იშხანი
galerea
aRwera
იშხნის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, სოფელ იშხანში. ტაძარი გამორჩეულია ხუროთმოძღვრული პლასტიკითა და საკურთხევლის სვეტების კოლონადით.
მონასტერი აშენდა VII საუკუნეში, იშხნელი ეპისკოპოსის, ნერსესის მიერ. ეკლესიის თავდაპირველი გეგმა წრეში ჩახაზულ ჯვრის ფორმას წარმოადგენდა. IX საუკუნეში ტაძარი მეორედ ააშენა საბა იშხნელმა, ბაგრატ კურაპალატის ქტიტორობით. ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ისე აიგო, რომ ძველი ეკლესიის დარჩენილი საკურთხევლის სვეტნარი შენარჩუნდა. XI საუკუნეში იშხნის ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთა მთავარეპისკოპოსმა ანტონ იშხნელმა. ცნობილია ხუროთმოძღვარიც - იოანე მორჩაისძე.
იშხნის მონასტრის ნაგებობათაგან შემორჩენილია მთავარი ტაძარი და დარბაზული ეკლესია.
წმინდა მოციქულთა მთავარი ტაძრის ზომებია 36,6X18,4 მეტრი. გუმბათის ყელი დაყრდნობილია ოთხ მძლავრ ბურჯზე. მორთულობით გამოირჩევა დასავლეთის და სამხრეთის ფასადები, რომლის მეორე კამარაში გაჭრილია კარი, აქვეა საქტიტორო წარწერაც.
დასავლეთი მკლავი, გვიან აშენებული კედლით, ჯამედ იყო გადაკეთებული. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთი მინაშენის სამხრეთ კედელზე 27 პწკარიანი დაზიანებული წარწერაა (X ს), რომელშიც მოხსენიებულია ქართველი ბაგრატოვანი მეფეები. იშხნის მხატვრობა X-XII საუკუნეებისაა. განსაკუთრებით მდიდრულია და შედარებით უკეთესადაა შემორჩენილი კამარის მოხატულობა.
ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით დგას ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია, აგებული გურგენ მეფის მიერ 1006 წელს. კარის ტიმპანზე შემორჩენილია ქართული და სომხური ქვაზე ნაკვეთი წარწერები.
იშხანი მწიგნობრობის კერას წარმოადგენდა. მონასტრის მოღვაწეთაგან გამორჩეულია ილარიონ იშხნელი (X-XI სს.).
იშხნის ნამონასტრალი არქიტექტურული გადაწყვეტით და ლამაზი გარემოთი დღესაც მეტად შთამბეჭდავია და მრავალ ტურისტს იზიდავს.
ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის