ხირსის მონასტერი


galerea



aRwera

             ხირსის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან 11 კმ-ში. მეექვსე საუკუნეში ქრისტიანობის განმტკიცების მიზნით, საქართველოში შემოვიდნენ ასურელი მამები. სწორედ ერთ-ერთ მათგანს, ღირს სტეფანეს, უკავშირდება ხირსის მონასტრის დაარსება. IX-X საუკუნეთა მიჯნაზე სტეფანე ხირსელის მიერ აგებული ბაზილიკა, კახთა მეფემ კვირიკე I-მა გუმბათოვანი ტაძრით შეცვალა. XVI საუკუნის 40-იან წწ-ში ლევან კახთა მეფის დროს ჩატარდა რესტავრაცია. 
           სახელ „ხირსის“ წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან „ღირსი“. ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისგან. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი „ხირსა“ შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისთვის.
ღირსი სტეფანეს წმინდა ნაწილები ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილშია დასვენებული. ხირსის მონასტერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიონერული ცენტრი იყო. მისი მესვეურები დაუღალავად იღვწოდნენ ქრისტიანობის გასავრცელებლად დაღესტანში, ოსეთში, ინგუშეთში, ასტრახანში და სხვა. ამ მხრივ განსაკუთრებულია ხირსის მონასტრის წინამძღვრის იოანე მანგლელის ღვაწლი. 
         1811 წელს, ქართული ავტოკეფალური ეკლესის გაუქმების შემდეგ, ხირსის სავანე ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება. 
დროთა განმავლობაში მონასტერი მრავალჯერ დარბეულა. XIX ს-ის დასაწყისისათვის წმინდა სტეფანეს ტაძარი დანგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წ-ს ეგზარქოს იოანეს დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა მღვდელმონაზონი ფილადელფოს კიკნაძე (1832წ-ის შეთქმულების აქტიური მონაწილე). 
მონასტერს დასავლეთით აკრავს მაღალი გალავანი რომელიც კახთა მეფე ლევანს(1520-1574) შეუკეთებია. ტაძრის სამ სართულიანი სამრეკლო აგებულია იღუმენ ალექსანდრეს მიერ XIX ს-ში. მონასტრის ეზოში მდებარეობს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს მიერ XIX ს-ის ბოლოს არის აგებული.
         ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ძველი ქართული ჩვეულება. აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს სწირავდნენ თავის ფიზიკურ შრომას. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი უსასყიდლოდ მუშაობდნენ მონასტერში. ასეთ მუშებს “კურატი” ერქვათ. 
         ხირსის მონასტრის მთვარი სიწმინდე იყო წმ. პირველმოწამე სტეფანეს ხელის ნეკი. გადმოცემით ეს სიწმინდე აქ მონასტრის დამაარსებელმა - ღირსმა სტეფანემ ჩამოაბრძანა. დღეისათვის ეს სიწმინდე ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული. მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის დროს წმ. სტეფანეს ტაძარი საწყობად იყო გამოყენებული. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა. 1990-იანი წლების ბოლოს განახლდა მონასტერი და ჩაუტარდა სარემონტო სამუშოები.