ლურჯი მონასტერი
galerea
aRwera
ანდრია პირველწოდებული სახელობის ეკლესია, „ლურჯი მონასტერი“, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარეობს თბილისში ახლანდელი ვერის პარკთან (ძველი გაბაანთხევი), ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიამ „ლურჯი მონასტრის“ სახელი ლურჯად მოჭიქული გადახურვის გამო მიიღო (დღესდღეობით ჭიქურის ნაცვლად სახურავი ლურჯადაა შეღებილი).
ტაძარი აუშენებიათ XII საუკუნის მიწურულში უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას. ახლანდელ ნაგებობაში გამოყენებულია ძველი ეკლესიის ცალკელული. სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში დაცული ვრცელი წარწერის თანახმად, ეკლესიის ამშენებელი ყოფილა „უღირსი ბასილი, ქართლისა მთავარეპისკოპოსყოფილი“, თამარ მეფის დროინდელი პოლიტიკური მოღვაწის, აბულასანის ძმა.
ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია იყო, უახლოვდებოდა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს (ბეთანია, ქვათახევი). მოგვიანებით, სპარსელების ლაშქრობის შედეგად მას გუმბათი მორღვევია და XVI - XVII საუკუნეებში ძლიერ დაზიანებული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს.
XVIII საუკუნეში იგი გაბაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. რუსეთის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ტაძარი ზლიერ დაზიანდა, ამის გამო წირვა-ლოცვა გაუქმდა და ნაგებობაში დენთის საწყობი განთავსდა.
1858 წელს დადგა საკითხი ეკლესიისთვის მისი პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების შესახებ. 1860 წელს დეკანოზ გრიგოლ ჭრელაშვილისა და ინჟინერ-ტექნოლოგ ფონ-ბიჰოლდის მიერ საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში წარდგენილ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ტაძარი მხოლოდ მცირე შეკეთებას საჭიროებდა, რათა მასში ღმრთისმსახურების აღდგენა ყოფილიყო შესაძლებელი. სამხედრო უწყებამ ნაგებობა მხოლოდ 1871 წელს გაათავისუფლა.
მალევე ტაძრის რესტავრაცია დეკანოზ იოანე ბასხაროვის ხელმძღვანელობითა საეპარქიო არქიტექტორ ალ. ჩიჟოვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ეკლესიას დაადგეს რუსული ,,ხახვისებრი” გუმბათი, რომელიც შეუსაბამობაში მოდიოდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ფორმებთან და ტაძრის იერ-სახე დაამახინჯა. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა.
საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1990 წელს ღმრთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა.
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის