ხახული
galerea
aRwera
ხახულის მონასტერი მდებარეობს ისტორიული თორთომის მხარეში, სოფელ ბაღბაშში.
მონასტერი აშენებულია X საუკუნეში დავით III კურაპალატის მიერ. კომპლექსი ქვის დაბალი გალავნით არის შემოსაზღვრული. დღეისათვის შემორჩენილია: ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი გვიანდელი მინაშენებით, ცალკე მდგომი დარბაზული ეკლესია (IX ს.), სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები და გალავნის კარიბჭე.
ხახულის მთავარი ტაძარი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას (26,6X16,7 მ.). ტაძარი მდიდარია ფასადების ქანდაკოვან-ჩუქურთმოვანი რელიეფური შემკულობით. განსაკუთრებით გამოიჩევა სამხრეთის შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია, რომელშიც არწივის ჰორელიეფური გამოსახულებაა ჩართული. მთავარი ტაძრის სამხრეთის შესასვლელთან რამდენიმე ბარელიეფია. ტაძრის კედლებზე წარწერები და მოხატულობა თითქმის აღარ არის შემორჩენილი. ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობა ხახულს წმინდა სალოცავად თვლიდა. მთავარი ტაძარი ამჟამად მეჩეთად არის გადაკეთებული, რამაც ხელი შეუწყო მის დაცვას. ხახული ერთ-ერთი ბოლო მონასტერია ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, რომელშიც დღესაც მეჩეთია გამართული.
ხახულის მონასტერი მწიგნობრობის ცნობილი კერაც იყო. ლიტერატურული წყაროებიდან ცნობილია, რომ გიორგი მთაწმინდელს ბავშვობაში განათლება ხახულის მონასტერში მიუღია. აქ მოღვაწეობდა იოანე ხახულელი - ოქროპირად წოდებული. აქ გადაწერილი ხელნაწერებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შემორჩენილთაგან უძველესი, XII საუკუნის ხელნაწერი.
საქვეყნოდ ცნობილია ხახულის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა გელათის მონასტერში გადააბრძანა, სადაც ხატი ხელახლა მოიჭედა და კარედით შეიმკო. 1952 წლიდან ხატი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.
ხეხილის ბაღით გარშემორტყმული ხახულის მთავარი ტაძარი მოვლილია და ყველაზე კარგდაა შემორჩენილი თურქეთში მდებარე ქართულ ძეგლებს შორის.
ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის