იყალთოს მონასტერი და აკადემია
galerea
aRwera
იყალთო - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთოს მონასტერი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია.
ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო წმ. მამა ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა მრავალი სათავსოები.
ისტორიული მოვლენებიდან აღსანიშნავია მძიმე ფაქტი როდესაც, 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან თავის არსებობა შეწყვიტა.
იყალთოს აკადემია, უმაღლესი სასწავლებელი XI-XII საუკუნებში საქართველოში. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომელიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. ნანგრევებში ჩანს კათედრის ფუძე, დამახასიათებელი თახჩა-ფანჯრები. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია. იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას("მეკეცეობა"), მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ.
ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. მამამისი კახეთის თავადი იბად ვაჩნაძე იმ დროისათვის ცნობილი კაცი იყო. მან შვილს სამეცნიერო და საღვთისმეტყველო განათლება მიაღებინა. სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნე „ბრძენი და მეცნიერი“ არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და „მოძღვარი სამეცნიერო“. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამრტოლის „ხრონოგრაფი“, აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში „დოგმატიკონი“ ეწოდება. იგი შემდგომ თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით. სწავლის დამთავრების შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის (ხს. 18 იანვარს)ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.
1114 წელს წმიდა არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას თარგმნა მან „დიდი სჯულისკანონი“. გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში ვკითხულობთ: „ქრისტიანეთა წინამძღვარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოჴსენებულისა და ჩუენ ქართველთათჳს ფრიად ჭირთა თავმსდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი“. შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დაარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია.
წმიდა არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა „არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა“. „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი“ წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.
2008 წლიდან კომპანია „ჯეოსელის“ ინიციატივით და დაფინანსებით დაიწყო ტაძრის და აკადემიის სრული რეაბილიტაცია. ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რაც რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი იყო. გამოვლენილია ბევრი საინტერესო მასალა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტები, (1261-1264წწ) უძველესი მარანი. ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები და საძირკველში ჩაიდგა რკინა-ბეტონის ბალიში და სამაგრები. ეს ფაქტი მართლაც მნიშვნელოვანი და საჭირო იყო კომპლექსისთვის და ტაძრისთვის, რომელიც დანგრევის პირას იყო. კარგი იქნება თუ კომპანია „ჯეოსელს“ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ და დაეხმარებიან ჩვენს ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს.