სიღნაღი


galerea



aRwera

          თბილისიდან ასიოდე კილომეტრის სავალზე მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ციხე-ქალაქი სიღნაღი. იგი წარმოადგენს კახეთის ულამაზესი კუთხის ქიზიყის გულს. ქალაქი შეფენილია ცივ-გომბორის ქედზე, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმღლეზე.
           სახელწოდება სიღნაღი წარმოდგება თურქული სიტყვიდან და თავშესაფარს ნიშნავს. აქ ძველთაგანვე ყოფილა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იყენებდნენ როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის თავშესაფრად. ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხე-სიმაგრის ისტორია განუყრელადაა დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ის სახელთან, რომელმაც ,,განაახლა.... გალავანი სიღნაღისა” და მას მთავარი როლი დააკისრა ლეკებისა, ოსმალ-ყიზილბაშებისგან თავის დასაცავად. ერეკლე II-მ მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონტრუქცია, გაამაგრა კედლები და შეუხამა იმ დროის მოთხოვნებს.
           სიღნაღის ციხე-გალავანი ერთი-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. მას თითქმის 40 ჰექტარი უკავია. გალავნის სიგრძე 4-კილომეტრამდეა. მთელ პერიმეტრზე განლაგებული ყოფილა 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი. ყველა კოშკი ატარებდა სახელს იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში. ციხეს ჰქონია 6 შესასვლელი, რომლებიც ასევე სოფლების სახელებს ატარებდნენ. მტრის შემოსევის დროს, ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. მათ ევალებოდათ კოშკებისა და გალავნის დაცვა. ციხის კედლები ორ იარუსიანია. ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ხოლო ზედა იარუსისა 70-80 სმ-ს შეადგენს. ამ კედლების სიგრძეთა განსხვავება ქმნის საბრძოლო ბილიკს. სიღნაღის ციხე-გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის ეკლესია. გალავანი ნაგებია ძირითადად რიყის ქვით, უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული აგური. 
          ბოლო წლებში საქარველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის მხარდაჭერით განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია. აშენდა სასტუმროები, რამდენიმე ახალი რესტორანი და კვების ობიექტი, შეიცვალა ინფრასტუქტურა, მოპირკეთდა ქუჩები, ასევე შენობებს დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახე. აშენდა სიღნაღის მუზეუმი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.