ცხნარის ეკლესია
galerea
aRwera
ცხნარის ეკლესია მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ცხნარის ტერიტორიაზე, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირას, ხეობაში. ეკლესიის სამხრეთის კარიბჭეზე არსებული ასომთავრული წარწერის მიხედვით იგი XIII საუკუნეშია აგებული. ადგილმდებარეობის დასახელების რამდენიმე ვარიაცია არსებობს: ”ცხნარი”, ”წყნარი”, ”წინარე”, ”წყნარი აბანო”, ”ციხნარი”.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ადგილობრივი სწორად ნათალი ქვით, აქტიურადაა გამოყენებული აგრეთვე შირიმის ქვაც. ამჟამად ტაძარი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარები და სახურავი. საგულისხმოა და საინტერესოა მინაშენის ბალავარის ქვა, რომელზეც გამოსახულია ე.წ. "ბოლნური ჯვარი". უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზემოთაღნიშნული ბალავარის ქვა და კარიბჭე, გაცილებით ძველია ვიდრე თვითონ ტაძარი. ამიტომ სავარაუდოა, რომ ახლანდელი ეკლესია ძველის ადგილზეა აგებული. ტაძარში შესასვლელი სამხრეთის მხრიდან არის. მხატვრულადაა გაფორმებული კარიბჭე. მასზედ გამოსახულია საკმაოდ მოზრდილი ბოლნური ტიპის წრეში ჩასმული ჯვარი და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასომთავრული ლაპიდარული წარწერა. კარიბჭე გარედან არქიტრავულია, შიდა მხრიდან თაღოვანი. მის აღმოსავლეთით სვეტზე კიდევ ერთი ასომთავრული წარწერაა. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი საკმაოდ საინტერესოა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერიერი მხატვრულად არის გაფორმებული, გაფორმებულია პილასტრები, რომელიც გამოყოფს საკურთხეველს. ინტერიერის მხატვრული გაფორმების მიუხედავად ტაძარი შელესილი ყოფილა. დღეისათვის მოხატულობის კვალი აღარ შეიმჩნევა, თუმცა დიდად სავარაუდოა, რომ იგი მთლიანად მოხატული იქნებოდა. შიდა სივრცის ასეთი გადაწყვეტა დამახასიათებელია უფრო ადრინდელი ეპოქისათვის, როდესაც მოხატვა გავრცელებული არ იყო.
რაც შეეხება წარწერებს იგი დევი ბერძენიშვილს შემდეგნაირად აქვს წაკითხული: ”სახელითა ღმრთისაჲთა ესე ეკლესიაჲ დავით[ის] მეფობასა ვაჰრამის პატრონობასა [ვაშენეთ] ყოველმან და წელიწდამდის ბალავარი დავსვით“; ნახევარწრეში, ბოლნური მედალიონის ორივე მხარეს „ქრისტე შეიწყალე ამი[ს] მოქმედი“; ბალავრის ქვის ზევით, მარცხნივ ერთ სტრიქონად: „ქრისტე შეიწყალე ჩნდრტჲ“. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ტაძრის აშენების ზუსტი დათარიღება. ცნობილია, რომ დავით ულუ მონღოლებმა 1248 წელს გაამეფეს, ამასთან უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ეს ტერიტორიები თამარ მეფეს ვარამის მამისთვის ზაქარია ვარამის ძე მხარგრძელისათვის მიუცია გაგი ქურდვაჭრით განძამდე, როგორც „ქვემოთი სანაპირო“ საერისთავო. ზაქარიას ძე ვარამი და მისი შვილი ადბუდა ფლობდნენ გაგსა და სომხითის ციხე-ქალაქებს: შამქორს, ტავუშს, კაწარეთს, ტერუნაკანს, მაწნაბერდს, ნორბერდს, ქავაზინს, ქარჰერძს, გარდმანს, ზეგამს. მათი მთავარი, მამაპაპეული საკუთრების - გაგის ფლობის გამო, მხარგრძელთა ეს შტო გაგელებად იწოდებოდა. თამარ მეფემ ვარამ გაგელს მსახურთუხუცესობაც უბოძა. ისტორიკოსები მას სხვადასხვა ეპითეტებით ამკობენ: ის იყო „კაცი საპატიო და ლაშქრობათა შინა გამარჯვებული“; ხვარაზმელთა შემოსევის დროს და „უწინარეს ამისსა, ვარამ გაგელს, კაცსა გონიერსა და ლაშქრობათა შინა წარჩინებულსა, ამას აქუნდა შამქორი და მომდგომნი მისნი ქუეყანანი“. წარწერითაც მტკიცდება, რომ ეს მხარე ვარამ გაგელის სამფლობელოს წარმოაგდენდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ალგეთის ხეობაში არსებულ სოფელ აბელიაში სამების ეკლესიაზე არსებულ წარწერაზე, რომელიც 1250-1259 წლებით არის დათარიღებული, ვარამ გაგელი არ იხსნიება, ამიტომ სავარაუდოა, რომ იგი ამ პერიოდისათვის უკვე გარდაცვლილია. საერთო ჯამში, ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცხნარის ეკლესია 1250 წელს უნდა იყოს აგებული.
ამ წარწერის ქვევით, ჰორიზონტალური ლილვის დაბლა ერთსტრიქონიანი ხუცური წარწერაა ამოკაწრული, სადაც განირჩევა სიტყვები „გა[ნა]ხლებულ იყო ესე კ[არი]...“ შესაძლოა ეს შესასვლელის ორნამენტულ მოჩარჩოებას გულისხმობდეს, რომელიც მოგვიანებით ჩაუტარებიათ, ალბათ მინაშენის კეთებისას. გაურვვეველია მთავარი წარწერის ზევით, ცალკე მოთავსებული ერთსტრიქონიანი წარწერიდან ასოთა ჯგუფი „ჩნდრტჲ“. არც მისი ეკლესიასთან დამოკიდებულებაა აღნიშნული. აქ მოსალოდნელი იყო სახელი ლოდის შემწირველისა...
კარიბჭის აღმოსავლეთით მეორე პილასტრზე კიდევ ერთი წარწერაა, სადაც ვინმე ძმები კოჟოლისძენი მოიხსენიებიან, რომელთაც აღუმართავთ ამ ადგილას ჯვარი. სტილისტურად ეს წარწერა შეიძლება X-საუკუნეს მიეკუთვნებოდეს. სწორედ ამიტომ არის გამართლებული ის ვარაუდი, რომ ამ ამჟამინდელი ტაძარი სხვა ძველი ტაძრის, ან ამ ჯვრის ადგილზეა აგებული.
საგანგაშოა ეკლესიის არსებული მდგომარეობა, რომელიც გადაუდებელ ყურადღებას და დახმარებას მოითხოვს.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის