ჯუმათის მონასტერი
galerea
aRwera
ჯუმათის მონასტერი გახლდათ გურიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ამავე სახელწოდების საეპისკოპოსოს კათედრალური ცენტრი. იგი ოზურგეთიდან ჩრდილ-დასავლეთით მდებარეობს დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით. ტაძარი აღმართულია ჩოხატაურის ქედის ერთ-ერთ თხემზე, კერძოდ ჯუმათის მთაზე, რაც შესანიშნავ პანორამას უქმნის მონასტერს.
მთავარი ტაძარი ერთნავიანი ტიპისაა. მისი აგების თარიღი უცნობია. დ.ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან კი მიუშენებიათ ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი. ეკლესია მოხატულია. ფრესკები XVI-XVII სს თარიღდება.
ჯუმათის მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. გალავანში ჩაშენებულია სამრეკლო (1904 წ.). ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. იგი ექვს სარკმელდატანებული, გუმბათიანი, ქვით ნაშენი ნაგებობა ყოფილა.
დღეისათვის მონასტრის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ტაძარია: მთავარანგელოზთა ტაძარი, მასზე მიდგმული ხარების შედარებით მცირე ზომის ეკლესია და მირქმის ტაძარი, აგებული 1998 წელს. მირქმის ტაძარი ცილინდრული ფორმისაა, მოხატულია 1999 წელს დავით ჯიბლაძის მიერ.
ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი წარწერები. მათ შორის: მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი, გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი, რომელსაც შარავანდედის ირგვლივ 7 ძვირფასი თვალი და 12 მარგალიტი ჰქონდა. ხატის კარედზე მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა მოღვაწეობის სცენები იყო გამოხატული... ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს, ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვრის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი, ჯვარი ძვირფასი თვლებით იყო შემკული. იგი მონასტრისათვის გიორგი გურიელსა და დედოფალ ხვარამზეს შეუწირავთ. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წმინდა გიორგის ოქროში ნაჭედი ხატი. წმინდა გიორგი ხატზე გამოსახული იყო სრული სახით, ფარით ხელში, ცხენის გარეშე. მეცნიერები ხატს XI-XII სს. მიაკუთვნებენ. ეს ხატი 1921 წელს, სხვა სიძველეებთან ერთად, მონასტრის გაძარცვისას დაიკარგა. მისი ორი ფრაგმენტი ამჟამად ერმიტაჟში ინახება.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაუძარცვავთ. დაიკარგა უამრავი სიწმინდე. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი.
ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტრის მამასახლისს ნიკოლზს (XV-XVI სს.) უმოგზაურია კლარჯეთში და იქიდან ხუთი ძველი ხელნაწერი გადმოუტანია: სახარება (დღეს ადიშის სახარების სახელით ცნობილი), მრავალთავი, ხელთკანონი მამათა წიგნი და კითხვა-მიგება. ამათგან სახარება, ხელთ-კანონი და მამათა წიგნი შატბერდის მონასტრიდან წამოუღია. ჯუმათის მონასტერში გადაუწერიათ ჯუმათის გულანი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არ არის.
1827 წელს მიიცვალა უკანასკნელი ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი, რის შემდეგაც მონასტრის ძმობამ კლება დაიწყო. კომუნისტური რეჟიმის დროს ჯუმათის მონასტერში მხოლოდ ერთი ბერი – მღვდელმონაზონი იოანე (გოგუა) ცხოვრობდა. მამა იოანე ათეისტებისგან მრავალ შეურაცხყოფას იტანდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დადიოდა და ჩუმად ნათლავდა ხალხს. მას მორწმუნე ვერიჩკა ჩხარტიშვილი უვლიდა, რომელსაც თავის დროზე მამა იოანემ ავადმყოფი შვილი მოუნათლა და ამით ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. დევნილი ბერი 1959 წელს გარდაიცვალა.
ამის შემდეგ მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული. ქვემეხიდან გასროლით სამხედროებმა დაანგრიეს მონასტრის სამრეკლო, რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა ზუგდიდში, ოზურგეთსა და ქუთაისშიც კი ისმოდა. მომდევნო წლებში აქ პიონერთა ბანაკი დამკვიდრდა. იგი XX ს-ის 80-ან წლებში გაუქმდა. მას შემდეგ, რაც უეცრად ამოვარდნილმა ქარმა მთის წვერზე მდგომ მთავარანგელოზთა ტაძარს სახურავი მოხადა და ბანაკზე გადმოიტანა.
სამონასტრო ცხოვრება ჯუმათში 1990 წლის 21 ნოემბერს აღდგა.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ლელა მარგიანის