ცაიში
galerea
aRwera
ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ზუგდიდიდან 10-იოდე კილომეტრში. ეკლესია აგებულია ურთას მთის განიერ ფერდობზე, მდინარე ჯუმიდან ასიოდე მეტრში. კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სამხრეთით მდებარე ორსართულიანი სამრეკლო, გარშემორტყმული გალავანი და საეპისკოპოსო სასახლის ნანგრევები.
ცაიში საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა, აღნიშნულზე ინფორმაცია დადასტურებული ინფორმაცია XV საუკუნისთვის გვაქვს. თუმცა არის სხვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც აქ საეპისკოპოსო ადრეფეოდალურ ხანაშიც ყოფილა. ბიზანტიელი მწერლების მიერ შემონახულია ინფორმაცია „საისინთა“ საეპისკოპოსოს შესახებ, რომელიც აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის მოსაზრებით, ზუსტადაც დღევანდელი ცაიში უნდა იყოს.
ცაიშის ეპარქიის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი ასეთ ინფორმაციას გვაწვდის: „არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ წყლის სამჴრეთის კერძოსი უნაგირამდე და რიონა ზღუდამდე“. ამ ინფორმაციით ვახუშტი გარკვეულ მონაცემებსაც გვაწვდის, არამარტო ცაიშის არამედ სხვა საეპისკოპოსოების შესახებაც.
ცაიშის შესახებ ხელჩასაჭიდი ცნობები გვაქვს XVII საუკუნიდან, აღნიშნულ ინფორმაციას გვაძლევს ცაიშის ეკლესიის ხატებზე მინაწერები, რომლის მიხედვითაც მიწისვრას დიდი ზიანი მიუყენებია ტაძრისთვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს მიწისძვრა ისეთი მასშტაბური ყოფილა, რომ ერთი წელი გრძელდებოდა რყევები. საისტორიო წყაროებში აღნიშნულზე ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ადგილობრივი სანდო წყაროა ხატებზე მინაწერები. ერთერთი მინაწერი ეკუთვნის მალაქია გურიელს, საიდანაც ვიგებთ, რომ მას ცაიშის ეკლესიისათვის ორჯერ გაუწევია სამუშაოები, 1612 წელს პირველად, როდესაც იგი ჯერ კიდევ ცაიშისა და ჯუმათის ეპისკოპოსია, ამ დროს მან აღადგინა და მოახატვინა ტაძარი, მეორედ როდესაც მიწისძვრისგან დანგრეული ტაძარი აღადგინა, ოღონდ ამ შემთხვევაში მალაქია გურიელი უკვე აფხაზეთის კათალიკოსად გვევლინება. როგორც ჩანს პირველად მხოლოდ ინტერიერი და მხატვრობა შეუკეთებია მალაქიას, ხოლო მეორედ უკვე საფუძვლიანად აღუდგენია. სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ მალაქია კათალიკოსად 1616 წელს აურჩევიათ, ხოლო ტაძრის მოხატვა 1612 წელს არის დასრულებული, იმის გათვალისწინებით, რომ მალაქია წერს ტაძარი დავასრულეო შემდგომ ერთი წელი შევისვენეო, გამოდის რომ მიწისძვრა 1614 წელს მომხდარა. მეორედ ტაძრის აღდგენა გელათის გულანის მიხედვით 1616 წელს დაწყებულა. მალაქია გურიელის მინაწერებით კი 1619 წელს დაუსრულებია სამუშაოები.
XVII საუკუნის 50-60 იან წლებში ცაიშელი ეპისკოპოსის დავით ჯოლიას ინფორმაციით, ტაძარი აუოხრებიათ და გადაუწვიათ შემოსეულ მტერს. შემდგომში ტაძრის შესახებ ინფორმაცია აღარ გვაქვს. მხოლოდ 1777 წელს კაცია II დადიანი გვამცნობს, რომ მას ცაიშის ეპარქია გაუქმებული დახვედრია, ხოლო ეკლესია დარბეული და გაძარცვული, მას ცაიშელ ეპისკოპოსად დაუნიშნავს გრიგოლ ჩიქოვანი, სწორედ გრიგოლის მოღვაწეობაში განახლდა ცაიშის ეპარქია და ტაძარიც.
რაც შეეხება არქიტექტურულად ტაძრის აღწერას, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ტაძარი 1614 წელს მიწისძვრას დაუნგრევია, ამიტომ ადრეფეოდალური ტაძრის ნაშთები აღარ შემოგვრჩა. აღდგენის შედეგად ტაძარს თითქმის დაკარგული აქვს ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიის დამახასიათებელი ჯვრის ფორმა. აღნიშნული ინტერიერში გარკვეულწილად იკითხება, თუმცა ექსტერიერში მისი გარჩევა ძალიან ძნელია. გარე მასებში ჯვრის მკლავები მკრთალადაა გამოვლენილი, ისიც მხოლოდ გვერდით ფასადებზე არასრულყოფილი სახით, ამ ფასადებზე ჯვრის მკლავები ოდნავაა აწეული და დამოკლებული ფუძით. ჯვრის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნავები ფაქტიურად აღარ არის გამოყვანილი და გაერთიანებულია გვერდითა ნავებთან ერთიან სიბრტყეში. არსებული გუმბათი სრულიად ახალია. ტაძარი თავდაპირველად მონაცრისფრო მოთეთრო ქვით ყოფილა შემოსილი. ერთადერთი ფასადი, რომელმაც შედარებით თავდაპირველი სახით მოაღწია ეს არის აღმოსავლეთის. იგი შემოსილია კარგად თლილი კვადრებით, წყობაში დაცულია ჰორიზონტალური რიგები. კარგად შეიმჩნევა აღდგენილის კვალი, კერძოდ ახალი წყობა იწყება იქ სადაც სამხრეთიდან აღმავალი ორნამენტული ლავგარდანი წყდება. უნდა აღინიშნოს რომ ახალი წყობა 10 სანტიმეტრით შიგნით არის შეწეული. აღმოსავლეთ ფასადი ყველაზე ძვირფასად არის მორთული და მაქსიმალურად გადმოგვცემს ძველი ეკლესიის ავთენტურობას. ფასადზე პილასტრებია კაპიტელებით, რომლებსაც ზემოდან აგვირგვინებს დეკორატიული თაღედები, რომლებიც თავის მხრივ კაპიტელებზეა დაყრდნობილი. აღმოსავლეთის ფასადის სამ წახნაგზე განლაგებულია სამი მდიდრულად მორთული სარკმელი. სამივე სარკმელს დეკორატიული თაღის ზემოთ, ღერძზე ჩუქურთმებით დაფარული კოპი უზის. ამ მრავალკუთხედზე კიდევ ორი დეკორატიული გაფორმებაა ერთი სამხრეთის მხარეს ცენტრში, მეორე ჩრდილოეთის მხარეს. აფსიდის გვერდითი ბრტყელი ნაწილების მორთულობა ცენტრალურთან შედარებით სადაა. თითოეულ მხარეს ორ-ორი სარკმელია განლაგებულია, რომელთაგანაც ზედა კონცენტრული ლილვაკებით მოჩარჩოებული წრიული სარკმელებია, ხოლო ქვედა მაღალი სარკმელებია, ორივე ქვედა სარკმელი შემკულია შეწყვილებული ლილვაკებისა და ორნამენტული არშიის კომპოზიციით. ამ სარკმელებსაც აქვთ კოპები, სამხრეთისას ორი თაღის ქუსლის ჰორიზონტზე, ხოლო მარჯვენას ერთი თაღის ზემოთ ღერძზე. ამ ფასადის თავდაპირველი დეკორის შემორჩენილი ელემენტი ჩრდილოეთის ფრთის ზედა ნაწილშია ჩასმული.
სამხრეთის ფასადიც დაზიანებულია, თუმცა მისი მდგომარეობა ჩრდილოეთის და დასავლეთის ფასადებთან შედარებით უკეთესია. ფასადის ძირითადი ელემენტებია შესასვლელი კარი, რომელიც თითქმის ფასადის ცენტრშია გაჭრილი კარების თავზე გადაკეთებული არქიტრავის ქვა არის და ორი სარკმელი, რომელთაგანაც ერთერთი ფასადის ზედა ნაწილში კარების თავზეა. იგი მოჩარჩოებულია გრეხილოვანი შეწყვილებული ლილვაკითა და ორნამენტული არშიით. როგორც ჩანს მოჩარჩოებას მიწისძვრის დრო დაუკარგავს ბაზისის კვადრატის ნაწილი და შემაერთებელი ჰორიზონტალური გრეხილი. მეორე წრიული ფორმის სარკმელი მოთავსებულია ფასადის მარცხენა ნაწილში, მისი საპირე არშია ერთი ქვისგან არის გამოთლილი და მთლიანად მოჩუქურთმებულია. ფასადზე მოჩუქურთმებული სარკმელების გარდა სხვა დეკორატიული ელემენტებიც გვხდება, როგორიც არის მაგალითად ზედა სარკმლის თავზე ჩასმული სამი კოპი. რომელთაც მოჩუქურთმება ნაკლებად შერჩენია. აღდგენის დროს ფასადზე ჩასმულია სხვადასხვა დეკორატიული ქვები, რომელიც მხოლოდ ერთიანი სიბრტყის გამოყენების მიზნით იყო გამოყენებული. სავარაუდოა, რომ სამხრეთით ეკლესიას ჰქონოდა კარიბჭე.
დასავლეთის ფასადი რადიკალურად განსხვავდება აღმოსავლეთის ფასადისგან, იგი წარმოადგენს მხოლოდ საფეხურიან ცოკოლზე აღმართულ, ორქანობიანი სახურავის ქვეშ მოქცეულ ერთ მთლიან სიბრტყეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი პირვანდელი სახით არ არის შემონახული, ცოკოლი ადასტურებს იმას, რომ თავდაპირველადაც იგი ასეთივე ბრტყელ კედელს წარმოადგენდა. ფასადის ძირითადი ელემენტებია შესასვლელი კარიბჭე და ოთხი სხვადასხვა ადგილას განლაგებული სარკმელი. კარები თაღოვანია და საკმაოდ მაღალი, მის თავზე სამი ჩუქურთმიანი კოპია განლაგებული. შესასვლელის ზემოთ ვერტიკალურ ღერძის ოდნავ სამხრეთით, მოთავსებულია განიერი ოთხკუთხა სარკმელი, იგი ახალი ამოყვანილია და წინანდელი ორნამენტული ნაწილი მხოლოდ ქვედა მხარესაა გამოყენებული. მეორე სარკმელი ჩრდილოეთით არის შესასვლელსა და კუთხეს შორის. იგი შედგება სხვადასხვა ტიპის სარკმლის ნაწილებისგან, რომელიც რესტავრაციის დროს ჩაუსვამთ. მესამე სარკმელი ფასადის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს იგი გაცილებით მაღლაა, ოთხკუთხედის ფორმა აქვს და აღდგენის დროს უბრალოდ ქვით არის ამოყვანილი. რაც შეეხება მეოთხე სარკმელს იგი მოთავსებულია ცენტრალურ და სამხრეთის სარკმლებს შორის, მას წრიული ფორმა აქვს.
