ჯიხეთის მონასტერი
galerea
aRwera
სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი სოფ. ჯიხეთში, ნიგოითის მთაზე, ლანჩხუთიდან 6 კმ-ში, ხოლო ნიგოითიდან 3 კ-ში მდებარეობს. სოფელი მდებარეობს გურიის ქედის ჩრდ. კალთაზე, ზღვის დონიდან 250 მ.
მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ..
ჯიხეთის მონასტრის ამჟამინდელი ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მიუდგომელ ადგილას ყოფილა აშენებული მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე,მონასტრის მკვიდრთ მეტად აწუხებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. ეს ადგილი იწოდებოდა სამებად. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი - ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ.
იმ დროისათვის ეს ადგილი თავად მაჭუტაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც შეიწყნარა დედათა ლოცვა-ვედრება და მონასტერს ჯიხეთის მამული შესწირა. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ძველი ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ - შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგახრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია.
დედათა მონასტრის დამფუძნებელი და პირველი წინამძღვარი დედა ელენე (მგალობლიშვილი) იყო. მან თავი მოუყარა სხვადასხვა სოფლის მოსენაკე-მონაზვნებს და სამონასტრო ცხოვრება გააჩაღა XIX საუკუნის 80-იან წლებში. გასაოცარი მგალობელი ყოფილა მონაზონი, ბრმა მართა. მონასტერში არსებობდა სკოლაც, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმეებს და ხელსაქმეს. თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა მონასტერში. იყო შეწირვის ფაქტებიც - აკვირინე აროშიძე 9 წლისა შეუწირავთ. დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ლოცვა - ვედრებით მონასტერშივე დაშორებია წუთისოფელს და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშია დაკრძალული.
მძიმე ჟამი ბევრჯერ დადგომიათ დედებს, მაგრამ უმძიმესი მაინც რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. იშვიათად იღებოდა ტაძრის კარები. ლოცვა-ვედრებას ღამით აღავლენდნენ, დღისით კი ტაძრის კარებს შეშით და ფიცრებით ხერგავდნენ. ბოლშევიკური და კომუნისტური რეჟიმის სისასტიკის მიუხედავად, სამება-ჯიხეთის მონასტერს მოქმედება არასოდეს შეუწყვეტია. იგი თავისი სულიერი ცხოვრებითა და მოღვაწეობით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სავანეა.
1984 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი). მისი თაოსნობით მონასტერში მრავალი აღმშენებლობითი სამუშაო ჩატარდა.
1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო.
1988 წელს აიგო წმ. გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. მოხატულია იოსებ ბაჯელიძის მიერ.
მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს, ათონიდან ღმრთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.
2002 წელს, დიდმარხვის დროს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების პატარა ტაძარი. იქვე, მიმდებარედ ეზოში ოთხი მხრიდან წყარო შემოიყვანეს, სანათლავი მოაწყვეს და “იორდანეს წყარო” უწოდეს. გააკეთეს სანათლავი ემბაზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება და რომელშიც აღესრულება ნათლობის წმინდა საიდუმლო. წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. ნათლისღების დღეს იქ მრავალი მორწმუნე განიბანება, თუმცა სხვა დროსაც აღესრულება განბანვის რიტუალი. სამივე ტაძრის კანკელი გაკეთებულია ზაურ ცირეკიძის მიერ.
ყოველ 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს, მონასტერში იმართება დიდი დღესასწაული - ჯიხეთობა.
მონასტრის აღმშენებლობით სამუშაოებში წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მოსახლეობას, ლანჩხუთის მრევლს.
საკუთარი მეურნეობა აქვს მონასტერს: ფუტკარი , ვენახი , სიმინდის ყანები , ბოსტანი. აქვთ ყველაფერი საკუთარი შრომით მონაგარი , უფლის წყალობით ნაკურთხი .
სამება-ჯიხეთის მონასტერი აგრძელებს ქართული სამონასტრო ღვთისმსახურებისა და გალობის ტრადიციას. უკვე რამდენიმე წელია მონასტრის ოთხი წევრისაგან შემდგარი გუნდი, მონაზონ მართას (ჩხიკვიშვილი) ხელმძღვანელობით, ღვთისმსახურების დროს ყოველდღიურად გალობს ძველ ქართულ სამგალობლო კილოებს. ორიოდე წლის წინ შეიქმნა მეორე გუნდიც, რომელიც ამჯერად 8 წევრისაგან შედგება. ისინი ძირითადად სადა კილოს საგალობლებს ასრულებენ.
სამება-ჯიხეთის დედათა გუნდის გალობას მოუსმინა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, რომლის ლოცვა-კურთხევითაც გამოიცა მონასტრის დედების გალობის დისკის გამოცემა
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ლელა მარგიანის