ლარგვისი
galerea
aRwera
ლარგვისი მდებარეობს მდ. ქსნის ზედა ნაწილში, ჭურთისწყლისა და ქსნის შესართავთან. ამჟამად ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
როგორც ცნობილია ქსნის ხეობას ერისთავები მართავდნენ, რომელთა რეზიდენცია ქუცნიფევში ჰქონდათ, აღნიშნული ლარგვისიდან სამხრეთით, ორიოდე კილომეტრში, მთის კალთაზე მდებარეობს, მოგვიანებით ერისთავები ლარგვისში ჩამოსახლდნენ და ლარგველებადაც მოიხსენიებოდნენ, აქვე იყო მათის საძვალეც. შემდგომში როდესაც საერისთაოს ტერიტორია გააფართოვეს, ერისთავების რეზიდენცია ახალგორში გადაიტანეს, ხოლო საძვალედ იკორთის ეკლესია გაიხადეს. თუმცა ლარგვისი იმის გათვალისწინებით, რომ წარმოადგენდა ჭურთის, ქარჩოხჟამური, ცხრაძმის ქსნის ხოებიდან მომავალი გზების თავშესაყარს, კვლავ მოწინავე პოზიციაში იყო ქსნის საერისთავოში.
რაც შეეხება ტაძრის აგების პერიოდს, მისი თავდაპირველი აგების პერიოდად XIV-XV როგორც წყაროებიდან ვიგებთ, აღნიშნულ ადგილას ეკლესია ჯერ კიდევ XVIII-საუკუნის პირველ ნახევარში მდგარა. 1750 წელს თვალებდამწვარი ქსნის ერისთავი შანშე სწირავს ხატს, აღნიშნული ფაქტი მიწერილია ამავე ხატზე. ამავე ინფორმაციას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იგი ამ ტაძარს უგუმბათოდ მოიხსენიებს. სავარაუდოა ის ფაქტი, რომ პირვანდელი ტაძარი დაინგრა და შემდგომ მის ადგილას ააგეს უგუმბათო ეკლესია. რაც შეეხება დღევანდელ ტაძარს, ღვთისმშობლის ხატის ასომთავრული წარწერის მიხედვით ტაძარი აუგია ერისთავ დავითს და მის დედას ქეთევანს, ეს წარწერა 1762 წლისაა, ამავე წარწერაში წერია რომ დავით ერისთავს 1759 წელს, „ძირიდან სახურავამდე“ თავიდან აუგია დღევანდელი ეკლესია. ძველი ტაძრის დანგრევის ზუსტი დრო ან მიზეზები ჩვენთვის უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ დღევანდელი ეკლესია სრულად ახლიდან არის აშენებული და მასში ძველი ტაძრის ნაშთები არ შეინიშნება.
არქიტექტორულად ლარგვისის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი ძირითადი სივრცე შექმნილია ჯვრის მკლავებისა და მათ შუაზე აღმართული გუმბათით. ჯვრის გვერდითა მკლავები დანარჩენებთან შედარებით მოკლეა, თუმცა თანაბარი სიგრძის, ხოლო ორი დანარჩენი შედარებით გრძელი და არათანაბარი. ჯვრის მკლავებიდან მხოლოდ, აღმოსავლეთის მკლავი მთავრდება აფსიდით, დანარჩენები სწორკუთხოვანია. დასავლეთის მკლავი გვერდითა ნავებს, ორ-ორი თაღით უერთდება. მკლავების გადახურვა მოისრო ფორმის კამარითაა. მოისრო ფორმისაა ტაძრის შიდა სივრცის ყველა თაღი, გარდა სარკმელებისა.
ეკლესიას ორის შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან რომელიც კედლის ცენტრშია და სამცხრეთიდან გვერდითა ნავის წინა მხარეს. ტაძრის შიდა სივრცე კარგად არის განათებული გუმბათის 10 სარკმლით, სამხრეთ ნავის სამი სარკმლით, დასავლეთის სამი სარკმლით. ყველა სარკმელი ნუშისებრი ფორმისაა. გუმბათი საკურთხეველს და დასავლეთ მკლავის ორ სვეტს ეყრდნობა.
საკურთხეველი ღრმაა, თუმცა ბემა გამოყენებული არ არის და გვერდების სიბრტყეები აფსიდის მომრგვალებასთან ერთნაირია. ასეთი გადაწყვეტა მხატვრულობას მოკლებულია. აფსიდის ცენტრში ორი თანაბარი სამღვდელმთავრო ნიშია. საკურთხევლის გვერდზე სამხრეთით სადიაკვნეა, ხოლო ჩრდილოეთით სამკვეთლო. სადიაკვნოს და სამკვეთლოს თავზე სამალავი ოთახებია, რომლებში ასვლაც სავარაუდოდ ხის მისადგამი კიბის საშუალებით ხდებოდა. ორივე ოთახი ერმანეთთან არის დაკავშირებული საკურთხევლის თავზე არსებული დერეფნით, საგულისხმოა ის რომ ეს დერეფანი საკმაოდ დიდია და მას არამარტო სამალავის, არამედ საომარი ფუნქციაც ჰქონდა. ეკლესიის ინტერიერი შელესილი ყოფილა, თუმცა მოხატულობა არ შეიმჩნევა, რუსული მმართველობის პერიოდში, როგორც სხვა არაერთი ეკლესია ლარგვისიც კირით არის შეთეთრებული. ეკლესიას ჰქონია ხის მოჩუქურთმებული კანკელი, რომელიც ამჟამად არ არის შემონახული.
რაც შეეხება ტაძრის ფასადებს, ოთხივე კედლი ბრტყელია, ყოველგვარი დეკორატიული შველირებისა და თაღების გარეშე. ფასადები უმეტესად სადაა, მორთულობა მხოლოდ კარებისა სარკმელების თავზეა. აღმოსავლეთის ფასადზე სამი სარკმელია სამივეს მოჩუქურთმებული საპირე არშია გასდევს. ცენტრალური სარკმლის თავზე კი ჯვარია აღმართული. დასავლეთის ფასადიც გარკვეულწილად იმეორებს აღმოსავლეთ ფასადის მხატვრულ სურათს, თუმცა დამატებით მორთულია შესასვლელი კარები. კარების თავზე ტაძრის მაშენებელს, სამშენებლო იარაღები და მარჯვენა გამოუსახავავს, ხოლო მის ზემოთ ტოლმკლავა ჯვარია. დასავლეთის სარკმლებიდან მხოლოდ ცენტრალურია შემკული, დანარჩენები კი სადაა. შედარებით ნაკლებად არის მორთული სამხრეთის ფასადი, სადაც მხოლოდ კარების მორთულობაა.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
გამოყენებული ლიტერატურა: პ.ზაქარაია, ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა
ფოტო- აღებულია ვიკიპედიას წყაროებიდან