ფასადის აღსანიშნავი ელემენტია, ცენტრალური სარმკლის თავზე არსებული ბარელიეფი, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია, მის ქვედა ნაწილში გვიან ჩაუსვამთ წმინდა გიორგის ცხენოსანი გამოსახულება. ფასადის კარნიზი სრულად ახალია, ამასვე ადასტურებს ცაიშელი მიტროპოლიტის გრიგოლ ჩიქოვანის პერიოდში გაკეთებული მხედრული წარწერა, რომელიც მოთავსებულია კარნიზის სამხრეთ ფრთაზე:
„ცაიშის ღთის მშობლის ეკლესიისა
ამის განმაახლებელს ცაიშელ მი
ტროპოლიტს:. გრიგოლს:. მეოხ მე
ყავ წინაშე ძისა შენისა:.“
ჩრდილოეთის ფასადი, როგორც ჩანს ყველაზე მეტად ყოფილა დაზიანებული, ეს კედელი ძირამდე თითქმის დანგრეული იყო, შემორჩენილია მხოლოდ ცოკოლი და ზოგან მომდევნო ორი რიგი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძველი ქვებით არის აღდგენილი მაინც სახეცვლილია. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების მსგავსად ეს ფასადიც ერთ მთლიან სიბრტყეს წარმოაგდენს. ფასადის ძირითად ელემენტია შესასვლელი და სარკმელი, შესასვლელი არქიტრავულია. ზემოთ გაჭრილი სარკმელი კი შედარებით ახალია. მორთულობით და ორნამენტული დეტალებით ჩრდილოეთ ფასადი ყველაზე ღარიბია.
რაც შეეხება ტაძრის გუმბათს, იგი თავიდან ბოლომდე ახალია, გუმბათის ყელი ცილინდრული ფორმისაა, რომელსაც ზემოდან ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი აქვს დადგმული. გუმბათზე რვა სარკმელია, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ კანონზომიერებას, არ არიან განლაგებული ღერძებზე, არც სიგანეში და სიგრძეშია დაცული თანატოლობა. გუმბათი შიგნიდან შელესილი ყოფილა. სარკმლები მოჩარჩოებულია თითქმის ერთნაირი სახის, დაბალი ხარისხის საპირეებით. ქვების ერთი ნაწილი გამოფიტულია და დაზიანებული. სარკმელების მოჩარჩოება ზემოთ თაღოვანია, ხოლო გვერდითა ქვები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. საინტერესოა სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის სარკმლების დამთავრება, ესენი წარმოადგენენ სხვადასხვა ზომისა და ფორმის სარკმელების ორნამენტოვან მოჩარჩოებას. ამათგან პირველი და მესამე ნახევარწრიულია, ხოლო მეორე ოთხკუთხა. საინტერესოა სამხრეთის სარკმლის ერთი დეტალი, მის ზემო ნაწილში ჩასმულია კერამიკული ფილა, რომელზეც ამოკვეთილია წრეში ჩასმული ფოთოლი, ხოლო ზედა არშიას მხედრულად აწერია „ანანია“.
ტაძრის შიდა სივრცე შექმნილია ჯვრის ფორმის გეგმაზე აღმართული მასებით და გუმბათით. ამ ჯვრის სამხრეთი და ჩრდილოეთ მკლავები შედარებით მოკლეა, ხოლო აღმოსავლეთის და დასავლეთის უფრო გრძელი, ამათგან დასავლეთის სწორკუთხოვანია, ხოლო აღმოსავლეთის საკურთხევლის აფსიდით მთავრდება. საკურთხეველი სამი სარკმლით ნათდება, ამჟამად იგი შელესილია და მოხატული, თუმცა მხატვრობა ზოგან დაზიანებულია და ნალესობაც ჩამოვარდნილი. საკურთხევლის გვერდებზე სადიაკვნო და სამკვეთლოა, ორივეს ოთხკუთხედის ფორმა აქვს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მალაქია გურიელმა ტაძარი ორჯერ მოახატვინა. პირველი პერიოდის მხატვრობა სამწუხაროდ მიწისძვრის შემდეგ განადგურდა, ხოლო დღევანდელი მხატვრობა 1616-1619 წლებისაა.
პატრონიკე მოთავსებულია დასავლეთის მკლავის ზედა სართულში. იგი წარმოადგენს ცილინდრული კამარით აღმოსავლეთისკენ ღია თაღის მქონე სადგომს. მთელი პატრონიკე XVII საუკუნის აღგენის დროს არის აგებული. ოსტატის უმწეობის გამო კედლები დაბრეცილია.
როგორც მსგავსი ტაძრების უმრავლესობას ცაიშის ეკლესიასაც სადიაკვნის და სამკვეთლოს თავზე საიდუმლო ოთახები აქვს. ამათგან ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ოთახი მიწისძვრის დროს დაზიანებულა და აღარ აღუდგენიათ. ხოლო სამხრეთის ოთახი ისევ არის, მასში ასვლა დასავლეთის მხრიდან შეიძლებოდა, სავარაუდოდ ხის კიბით, ორივე ოთახი ერთმანეთს უკავშირდებოდა საკუთხევლის ზემოთ მდებარე ვიწრო დერეფნით.
საინტერესოა ტაძრის ბარელიეფები, რომელიც გაფანტულია ძეგლის სხვადასხვა ადგილებში. ყველაზე დიდი ბარელიეფი მოთავსებულია დასავლეთ ფასადის ცენტრალური სარკმლის ზემოთ. იგი შედგება ორი ნაწილისაგან: მოჩარჩოებისაგან და თვით ბარელიეფისგან, რომელიც ძალიან დაზიანებულია, თუმცა შეიძლება გაირჩეს ადამიანის გამოსახულება, სავარაუდოდ ეს ტაძრის ქტიტორი უნდა ყოფილიყო. კომპოზიციის მოჩარჩოების ზედა ნაწილში მოგვიანებით ჩაუსვამთ წმიდა გიორგის გამოსახულება. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის მარჯვენა ნაწილში, სარკმლის ზემოთ კიდევ ერთი კვადრატული ფორმის ქვა რელიეფია, რომელზეც სავარაუდოდ გამოსახულია იონა წინასწარმეტყველის თავგადასავალი. გარდა ჩამოთვლილი ბარელიეფებისა ტაძარზე კიდევ არის ფრინველების რამდენიმე კომპოზია, მაგალითად: დასავლეთის ფასადზე ორი მტრედის რელიეფი. ამავე ფასადზე არის კიდევ ერთი ფრინველის გამოსახულება, რომელიც აგრეთვე ძალიან დაზიანებულია. მესამე ფრინველის გამოსახულება სამხრეთის ფასადზეა ჩატანებული და მასზე გამოსახულია ფარშევანგი.
რაც შეეხება ტაძრის სამრეკლოს იგი ორსართულია, ზედა სართულზე დადგმულია ცილინდრული ფორმის გუმბათი. სამრეკლოსთან დაკავშირებით საგულისხმოა მის ქვედა სართულზე, ჩრდილო ფასადზე, კარის მარცხნივ ჩაყოლებული ბარელიეფი. სავარაუდოდ იგი ქტიტორთა ბარელიეფია, რადგან სამთაღედში, რომელსაც სიმბოლურად ეკლესიის დატვირთვა აქვს გამოსახულია ორი პიროვნება. სავარაუდოდ მარცხნივ კაცი და მარჯვნივ ქალი უნდა იყოს. გამოსახულება საკმაოდ დაზიანებულია, სამწუხაროდ არც რაიმე წარწერის კვალი შეიმჩნევა.
ამრიგად, ეს არის ცაიშის დიდებული ტაძრის მოკლე აღწერა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პირვანდელი სახით ვერ მოაღწია ჩვენამდე. თუმცა როგორც დღევანდელი ტაძარი და მასში აღდგენის დროს გამოყენებული ძველი ტაძრის ნაშთები მოწმობს, რომ ცაიშის ეკლესია ქართული საეკლესიო არქიტექტურის სამაგალითო ნიმუში იქნებოდა.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
გამოყენებული ლიტერატურა: პ.ზაქარაია, ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის