სამშვილდე


galerea



aRwera

            სამშვილდის ნაქალაქარი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროდან 15-იოდე კილომეტრში.  ქალაქი დმანისის მსგავსად, გაშენებულია მაღალ კლდოვან კონცხზე, რომელიც სამი მხრიდან ბუნებრივად დაცულია. სამხრეთით მდინარე ხრამის, ხოლო ჩრდილოეთით მდინარე ჭივჭავის ღრმა ხეობებია. რაც შეეხება მეოთხე მხარეს, მთელს სიგრძეზე კედლები მიუყვება რომელიც დაახლოებით 4-5 მეტრის სიგანისაა. პლატოს ცენტრში მდებარეობს ციხე, რომელიც მთელს სიგრძეზეა გაშლილი, სწორედ იგი წარმოადგენდა ქალაქის ციტადელს. მტრის მიერ პირველი ზღუდის გარღვევის შემთხვევაში შემდეგი დარტყმა აღნიშნულ ციხეზე მოდიოდა, რომლის აღება კი ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო. კედლების სიგანე 6 მეტრს აღწევს, დღეისათვის სიმაღლე კი 12 მეტრს, სიმაღლეში ეს კედლები რა თქმა უნდა უფრო მაღალი იქნებოდა.

            სამშვილდე ლეონტი მროველის თანახმად ქართლოსს უკავშირდება, არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ სამშვილდეში ცხოვრება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეში იყო. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული მთელი ისტორიის მანძილზე სამშვილდე უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. იგი საერისთავოს ცენტრი იყო, ვარაუდობენ, რომ რაღაც პერიოდი სამშვილდე სამეფო ქალაქიც იყო.

            ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის, მტკვარ-არაქსის კულტურის ნამოსახლარი და სამაროვანი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სამშვილდეში ცხოვრება ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში უკვე აქტიურად იყო. იგი საერისთავის ცენტრი იყო, დროგამოშვებით კი საუფლისწულო სამყოფელსაც წარმოადგენდა. როგორც ცნობილია ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მეფე ასფაგურის ასული, ზუსტად სამშვილდეში იზრდებოდა. არაბების ბატონობის დროს სამშვილდე თბილისის საამიროს ემორჩილებოდა. XI-საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ დაიბრუნა. დიდი თურქობის დროს ციხე ქალაქი თურქებს ეპყრათ. 1110 წელს კი დავით აღმაშენებელმა ციხე-ქალაქი საქართველოს შემოუერთა. მისი დალაშქვრის დროს ისეთი ძალა ანახა თურქებს, რომ მიმდებარე ციხეებიდანაც გაქცეულან და დაუტოვებიათ. შემდგომ საქართველოს განვითარების ხანაში სამშვილდეც აღორძინდა და განვითარდა.

XII საუკუნეში სამშვილდე ორბელთა სამფლობელოს წარმოადგენდა. 1178 წელს ორბელთა გვარის აჯანყების შემდგომ იგი კვლავ მეფეს დაექვემდებარა. მონღოლთა ლაშქრობამ როგორც მთელს საქართველოს ისე სამშვილდესაც თავისი კვალი დაამჩნია. XV-საუკუნიდან სამშვილდე და მისი შემოგარენი ბარათაშვილების სამფლობელოს წარმოადგენდა.  XVI-საუკუნეში იგი ოსმალთა მიერ იყო მიტაცებული, რომელიც 1683 წელს სიმონ მეფემ ბრძოლით დაიბრუნა და მეფეთა დასაყდენ ციხე სიმაგრედ აქცია. ისტორიული წყარობით სამშვილდემ ქალაქის ფუნქცია XVII - საუკუნის II-ნახევრამდე შეინარჩუნა და შემდგომ მხოლოდ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი სამშვილდესთან დაკავშირებით ერეკლე მეორეს მეფობის დროს მოხდა, როდესაც მეფეს აუჯანყდა ტახტის მაძიებელი აბდულა-ბეგი, რომელიც მეფემ თბილისთან სასტიკად დაამარცხა. აჯანყებულები სამშვილდეში გამოიკეტნენ. 1748 წელს ერეკლე მეორემ სამშვილდე აიღო და შემდგომ საუკუნის ბოლომდე სამშვილდე მეფის საიმედო დასაყრდენად იქცა. ამავე პერიოდში განახლდა გალავანი, გალავნის შიგნით აშენდა სასახლე და აბანო.

სამშვილდეს საკმაოდ დიდი სტრატეგიული და ეკომონიური ფუნქცია გააჩნდა. სამშვილდიდან გადიოდა გზები სხვადასხვა მიმართულებით. მდინარე ქცია-ხრამის აყოლებით ადიოდა გზები თრიალეთისკენ საიდანაც შემდეგ ჯავახეთში შეიძლებოდა გადასვლა. ამავე ხეობით გადადიოდა გზები ბოლნისისკენ და დმანისისკენ. აღმოსავლეთით აქედან მიდიოდა გზები ე.წ. „წითელი ხიდისკენ“. ჩრდილოეთისკენ მარაბდის გავლით უკავშირდებოდა თბილისს, კიდევ ერთი გზა მანგლისი კლდეკარისკენ მიდიოდა საიდანაც უკავშირდებოდა შიდა ქართლს. დღესაც ხრამის ხეობაში არის ამ ძველი საურმე გზის ნაკვალევი, რომელიც „ქვაფენილით“ არის მოპირკეთებული და იმ პერიოდის მაღალგანვითარებაზე მეტყველებს. ხრამის ხეობაში სამშვილდისკენ გადმოსასვლელი ორი ხიდი ყოფილა, რომელთაგანაც სამწუხაროდ მხოლოდ ბურჯებია შემორჩენილი. ხიდები კირის ხსნარით და ქვით ყოფილა აგებული, სიგანე 3 მეტრი, ხოლო სიგრძე 20-25 მეტრი ჰქონიათ. საინტერესოა სამშვილდის მიმავალ გზაზე მდ. ჭივჭავზე გადებული ერთმალიანი ხიდი, რომელიც XIX -საუკუნეშია აგებული ძველი ხიდის ნაშთებზე.

სავარაუდოდ ხეობაში შესასვლელი დღევანდელი სოფელ ნახიდურიდან იწყებოდა. ხეობის სიძლიერეზე და მნიშვნელობაზე მეტყველებს იქ არსებული ძეგლები, დასახლებების ნაკვალევი. სწორედ ამ ხეობაშია თავმოყრილი ქართული ხუროთმოძღვრების დიდებული ძეგლები, როგორებიცაა: პირღებულის მონასტერი, ფიტარეთი, ხულუტის ციხე, ცხნარის ეკლესია, სამღერეთის საბეროს მონასტერი, მირტაშენი, ბედიანის მონასტერი, ლამაზი საყდარი(ჩათახი) და ა.შ.

ციხე-ქალაქი სამი ნაწილისგან შედგებოდა: დასავლეთის ნაწილი, შუა - ციხე ქალაქის ციტადელი აღმოსავლეთით, კონცხის უკიდურეს ნაწილამდე. დღევანდელი მონაცემებით ნაქალაქარი სიგრძეში 2,5 კმ ია, სიგანეში კი 400-500 მეტრი. დასავლეთით გალავნის გარეთ ცხოვრობდა შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენლები: ვაჭრები, უბრალო მოქალაქეები. ნაქალაქარზე გვხდება უამრავი საცხოვრებელი სახლის თუ სხვა ნაგებობების კვალი.

