სურამის ციხე


galerea



aRwera

            სურამის ციხე მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში. ისტორიულად ციხეს უდიდესი სტრატეგიული ფუნქცია ჰქონია. იგი მდებარეობდა დასავლეთით ლიხის ქედისკენ მიმავალ და სამხრეთით ბორჯომის ხეობისკენ მიმავალი გზების გასაყარზე. შესაბამისად ვინც ამ ციხეს აკონტროლებდა მის ხელშივე იყო ეს ზემოხსენებული გზებიც.

            ისტორიული ცნობები ციხის შესახებ ძალიან მწირია. იგი სავარაუდოდ გვიანფეოდალიზმის ხანაში უნდა იყოს აშენებული და დაკავშირებული სურამელთა საერისთავოს წარმოქმნასთან. მიუხედავად ციხის სიმცირისა, იგი საკმაოდ ძლიერ ციხედ და ფაქტიურად აუღებელად ითვლებოდა. ციხე-სიმაგრეზე რამდენიმე სამშენებლო ფენა შეიმჩნევა, იგი საფუძვლიანად არის შეკეთებული XVI საუკუნის მეორე ნახევარში. XVIII საუკუნეში აქვს დამატებული სათოფურები და შედარებით თხელი კედლებიც.

            ცნობილია, რომ გიორგი სააკაძეს ირანელთა თავდასხმის პერიოდში სურამის ციხე საგანგებოდ გაუმაგრებია.

            სურამის ციხის შესახებ ისტორიული ცნობები XVIII საუკუნეში მოგვეპოვება, როდესაც მასში ნადირ-შაჰის წინააღმდეგ აჯანყებული გივი ამილახვარი იყო გამაგრებული. 1742 წელს შაჰმა აჯანყების ჩასახშობად დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა, მათ მოაოხრეს ქართლი, მიადგნენ სურამის ციხესაც, მაგრამ რომ დარწმუნდნენ მის სიმტკიცეში უბრძოლველად გაბრუნდნენ უკან. გივი ამილახვარმა იცოდა, რომ შაჰი ასე უბრძოლველად არ დათმობდა ციხე, ამიტომ გარნიზონი გააძლიერა და ციხეც გაამაგრა. თავდაპირველად აჯანყებას სახელმწიფოებრივი ხასიათი ჰქონდა, ხოლო შემდგომ ამილახვრის პირადი კერძო ინტერესი მიიღო. სწორედ ამიტომ თეიმურაზ და ერეკლე მეფემ ალყა შემოარტყეს. მიუხედავად იმისა რომ მეფეებს, ირანის მხარდაჭერა ჰქონდათ ციხეს ვერაფერი დააკლეს. არ გაჭრა მეფე თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა, არც ყუმბარების დაშენამ. შაჰი იმდენად განცვიფრებულა ციხის აუღებლობით, რომ გამოგზავნა მხატვარი, ციხის დასახატად. შაჰის ბრძანებით ციხეს ისეთი ალყა შემოარტყითო, რომ ყველანაირი მოძრაობა შეწყდესო და ციხეც დაგნებდებათო, თუმცა ამაოდ. ბოლოს ციხის კედლები მალულად ნაღმით ააფეთქეს ორჯერ. კარები ფაქტიურად შენგრეული იყო, რომ ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და შემოუთვალა მეფეებს, მხოლოდ თამარ დედოფალს ვენდობიო და მას ჩავაბარებ ციხესო. მართლაც დედოფლის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს უვნებლობის ფიცი, გაუმართეს ლხინი და სახლთუხუცესობა უბოძეს. ასეთი დიდი ბრძოლის შემდგომ ამილახვარს მაინც არ ენდობოდნენ და შაჰის ბრძანებით ციხის დიდი ნაწილი დაანგრიეს. თუმცაღა ერეკლე მეფის ბრძანებით ციხე კვლავ მალევე აღადგინეს. ცნობილია რომ 1756 წელს მეფეს ამ ციხეში ჩაუმწყვდევია ქიზიყის მოურავი თამაზი. შემდგომში ოსმალებთან გამართულ ომებში სურამის ციხე საიმედო დასაყრდენს და ზურგს წარმოადგენდა.

            სურამის ციხის მნიშვნელობაზე მეტყველებს ერეკლე მეფის 1791 წლის დადგენილი განწესება, რომლის მიხედვით იგი შვიდ საიმედო ციხეებში აქვს მოხსენიებული და ციხე-სიმაგრეში მუდმივად უნდა გამაგრებული ყოფილიყო გარნიზონი. როგორც ჩანს სურამის ციხე ბოლომდე საიმედოდ იდგა საქართველოს სადარაჯოზე.

            ციხის გალავანს რთული მოხაზულობა აქვს. სამშენებლოდ გამოყენებულია კლდოვანი კონცხი, რომლის ყველა ნაწილი არის ათვისებული. კედლები სხვადასხვა სისქისაა, ზოგან სამ მეტრსაც აღწევს. თავდაპირველად ციხე ორი ნაწილისგან: ზედა და ქვედა ციხეებისგან შედგებოდა. სამწუხაროდ ქვედა ციხისგან აღარაფერია შემორჩენილი. ზედა ციხე შედგება გალავნისგან, მთავარი კოშკისგან, კარის ეკლესიისგან, სასახლის ნანგრევებისგან და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებისგან. კოშკი პირამიდული ფორმის ყოფილა, შემორჩენილია ორ სართული, შესასვლელი კედლის პირიდან ხუთი მეტრის სიმაღლეზეა. ეკლესია მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. იგი დარბაზული ტიპისაა. კედლები მოპირკეთებული იყო თლილი ქვით და ორნამენტებით, მოგვიანებით აქვს მინაშენი სამხრეთით, რომელსაც  სათავსის ფუნქცია ჰქონდა. სასახლე გალავნის დასავლეთ ნაწილში ყოფილა.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის