ბეთანია
galerea
aRwera
ბეთანია მდებარეობს თბილისიდან დასავლეთით 17-ოდე კილომეტრის მანძილზე, მდინარე ვერეს ტყით დაბურულ ხეობაში. აქ ოდესღაც დიდი ლავრა ყოფილა, რაზეც მოწმობს ბერ-მონაზონთა შემორჩენილი სენაკების ნაშთი. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი სავარაუდოდ, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებული.
გადმოცემით თამარ მეფე ხშირად დადიოდა აქ. ტაძრის ჩრდილოეთით კედელზე შემორჩენილია დიდი ზომის ჯგუფური ფრესკა მეფეთა გამოსახულებებით: გიორგი III, მეფე თამარი და ლაშა-გიორგი. სწორედ ამ ფრესკას უძღვნა გრიგოლ ორბელიანმა ლექსი “თამარ მეფის სახე ბეთანიაში”. ტაძრის სამხრეთ კედელზე ბერის სამოსელით და ტაძრის მოდელით ხელში არის ტაძრის არქიტექტორის სუმბატ ორბელის ფრესკა.
მთავარი ტაძრის ჩრდილო დასავლეთით რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1196 წელს თამარ მეფის მამიდას რუსუდანს აუგია.
დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული თაღებ და გუმბათ ჩამონგრეული ეკლესია XIX საუკუნის შუა ხანებში მოინახულა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა. გაასუფთავა და თამარ მეფის ფრესკაც გამოაჩინა. 1894-1896 წლებში კვლავ დამკვიდრდნენ ბერები. კომუნისტების დროს ბერები კვლავ ცხოვრობდნენ მონასტერში, თუმცა გაფორმებულნი იყვნენ როგორც ტაძრის დარაჯნი. მათ შორის აღნიშვნის ღირსნი არიან მამა გიორგი და მამა იოანე, რომლებიც წინასწარმწტყველებისა და კურნების ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი, რასაც გულმოდგინედ მალავდნენ. საქართველოს ეკლესიამ 2003 წელს ისინი წმინდანებად შერაცხა. ორივე მამა ერთად არიან დაკრძალულნი ბეთანიის მონასტერში.
ბეთანიის ტაძარს 2000 წელს მონასტრის წინამძღოლის იღუმენ საბას(კუჭავა) ლოცვა-კურთხევით ჩაუტარდა რესტავრაცია, აიგო დამატებითი სენაკები და ა.შ