პარეხთა


galerea



aRwera

         პარეხთას მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ დუღანალასთან, ბერთას წყლის ხეობაში. მონასტერი გაშენებულია გრძელი და მაღალი ვერტიკალური კლდის მიუდგომელ შუა ნაწილში.
          პარეხთაში, VI საუკუნეში, სავარაუდოდ, უკვე არსებობდა მონასტერი, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში იქნა განახლებული. იგი  მოიხსენიება საქართველოს სინად წოდებულ კლარჯეთის თორმეტ უდაბნოთა შორის. პარეხთა ოპიზის შემდეგ უძველესი სავანეა კლარჯეთის ტერიტორიაზე და მნიშვნელოვან სასულიერო კერას წარმოადგენდა. 
           პარეხთას ღვთისმშობლის მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული ნაგებობები: დარბაზული ეკლესია (IX ს.), სამნავიანი ბაზილიკა, კლდის კონცხზე ერთმანეთის მიჯრით მდგომი ორი მცირე ტაძარი და კაპელა. მონასტრის ტერიტორიაზე, კლდის თხემიდან, მცირე ჩანჩქერი ჩამოედინება. 
           ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ მონასტერი XVI საუკუნემდე არსებობდა. მონასტერთან დაკავშირებულია ცნობილი მოღვაწეების _ მიქაელ პარეხელის, ილარიონ პარეხელის და მონასტრის მოძღვრის მაკარის სახელები.
         მონასტერი მოხსენიებულია სერაპიონ ზარზმელის (IX-X სს.) და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში (X ს.), ბერთის (XII ს.) და პარხლის (XIII ს.) ოთხთავებში. 
        მონასტრის ნაგებობები ორგანულადაა შერწყმული კლდოვან ლანდშაფტთან. მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრა შეიძლება მხოლოდ ვიწრო კლდოვანი ბილიკით. აქედან მეტად შთამბეჭდავი პანორამა ბერთისწყლის ხეობაზე.

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის