მეტეხი


galerea



aRwera

      მეტეხი ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. არსებობს მეორე ვარიანტი მეტეხის სახელთან დაკავშირებით. ნ. ჩუბინაშვილის აზრით, სიტყვა „მეტეხი“ ბერძნული „მეტოქისაგან“ წარმოსდგება, რაც ნიშნავს „ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიტთა დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში“. „მეტეხი“ გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში. 
       ლეგენდის თანახმად ეს იყო ადგილი სადაც V საუკუნეში წმიდა შუშანიკ წამებული დაკრძალეს. ამ პერიოდში ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. გადმოცემის თანახმად, ძველ ტაძარში წმინდა შუშანიკი ყოფილა დაკრძალული. 
       გადმოცემის მიხედვით მეტეხის კლდე წმიდა აბო ტფილელის წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. 
       თამარის ისტორიკოსის ბასილის ცნობით, როცა მეფეს ქართველთა ლაშქარი შამქორის ბრძოლაში გაუსტუმრებია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია. მონღოლთა შემოსევას 1235 წელს ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა. მონღოლებმა დაანგრიეს მეტეხის ტაძარი. 
       ამჟამინდელი ეკლესია წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულმა აღადგენინა და აქ მონასტერიც დააარსა. XV საუკუნის 30-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია.
       XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ სპარსთა გარნიზონი იდგა. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა, აღადგინა ეკლესია, შეაკეთა გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა. XIX საუკუნის შუა პერიოდში მეტეხის ტაძარი კვლავ შეუკეთებიათ.
       რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) ეკლესიამ დაკარგა მისი რელიგიური ფუნქცია და სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშლილ იქნა და ახალი ნაგებიბით შეიცვალა, რომელიც სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა 1938 წლამდე.
       დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინაარმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა.
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედოდ იყო. 1979 წლიდან აქ სპექტაკლებს მართავდა სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია. მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.
       1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ იქნა ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხოვნით მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს. კომუნისტური მმართველობის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად 1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო. მორწმუნეებმა შეაკეთეს გაძარცვული ტაძრის კანკელი. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.
 
       მეტეხის მიდამო მტკვრის საპირისპირო სანაპიროსთან რკინაბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1951 წელს აიგო ორი ძველი ხიდის ადგილას. სამწუხაროდ, ახალი ხიდის მშენებლობის პროცესში სრულიად დაინგრა სხვადასხვა ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი, რომელიც XVII-XIX საუკუნეებით თარიღდებოდა. ბოლო დროს ქალაქის მთავრობამ წამოიწყო ძველი თბილისის ამ ისტორიული ნაწილის XX საუკუნის დასაწყისის დროინდელ
       ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. მისი კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება და აგებულია თლილი მომწვანო-რუხი ქვით. ტაძრის გეგმა წარმოადგენს მართკუთხედს, რომლის შუაშიც გუმბათის საყრდენი ოთხი ბურჯია აღმართული. საკურთხევლის მხარეს განლაგებულია სამი ნახევრად ცილინდრული ფორმის აფსიდი. აღმოსავლეთის ფასადს დიდი ჯვარი და სარკმლის ქვემოთ ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს. ესაა სამთავისის ტაძრის ცნობილი სქემა.
       საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა და მასში მკაფიოდ აღინიშნება სხვადსხვა ეპოქის კვალი: XIII საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილია აღმოსავლეთისა და ჩრდიოლოეთის კედლები კამარებამდე, დასავლეთის კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.
       XVI-XVII საუკუნეებში აგურითაა აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები და სხვა. ერეკლე მეფის დროსაა აღდგენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი. არის XIX საუკუნის ფენებიც.
       ტაძარში ძირითადად ახლად შემოწირული ხატებია. შედარებით ძველი ხატებია: კანკელის მაცხოვარი და ღვთისმშობელი, ასევე წმ. ნიკოლოზი, წმ. გიორგი, ყაზანის ღვთისმშობელი. კანკელში მოთავსებულია ლაშა კინწურაშვილის მიერ დაწერილი ხატები ღვთისმშობლის შობისა (ესაა ტაძრის მთავარი ხატი და, საეკლესიო ტრადიციის თანახმად, კანკელის მარჯვენა მხარეს მდებარეობს) და აბო თბილელის, წმ. ნინოსი და წმ. შუშანიკისა. ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოდგენს წმ. შუშანიკის საფლავი. თავდაპირველად წამებული დედოფლის ცხედარი დაბა ცურტავში განისვენებდა. სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით, წმინდანის ნეშტი მეტეხის ტაძარში გადაასვენეს. ცნობილია, რომ თამარ მეფემ მოოქროვილი სამოსით შეამკო ნეტარი დედოფლის სხეული და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას. ხატებიდან აღსანიშნავია წმიდა იობის, სვიმეონ მოციქულის, მთავარანგელოზთა, წმიდათა ზაბულონისა და სოსანას ხატი წმიდა ნინოსთან ერთად.
       მეტეხის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე. ყოველ ოთხშაბათს იკითხება კვეთებულისა და ლახვრის ლოცვები. კვეთებულის ლოცვა განკუთვნილია სულიერი სალმობით შეპყრობილთათვის, ხოლო ლახვრის ლოცვა - ფიზიკურად სნეულთათვის. ამ ლოცვებს უკითხავენ ეკლესიურ მორწმუნეს, რომელიც ესწრება წირვა-ლოცვას, ამბობს აღსარებას, ეზიარება და მარხულობს. სულიერი და ფიზიკური განკურნება დამოკიდებულია ამ პირობის დაცვასა და, რა თქმა უნდა, თითოეული ქრისტიანის სარწმუნოებაზე. ცხადად სრულდება მაცხოვრის სიტყვები: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა“. ყველას სარწმუნოებისაებრ მოეგება. სასიხარულოა, რომ გვხვდება სასწაულებრივი განკურნების ფაქტები. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი აკაკი მელიქიძე.