და ჯუარის მტვირთველი აბრაჰამ, ღირს ვიქმენ აღმშენებლად სამრეკლოთა ამათ, სადიდებლად მეფობისა მათისა და სალოცავად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა... შეიწირენ ღმერთმან და ყოვლად წმინდამან მშობელმან მისმან, ამინ. ქორონიკონსა (1278)...“ წარწერაში მოხსენიებული მეფე არის დემეტრე II (1271-1289), რომლის მეფობის დროსაც აშენებულა ეს სამრეკლო. გუდარეხის სამრეკლო ამ ეტაპისთვის არსებულ დათარიღებულ სამრეკლოებს შორის უძველესია.
კომპლექსის ტერიტორიაზე არის სავარაუდოთ სამეფო სასახლის ნანგრევები, რომლისგანაც მხოლოდ ერთი პილასტრებიანი კედელია შემორჩენილი, ამ კედლის დეკორატიული გაფორმებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის მნიშვნელობაზე. კომპლექსს გარს შემოვლებული ჰქონდა გალავანი, რომლის დიდი ნაწილიც ამჟამად დაზიანებულია. ჩამოთვლილის გარდა მონასტრის მიმდებარედ კიდევ რამდენიმე მცირე დარბაზული ტიპის ეკლესიაა.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის, ვასილ ჭიჭაღუას და ლელა მარგიანის