სიონი
galerea
aRwera
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (სიონის) საკათედრო ტაძრის მშენებლობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გუარამ კურაპალატის დროს დაიწყო და VI ს-ის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა.
ბუნებრივია, რომ სიონი, როგორც თბილისის კათედრალი, საქართველოს დედაქალაქის მთავარი ქრისტიანული ტაძარი, უცხოელთა ყოველი ან თითქმის ყოველი შემოსევის მსხვერპლი ხდებოდა, მით უფრო რომ ყველა ამ დამპყრობელს სარწმუნოებაც სხვა ჰქონდათ: ისინი მაჰმადიანები, ე.ი. ქრისტიანების მიმართ განსაკუთრებით გაბოროტებული ფანატიკოსები იყვნენ. ყოველი ასეთი შემუსვრისა და შეგინების შემდეგ საქართველოს ხელისუფალნი შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ აღედგინათ იგი, სწორედ ამიტომ ტაძარი რამდენიმე სამშენებლო ფენისაგან შედგება.
1226 წელს ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ელ-დინმა თბილისი აიღო, მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა იგი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის.
1522 წელს ირანის შაჰმა ისმაილმა დაარბია სიონის ტაძარი. ამის შემდეგ იმავე XVI-XVII საუკუნეების პირველ ათეულ წლებში თბილისი კიდევ მოაოხრეს სპარსელებმა; უეჭველია რომ მათ მძვინვარებას ვერც სიონი გადაურჩა. Aამის შემდეგ 1675 წელს ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა როსტომ მეფის ბრძანებით სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა. 1710 წელს ვახტანგ VI ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა. სწორედ ვახტანგ VI-ის დროინდელ რესტავრაციასთან არის დაკავშირებული ის ორნამენტები და ჩუქურთმები, რომელიც გააჩნია ამჟამინდელ ტაძარს.
1724 წელს კახეთის მაჰმადიანმა მეფემ ალი-ყული-ხანმა გაიტაცა სიონის ღვთისმშობლის ხატი. შემდეგ სიონი ლეკებმა გაძარცვეს. 1726 წელს თურქეთის სულთანმა თბილისის მმართველს ისაყ-ფაშა ახალციხის რაიონის მეჩეთად გადაკეთება უბრძანა.
თ ბილისის მიტროპოლიტ დომენტი ორბელიანისა და სასულიერო პირთა თხოვნით თავადმა გივი ამილახვარმა თავისი გავლენა გამოიყენა და დიდძალი ძღვენის ფასად ფაშისაგან ტაძრის ხელუხლებლობის პირობა მიიღო. მადლიერი სამღვდელოება 1795 წლამდე ყოველწლიურად, თომას კვირიაკეს შაბათს წირვას აღავლენდა გივი ამილახვრისა და მისი შთამომავლობის სახელზე. 1899 წელს ეს კეთილი ტრადიცია კვლავ აღადგინეს.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მმართველმა თავადმა ციციანოვმა სიონის ტაძარს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა, 1803 წელს ეკლესია მოიხატა. XIX საუკუნის 50-იან წლებში თავადმა გრიგოლ გაგარინმა სიონი ახლიდან მოხატა. 1867 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ განახლებული სიონის ტაძარი აკურთხა და საღვთო ლიტურგია აღასრულა. ხოლო სარემონტო სამუშაოები კვლავ ჩაუტარდა სიონის ტაძარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ, რომელიც 1983 წელს დასრულდა.
სიონის ტაძარი თავისი გეგმით განვითარებული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშია. იგი ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი აფსიდებით. გუმბათი ყელითურთ დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ჯვარისებური კვეთის სვეტსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა. ტ.კიპაროიძემ შეადგინა ტაძრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეთა პროექტი (აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის კარიბჭის ნაკვალევი აღმოაჩინეს სარესტავრაციო სამუშაოების წარმოების დროს). 1983 წელს დასრულდა მშენებლობა. სამხრეთ მინაშენში მოეწყო წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში - ვახტანგ გორგასლის სახელობისა. კანკელის ავტორი ასევე ტ. კიპაროიძეა. გუმბათზე დაიდგა ახალი ჯვარი.
სიონის საკათედრო ტაძარს ორი სამრეკლო აქვს. გალავნის შიგნით, ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე სამრეკლო 1725 წლით თარიღდება . მისი ზემო ნაწილი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაინგრა და აღდგენილია უკანასკნელ წლებში ტარიელ კიპაროიძის ხელმძღვანელობით.
ტაძრის დასავლეთით, ქუჩის მეორე მხარეს აღმართული სამიარუსიანი, შპილით დაგვირგვინებული სამრეკლო აგებულია 1812 წელს, პეტერბურგიდან გამოგზავნილი პროექტის მიხედვით და თბილისში რუსული კლასიციზმის პირველ ნიმუშს წარმოადგენს.
თბილისის საკათედრო ტაძარში ინახება ჯვარი ვაზისა, რომელიც ქართველთა განმანათლებელს, წმიდა ნინოს იერუსალიმში გადასცა ღვთისმშობელმა. ცენტრალური ტაძრის კანკელის სამხრეთით, კედელში წმიდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია. ტაძარში ინახება წმ. დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა.