ფოკა


galerea



aRwera

ფოკას მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოკაში. სოფელი ფოკა ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ადგილობრივი  მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს. მისი ფასადების, ინტერიერის მხატვრული გაფორმებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ იგი საკმაოდ გამოცდილი ოსტატის მიერ არის აგებული. კარ-სარკმელები შემკულია მრავალფეროვანი ჩუქურთმებით.

ფოკას ეკლესია ძალიან მნიშვნელოვანია მასზე დატანილი წარწერებიდან გამომდინარე. აღნიშნული წარწერები გვაძლევს საშუალებას დავათარიღოთ ტაძრის აგების, შემდგომი შეკეთების პერიოდები. პირველი წარწერა მდებარეობს ბალავარის ქვის მარჯვნივ. იგი ქარაგმების გასხსნის შემდეგ ასე იკითხება ”ქრისტე ადიდე ბაგრატ კურაპალატი”. ჯვრის მარცხნივ მდებარე წარწერა კი ასე იკითხება: ”ქრისტე ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, ადიდე იოანე ოქროპირი - ქართლისა კათალიკოზი, ორთავე ცხოვრებათა შინა, ამინ.” ბალავარს ქვემოთ, კარის მარჯვნივ წარწერაა: ”სახელითა ღმრთისაითა მე ბევრელი (ბავრელი) ღირს ვიქმენ შენებასა წმიდაჲსა ამის ეკლესიისა საფუძველი დაიდუა, მე თანა დავშუერ, ჴელოსანი ვიყავ ოქროპირისა ქართლისა კათალიკოზისა”. სამხრეთ კედელზე სარკმლის მარცხენა სარკმლის ქვეშ არსებული ასომთავრული წარწერა შემდეგნაირად იქნა წაკითხული: ”ქრისტე ადიდე მიქაელ ქართლისა ბნქსლრ”. წარწერათა შინაარსიდან ვიგებთ, რომ ეკლესია აგებულია ბაგრატ-IV კურაპალატის მეფობის პერიოდში,  ქართლის კათალიკოსის იოანე ოქროპირის მიერ. აქედან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ტაძარი დავათარიღოთ  XI- საუკუნის 30-იანი წლებით.

აგრეთვე ირკვევა ტაძრის მაშენებლის ვინაობაც - ვინმე ”ბავრელი” ან ”ბევრელი”. იგი სავარაუდოდ ქართლის კათალიკოსის ხუროთმოძღვარია, მათ ისტორიულად ”მცხეთის შვილებსაც” ეძახდნენ და საკმაოდ მაღალ თანამდებობის წარმომადგენლებადაც მიიჩნეოდნენ.

საინტერესოა სამხრეთის ფასადზე არსებული წარწერა და მასზე მოხსენიებული მიქაელ ”ბნქსლრი”. იქიდან გამომდინარე, რომ ეს წარწერა საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ აღნიშნული პიროვნება, სახელმწიფო მოღვაწეა. საინტერესოა აღნიშნული სიტყვის ქარაგმების გახსნა. იგი შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ბინექსალარი, ბანაქსალარი. საინტერესოა მისი თანამდებობის განმარტება. ”სალარი” სპარსული სიტყვაა და ქართულად წინამძღვარს, ხუცესს ნიშნავს. ქართულში საკმაოდ დამკვიდრებული იყო მისი მოხმარება, მაგალითად ამირსპასალარი და ა.შ. რაც შეეხება სიტყვის პირველ ნაწილს ”ბინექ”, ”ბანაქ” სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით ზემოხსენებული შეიძლება როგორც ”ბანაკ სალარი” წავიკითხოთ.

ზემოხსენებული ასომთავრული წარწერების გარდა ეკლესიის ფასადებზე კიდევ სხვა წარწერებიცაა. სამხრეთის კედელზე საფუძვლის ლურჯ ქვაზე ”ქრისტე შეიწყალე მომწულისძე”. თავკიდურ ქვაზე ჯვარია ამოჭრილი მის გვერდით ნუსხური წარწერაა ”ქრისტე შეიწყალე ხელი” (ამ წარწერაში ლ ასო ასომთავრულია). სამხრეთის კარიდან მარცხნივ ასომთავრული წარწერაა ”ქრისტე შეიწყალე მწევარი”. საფუძვლის ქვაზე კიდევ ერთი ასომთავრული წარწერაა ”ქრისტე შეიწყალე ბაია”. ეკლესიის შიგნით მარცხენა სვეტზე კიდევ ერთი ასომთავრული წარწერაა: ”ქრისტე შეიწყალე  გაბრიელ და ელისაბედ”. სავარაუდოდ აქ მოხსენიებული პიროვნებები ტაძრის შემომწირველნი ან შემკეთებელნი იყვნენ სხვადასხვა პერიოდებში.

1988 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა იმოგზაურა ჯავახეთში, მოინახულა სოფელი ფოკა, ტაძრის გვერდით პირადად შეიძინა სახლი, სადაც ჩაეწერა როგორც მაცხოვრებელი, რათა შეძლებოდა იმ დროისთვის დახურულ მხარეში ჩამოსვლა.

1992 წელს პატრიარქის სახლში გაიხსნა დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი). მონასტერს მიეცა მისიონერული დატვირთვა, წლების მანძილზე წარმოადგენს ერთადერთ ქართულენოვან კუნძულს გაუცხოებულ გარემოში.

2010 წელს მრავალწლიანი შრომის, ექსპერიმენტის, ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი ტრადიციების, ლიტერატურის, ფრანგული ტექნოლოგიისა და წარმოების გაცნობის შედეგად მონასტერმა მიიღო ევროპული ყაიდის ქართული ყველი, რომლის ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება. გარდა ამისა მონასტერს აქვს მინანქრის სახელოსნო და  ფერმერული მეურნეობა.