ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია
galerea
aRwera
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაქირში. იგი ფორმით სამნავიანი ბაზილიკაა. ტაძარი რამდენიმეჯერ არის გადაკეთებული, თავდაპირველი ნაგებობა XII საუკუნით თარიღდება, სწორედ ამ პერიოდიკაზე მეტყველებს ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადში ჩასმული ქვა, რომელზეც ე.წ. ბოლნური სტილის მრგვალი ჯვარია ამოკვეთილი. სავარაუდოა, რომ ეს ქვა იმ პირვანდელი ეკლესიის ყოფილიყო. რა ბედი ეწია პირვანდელ ეკლესიას ჩვენთვის უცნობია, დღევანდელი ტაძარი კი აუგია ლეონ კახთა მეფეს 1550 წელს. ტაძრის შესახებ ინფორმაციები საკმაოდ მწირია. მხოლოდ და მხოლოდ ტაძარი ნახსენებია ორ წერილობით წყაროში, პირველი აღმოჩნდა ანჩისხატის წერილობით წყაროებში, სადაც წერია, რომ დომენტი კათალიკოს, ქაიხოსროს ძეს, განუახლებია იგი. მეორე წერილობითი წყაროს მიხედვით, რომელიც ქაშუეთის ეკლესიაში აღმოჩნდა, ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარა ასევე თეიმურაზ მეორემ და მისმა მეუღლემ 1753 წელს.
სამრეკლო ტაძრისათვის მიუშენებიათ მე-19 საუკუნეში.
ტაძრის ეზოშია მცირე ტაძრის ნანგრევებიც, რომელიც სავარაუდოდ გუმბათიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეისათვის სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია.
ეკლესია შიგნიდან მოხატული ყოფილა, რომელიც მე-19 საუკუნემდე იყო შემონახული. ამაზე მოგვითხრობს ჟურნალი მწყემსის 1892 წლის გამოცემა. "ამ ტაძრის მხატვრობა ცხადათ ამტკიცებს, რომ იგი რამოდენიმეჯერ განუახლებიათ და განახლების დროს ბევრნაირად შეუცვლიათ და შეუსწორებიათ ეკლესიის მხატვრობა." (ჟურნალი "მწყემსი", 1892 წელი, № 22. დეკანოზი დ. ღამბაშიძე.)
დიდად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კომუნისტების მმართველობის დროს ეკლესიაში იყო განთავსებული სხვადასხვა დაწესებულებები: საავადმყოფო, საწყობი და ა.შ. სწორედ ამ პერიოდშია ტაძრის კედლები გადაღებილი.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის