ფუძნარი


galerea



aRwera

ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში,  თარიღდება XIII საუკუნის I ნახევრით. ეკლესიას გარს ევლება ამჟამად ფრაგმენტულად შემორჩენილი ქვის გალავანი. მის ჩრდილო–დასავლეთით საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთებია.

ეკლესია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა. შენობის კედლის სიბრტყეები და კამარები წვრილი ნატეხი ქვითაა ნაგები. საბჯენი თაღები, გუმბათქვეშა ბურჯები, პილასტრები, აფრები და გუმბათის ყელის ნაწილი შირიმის ქვისაა.

XVI-XVII საუკუნეებში სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან (სამხრეთ–აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ კუთხეებთან) ნაგებობას მცირე ეკვდერები მიაშენეს, რომელთაგანაც მხოლოდ ჩრდილოეთისაა შემორჩენილი.

ჯვრის აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის წინ ბემაა. საკურთხეველი დარბაზის იატაკის მიმართ რამდენადმე შემაღლებულია. ადრე იგი გამოყოფილი იყო შირიმის მოზრდილი კვადრებით ნაწყობი კანკელით. ჯვრის დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა, თითოეულ მკლავში თითო თაღოვანი შესასვლელია გაჭრილი. დასავლეთის მკლავი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებზე თითქმის ორჯერ ღრმაა და კუთხის სივრცეებს თითო ფართო ნახევარწრიული თაღით უკავშირდება. საკურთხევლის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე მათგანს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, შესაბამისი მკლავიდან, აღმოსავლეთით კი  – თითო სარკმელი. სადიაკვნის ჩრდილოეთ კედელში, იატაკიდან 2,2 მ. სიმაღლეზე, მაღალი წრიული ნიშია, საიდანაც იწყება მილისებრი ასასვლელი კამარებს ზემოთ არსებულ სივრცეში. სამკვეთლოს და სადიაკვნის კედლები ნაწყობია ნატეხი ქვებით, კამარა კი – ეკლესიის კონქისა და მკლავების კამარებისაგან განსხვავებით – შირიმისაა. ეკლესიის შუაში, საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთით თავისუფლად მდგომ ორ ბურჯზე აღმართული გუმბათი ორსაფეხურიან, ოდნავ შეისრულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის საფუძველს შემოუყვება მაღალი სარტყელი, რომლის პროფილს თარო და ლილვი შეადგანს. მსგავსი ლილვი გასდევს გუმბათქვეშა თაღებსაც. თაღების წვეროსთან იგი ეხება სარტყლის ლილვს, მაგრამ მას არ ებმის. გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელია.

ეკლესიის ფასადებზე კარ–სარკმელების ღიობები, დეკორატიული ელემენტები, ლავგარდანი, გუმბათის ყელი და გუმბათქვეშა კვადრატი გამოყვანილია შირიმით.

ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, ძლიერ პროფილირებული გლუვი საპირით, რომელსაც ეყრდნობა სახურავის კეხამდე აღმართული მაღალი დეკორატიული ჯვარი. თითო სარკმელია ფასადის გვერდითი ნაწილების ღერძებზეც.

დასავლეთის ფასადის ქვემოთა ნაწილში, ღერძზე ფართო თაღოვანი შესასვლელია. შესასვლელის ზემოთ სამი ფილისაგან შედგენილ და სწორკუთხა ჩარჩოთი მოსაზღვრულ არეზე, ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. ჩარჩოზე ზემოდან დადგმულია მაღალი დეკორატიული ჯვარი. ჯვრის ქვემოთა მკლავის გვერდებზე შეწყვილებული სარკმლის ღიობებია. ჯვრის ზედა სამივე მკლავის ბოლოში გამოყვანილია ჩარჩოში ჩასმული თითო დისკო. ჯვრის ქვედა მკლავის ბოლო აღდგენილია და მოჩუქურთმებულია. ფასადის გვერდით ნაწილებში პროფილირებულ საპირეში ჩასმული თითო სარკმელია.

სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადები განსხვავებულადაა გაფორმებული. ორივე მხარეზე შესასვლელი მოთავსებულია არა შესაბამისი მკლავის ღეძზე, არამედ მის დასავლეთ ნაწილში. ზემოთ, მკლავების ღეძებზე გაჭრილია სარკმლები. სამხრეთით ორმაგი, ჩრდილოეთით ცალმაგი. სარკმელთა საპირეები პროფილირებულია. სამხრეთ სარკმლების საპირეებს აკავშირებს მათ შორის მოქცეული რთულპროფილიანი ღერო, რომელიც ზემოდან დასრულებულია ჩარჩოში მოქცეული ბრტყელი გირჩით. სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმლები დამატებითაა მორთული რტოებზე გამობმული ყურძნის მტევნებით. ჩრდილოეთის სარკმლის ზემოთ გირჩია, რომლის ორივე მხარეს (თაღის ოდნავ ზემოთ) გამოსახულია თითო ხვია.

მოგვიანებით (XV საუკუნეში) ეკლესია შეუკეთებიათ და მორთულობის აღდგენილი ნაწილები, არსებულ პროფილთან მისადაგებით, განსხვავებული მასალით შეუვსიათ. აღმოსავლეთის ფასადის შუა სარკმლის ქვემოთა ნაწილის მოპირკეთება, დასავლეთის ფასადზე დეკორატიული ჯვრის მოჩუქურთმებული ძირი და მისი ქვემოთ წყობაში ჩასმული სამი სწორკუთხოვანი ფილა მოჩუქურთმებული ჩარჩოთი და ასომთავრული წარწერით გვიანდელი შეკეთების შედეგია. შენობას აგვირგვინებს გუმბათის მაღალი ყელი, რომელიც ოდესღაც დასრულებული იყო კარვისებრი სახურავით. გუმბათის ყელში გაჭრილი იყო პროფილირებული საპირეებში ჩასმული თორმეტი სარკმელი. გუმბათს გარს ევლება ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღედის უწყვეტი რიგი. კვადრატულ ბაზისზე დაყრდნობილ ყოველ კონას, რომელიც სამი ნახევარსვეტისაგან შედგება, თაღების საფუძველთან, შემოჭრილი აქვს გლუვი სარტყელი, რომლის ქვეშ, თითოეული ნახევარსვეტის ბოლოში, თითო ბურთულაა. მსგავსი ბურთულებია გამოყოფილი ნახევარსვეტების ძირებში. გუმბათის ყელის თაღედი დგას მრგვალ პროფილირებულ სარტყელზე, ყელი დასრულებულია რთული პროფილის ლავგარდნით (შემორჩენილია რამდენიმე ქვა). ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენს (6,6 X 3,7 მ) შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ღრმა აფსიდის ღეძზე, ვიწრო სარკმელია, მსგავსი სარკმელია დასავლეთითაც.

ფუძნარის ღვთისმშობლის  ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული: ჩამოშლილი იყო გუმბათის ყელისა და კამარების მნიშვნელოვანი ნაწილი, კედლების ზემოთა ნაწილები და ლავგარდანი. 2014 წელს ტაძარს ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია, რის შედეგედაც იგი სრულად იქნა აღდგენილი.