ოთხთა ეკლესია


galerea



aRwera

    ოთხთა ეკლესიის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის, ოთხთა ეკლესიის წყლის ხეობაში, სოფელ თექალედან 4 კილომეტრზე. 
      ეკლესია აგებულია 961-965 წლებში, დავით III კურაპალატის მიერ. მისივე შემწეობით 978-1001 წლებში მონასტერი მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ. ოთხთა ეკლესიის მონასტრის ნაგებობათაგან შემორჩენილია მთავარი ტაძარი, დასავლეთი კარიბჭე, სემინარია, სატრაპეზო, სამარხი კაპელა და მცირე სამლოცველოები.
      ოთხი მახარებლის მთავარი ტაძარი  სამნავიანი ბაზილიკაა (28,46X18,60 მ, სიმაღლე 22,07 მ.). იგი გამოირჩევა სინატიფითა და დახვეწილი არქიტექტურული გადაწყვეტით. ფასადების მთავარი მორთულობა კამარებია, ფასადებზე შემორჩენილია წარწერებიც. ტაძრის მოხატულობის ფრაგმენტები მხოლოდ საკურთხეველშია შემორჩენილი. ბაზილიკის შუა ნავის დასავლეთით გვიანდელი პატრონიკეა. 
      დასავლეთის კარიბჭე მთავარ ტაძარს მოგრძო დარბაზთან, სემინარიასთან აკავშირებს. სემინარიის ჩრდილოეთით დგას დიდი შენობა _ სატრაპეზო.
      ბაზილიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორსართულიანი დაზიანებული სამარხი კაპელა დგას.
      მონასტრის მოღვაწეთა შესახებ შემორჩენილია ცნობა გიორგი მთაწმინდელის (XI ს.) თხზულებაში  “ცხოვრება იოვანესი და ეფთიმესი”.
    ოთხთა ეკლესია, X საუკუნის II ნახევრის გრანდიოზული ბაზილიკა, ორგანულად შერწყმული ტყიან ლანდშაფტთან, დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ მნახველზე. 

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის