კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია


galerea



aRwera

        ძველ წყაროთა ცნობით, კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა დაარსებული და იწოდებოდა დედაციხის ეკლესიად, რომელშიც შედიოდა „ორმოცმოწამეთა“, წმ. დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერი, ციხის დიდი წმ. გიორგის ეკლესია, კლდისუბნის „წმ. გიორგი“, „ჯვარის მამა“, ქვემო ბეთლემის მონასტრამდე. ჩვენამდე კი ამ ტაძარმა XI ს-ნის გეგმით მოაღწია. 
       ამჟამინდელი ტაძარი 1753 წელს არის აგებული. ამ ნაგებობას წინ უსწრებდა 1600 წელს აშენებული ტაძარი. დღევანდელი ეკლესია პეტროს ზოჰრაბიანისა და მისი მეუღლის - ლალითას სახსრებით აიგო. იგი XIX საუკუნეში საფუძვლიანად შეაკეთეს, ცილინდრული კამარით გადახურულ დარბაზული ტიპის ნაგებობას ამავე პერიოდში დაადგეს ცრუ გუმბათი და სამრეკლო დააშენეს. 
      ვახუშტი ბატონიშვილის გეგმით, ტაძრის დასავლეთით, შესასვლელის წინ იდგა სამრეკლო. უფრო თანამედროვე პერიოდში ტაძრის ჩრდილოეთის ფასადზე არაკანონიერად მიშენდა საცხოვრისები. მეტიც, კომუნიზმის ეპოქაში კლდისუბნის „წმ. გიორგის“ ეკლესიაში მოწყობილი იყო თოჯინების და ლაქის საამქროები, კრივის სექცია, არაქართველი მოსახლეობა კი მას საბანკეტო დარბაზად იყენებდა, იყენებდნენ სამტრედედაც. 
         ტაძარი ხელახლა 1991 წლის 23 ნოემბერს იკურთხა. 2002 წლიდან ჩაუტარდა მნიშვნელოვანი კეთილმოწყობითი და მცირე გამაგრებითი სამუშაოები, დასუფთავდა, მოპირკეთდა ეზო, მოეწყო გამწვანება.
   ტაძარი და მისი ტერიტორია კომპლექსურ შესწავლასა და აღდგენას საჭიროებს. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით საკურთხევლიდან იყო ჩასასვლელი ქვევით. აღმოსავლეთ ფასადთან ნაპოვნია სამარხი, რომელიც დღემდე შეუსწავლელია. 
       დღეს-დღეობით ეკლესიის ტერიტორია ყოველმხრივ შეზღუდულია და განიცდილს დიდ სივიწროვეს. არ გააჩნია სამრეკლო, სატრაპეზო, სასულიერო და სამრევლო სკოლა, რომელიც ძველთაგანვე არსებობდა.