ოშკი


galerea



aRwera

        ოშკის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ტაოში, მჭიდროდ დასახლებულ სოფელ ჩამლიჩამაჯში (ოშვანქში).  ეკლესია შენდებოდა 963-973 წლებში. აქვე არიან დაკრძალულნი ქტიტორები ბაგრატ ერისთავთ ერისთავი და დავით III კურაპალატი.  
    ოშკის მონასტრის ნაგებობათაგან შემორჩენილია მთავარი ტაძარი, სამნავიანი ბაზილიკა და კვადრატული დარბაზი.
      იოანე ნათლისმცემლის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (38,5X36 მ; სიმაღლე 40 მ.). მთავარი შესასვლელი _ სამხრეთ კარიბჭე, მდიდრულადაა მორთული. მის  ტიმპანზე მრავალი ინფორმაციის შემცველი სამშენებლო წარწერაა. ტაძარს ჩრდილოეთიდან ორსართულიანი ეკვდერი აქვს. ოშკის გუმბათი დახურულია მოჭიქული კრამიტით. მისი ყელი ეყრდნობა ოთხ მონუმენტურ ბურჯს. სამხრეთ ფასადის ხუთ ფიქალზე გამოკვეთილია წმინდანთა და ქტიტორთა ჰორელიეფები. განსაკუთრებულია ოშკის ოთხნაწილიანი სამხრეთი სტოა-გალერეა.  ტაძრის კედლის მხატვრობა (XI-XIV სს.) მნიშვნელოვანი ნაწილი შემორჩენილია სამხრეთის მკლავში. 
     მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს ძლიერ დაზიანებული სამნავიანი ბაზილიკა, რომელსაც მიშენებული აქვს კვადრატული დარბაზი სფერული გუმბათით. 
      XVI საუკუნიდან, მას შემდეგ რაც ტაო-კლარჯეთი თურქეთის შემადგენლობაში შევიდა, ოშკში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა. მოგვიანებით, ტაძრის სამხრეთ მკლავში (1860-1983 წწ.) მეჩეთი იყო განთავსებული.
     ოშკის ტაძართან დაკავშირებულია თორნიკე ერისთავის (იოანე თორნიკყოფილი) სახელი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ მებრძოლი ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. ასევე ცნობილია, რომ თამარის მხედრობამ 1202 წელს, ბასიანის ომში, ოშკი მტრისაგან გამოიხსნა. მონასტერი მწიგნობრობის დიდი კერაც იყო. აქ გადაწერილი ხელნაწერები დღემდე ინახება ათონის მონასტერში და საქართველოს სიძველეთსაცავში. 
    ოშკის მთავარი ტაძარი, მიუხედავად ძლიერი დაზიანებისა, გამორჩეულია მასშტაბებით, დახვეწილი არქიტექტურული პლასტიკით, მრავალრიცხოვანი წარწერებით და მდიდრული ქვაზე კვეთილობით.

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის