პარხალი
galerea
aRwera
პარხალის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, სოფელ ალტიპარმაკში, მდინარე პარხლისწყლის ხეობაში.
პარხალი მრავალჯერაა მოხსენიებული ბერძნულ, რომაულ, სომხურ, თურქულ და ქართულ ისტორიულ წყაროებში.
ისტორიული ცნობებით, პარხლის ბაზილიკა 973 წლისათვის ახალი აგებული ყოფილა დავით III კურაპალატის შემწეობით. პარხლის ტაძრის გამამშვენებელი პატრიარქი იოანე I ოქროპირია (980-1001 წწ.).
პარხალში, XV საუკუნეში, მეფე ალექსანდრე დიდის (1412-1442 წწ.) ზეობის ხანაში აიგო სამხრეთი ეკვდერი, რომელიც ამჟამად განადგურებულია.
XVI საუკუნიდან აქ სამონასტრო ცხოვრება შეწყდა. 1677 წელს პარხლის ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რომელიც 2009 წლამდე ფუნქციონირებდა.
პარხლის მონასტრიდან შემორჩენილია მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის მთავარი ტაძარი, რომელიც გვიანდელი ბაზილიკების რიგს განეკუთვნება. (25,64X15,7 მ.). ტაძრის ფასადები შემკულია სხვადასხვა ორნამენტებით და წარწერებით, მათ შორის გამოირჩევა შუა ნავის სამხრეთის ფასადი. ეკლესიის მოხატულობიდან შემორჩენილია მხოლოდ მცირედი ნაწილი.
პარხალი მწიგნობრობის დიდი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ გაბრიელ პატარაი და იოანე ბერაი. პარხალშია გადაწერილი ცნობილი ხელნაწერები: პარხლის მრავალთავი (XI ს.), პარხლის ოთხთავიA(973 წ.) და 1241 წლით დათარიღებული ოთხთავი.
XIX საუკუნემდე სოფელში გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობდნენ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ფარულად აღიარებდნენ ქრისტიანობას და საკუთარი მღვდელიც კი ჰყავდათ.
პარხლის ტაძარი ტყით დაბურულ პარხლის წყლის ხეობაში მდებარეობს. ეს ადგილი საკურორტო ზონაა და ტაძარს მრავალრიცხოვანი მნახველი ჰყავს.