სამშვილდის ნაქალაქარის მთავარი ნაგებობაა სიონის ეკლესია, რომელიც მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია. ჩამონგრეულია გუმბათი, კამარები, საკურთხევლის აფსიდი მთლიანად განგრეულია. შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. ქართლის ცხოვრების მიხედვით პირველი ტაძარი სამშვილდეში ვახტანგ გორგასლის დედას საგდუხტს აუგია, თუმცა ამ ტაძრის კვალი დღეს აღარ გვხდება. შემორჩენილი ტაძარი VIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ტაძრის აგებაზე და მის მაშენებელზე მოგვითხრობს აღმოსავლეთის ფასადზე დაცული ასომთავრული წარწერა   მასში მოხსენიებულნი არიან ისტორიული პირები - ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შესაძლო გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა 759-777 წლები.  წარწერა საკმაოდ დაზიანებულია და საგულისხმობა ის ფაქტი რომ დაზიანების გამო სხვადასხვა მეცნიერთა ჯგუფები სხვადასხვანაირად ათარიღებენ: მარი ბროსე – 1313 წელი; ექვთიმე თაყაიშვილი – 958 წელი; გიორგი ჩუბინაშვილი – VIII საუკუნე; სარგის კაკაბაძე – 778 წელი; ლევან მუსხელიშვილი – 777 წელი; ნოდარ შოშიაშვილი – X საუკუნის 50-იანი წლები. ლევან მუსხელიშვილს ეს წარწერა 1943 წელს წაუკითხავს. მისი წაკითხული შემდეგნაირად იშიფრება: „ქ. ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, შეიწყალენ მაშენებელნი ამის წმიდისა ეკლესიისანი, ვარაზბაკურ, იოვანე და..., ნათესავით პიტიახშნი. წელსა კ მეფობასა კოსტანტინეჲსა დაიდვა საძირკველი ჴელითა მამფლისა და ერისთავისა ვარაზბაკურისათა და ვერღა მოესწრო აღშენება. ვარაზბაკურ შეისჳენა და მისი ოკონით ძმა მისი, ერისთავი იოვანე იწრაფდის. აესროჳლა იოვანეცა, და... სროჳლიად აღშენებაწმიდის ამის ეკლესიასა და სტოვათა. წელს გ ლეონ მეფისასა, დღეს ენკენიასა,  ყო სატფოჳრება ვ’ დღე დიდით კრებითა, განშოჳენებად...“

წარწერის ამ შინაარსის მიხედვით სიონის მშენებლობა დაწყებულა კონსტანტინეს მეფობის მეოცე წელს და დასრულებულა ლეონის მეფობის მესამე წელს, აქედან გამომდინარე ეს წლებია 759-777 წლები.

რაც შეეხება ტაძრის არქიტექტურას იგი ჯვარგუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენდა. ძირითად სივრცეს აღმოსავლეთიდან დასავლეთით წაგრძელებული ჯვრის მკლავი ქმნიდა, რომელიც აღმოსავლეთის მხრიდან საკურთხევლის აფსიდით მთავრდებოდა. დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ღია გალეერები ყოფილა. ეკლესია მოპირქეთებული იყო ბოლნური ტუფის სწორად თლილი კვადრებით, მისი ფერი მზის ჩასვლის დროს ულამაზეს პეიზაჟს ქმნის. ტაძარი არქიტექტურულად წრომის ეკლესიის სურათს იმეორებს.

სიონის დასავლეთით არის კიდევ ერთი სამნავიანი ეკლესია. იგი ნაგებია მუქი ბაზალტის კვადრებით,  თავისი არქიტექტურით  თარიღდება X-XI საუკუნეებით.

გალავნის გარეთ კიდევ რამდენიმე ეკლესიაა, ერთერთი მათგანია წმინდა გიორგის სახელობის პატარა დარბაზული ეკლესია. ეკლესია სრულად შემოსილი ყოფილა ნათალი ქვით. 1901 წელს ექვთიმე თაყაიშვილს მოგზაურობის დროს აქ უნახავს წარწერიანი ქვა, რომლის მიხედვით ტაძარი ვახტანგ V-ის თანამეცხედრეს ზალიხანს აუგია. წარწერაში მითითებული იყოს ეკლესიის აშენების თარიღი 1672 წელი. ვარაუდობენ რომ ტაძარი უფრო ძველია და ამ პერიოდში მხოლოდ შეკეთებულა.

ნაქალაქარის დასავლეთით კიდევ სამი დარბაზული ტიპის ეკლესიაა, ერთ ერთია უხეშად თლილი ქვით ნაგები ღთისმშობლის ეკლესია, რომელშიც მენჰირია აღმართული. მენჰირი ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან არის, ხოლო მასზე გამოკვეთილი ჯვარი და სომხური წარწერა XI -საუკუნისაა. წარწერაში მოხსენიებულია სუმბათ ერისთავთ ერთისთავი.

მდინარე ხრამის მხარეს დგას კიდევ ერთი ეკლესია რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

ნაქალაქარში კიდევ ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ნაგებობის კვალია. გათხრების დროს აღმოჩნდა კერამიკული მილებიც, რომელიც წყალგაყვანილობას ადასტურებს.

როგორც ზემოთ მონათხრობიდან ჩანს, სამშვილდე უდიდესი სტრატეგიული, ეკონომიკური თუ კულტურული ღირებულებების მაღალგანვითარებული ქალაქი იყო, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებდა საქართველოს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში თუ განვითარებაში.

 

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის