ხანძთა
galerea
aRwera
ხანძთის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ ქვემო ფორთაში.
VIII საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით კლარჯეთში იწყება საქართველოს სინად წოდებული ათორმეტ უდაბნოთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტრის _ ხანძთის მშენებლობა. თავდაპირველად ხანძთაში გრიგოლს ხის ეკლესია აუშენებია. მოგვიანებით მან ადგილობრივი დიდებულის, გაბრიელ დაფანჩულის მხარდაჭერით, ქვის ეკლესია ააშენა.
IX საუკუნის დასაწყისში ხანძთის მონასტრის წინამძღოლმა არსენმა წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ქტიტორები მეფე-მთავრები აშოტ კუხი და გურგენი იყვნენ, ასევე ცნობილია ხუროთმოძღვარ ამონას სახელიც.
დღესდღეობით ხანძთის მონასტერში შემორჩენილია: მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, გალავანი, სამრეკლო, სამლოცველოები და სენაკები. წმინდა გიორგის მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა (16,8X10,5 მ). მკლავების კამარები და კონქის ზედა ნაწილი ჩანგრეულია, 2007 წელს ჩამოინგრა გუმბათიც. მთავარი ტაძრის სამხრეთით სატრაპეზოს კედლებია შემორჩენილი. მთავარ ტაძარსა და სატრაპეზოს შორის, სამი პატარა სენაკისა და დერეფნის ნაშთებია, რომლებიც სამსართულიანი ნაგებობის ზედა სართულია. სატრაპეზოსა და სენაკებს შორის მდებარეობს პატარა სამლოცველო. მთავარი ტაძრის დასავლეთით, ცოტა მოშორებით, წყაროა, რომლის თავზე აფსიდიანი სამლოცველო დგას. სამრეკლო ორსართულიანია (XIV-XVI სს.) და მდებარეობს მთავარი ტაძრის სამრეთ-დასავლეთ მხარეს. სამრეკლოს ქვებზე ორი წარწერაა შემორჩენილი, რითაც შესაძლებელი გახდა ხანძთის იდენტიფიკაცია.
ხანძთის მონასტერი განათლების და მწიგნობრობის დიდი კერა იყო. აქ მოღვაწე სასულიერო პირებიდან ცნობილია: ქართლის კათალიკოსი არსენ დიდი საფარელი (830-887 წწ.), მაკარი ლეთელი, გიორგი მერჩულე, იშხნის განმაახლებელი საბა (საბან) იშხნელი, თეოდორე ნეძველი _ ნეძვის სავანის დამაარსებელი, ქრისტეფორე კვირიკეწმიდელი, ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), რომელმაც მირონის ადგილზე კურთხევის უფლება მოუპოვა მშობლიურ ეკლესიას. ხანძთაშია დაკრძალული გრიგოლ ხანძთელი, რომელიც 861 წელს გარდაიცვალა.
ნამონასტრალი დანგრეული სახითაა შემორჩენილი, მაგრამ ლამაზადაა შეხამებული გარემოსთან და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის