ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ორბელიანების ეკლესია


galerea



aRwera

        ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია იგივე ორბელიანების ეკლესია მდებარეობს სოფელ ატენში, ერისთავიანთ ეზოს ნანგრევებზე. არქიტექტორულად ტაძარი ჯვარგუმბათოვანია და ატენის სიონის მინიატურულ სახეს წარმოადგენს. სტილისტურად VII საუკუნეს მიეკუთვნება, გადაკეთებულია XI საუკუნეში. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, ზოგან გამოყენებულია ტუფიც. ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. გარედან კედლები არათანაბარ ტრაპეციას ქმნიან. ყოველ მკლავში თითო სარკმელია, რვაწახნაგიან გუმბათში კი ოთხი. გუმბათის ყელი მოპირკეთებულია მომწვანო ტუფის ქვით, გადახურულია კარგად გამოყვანილი ქვის ლორფინებით. კარის დეკორატიულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით ჩასმულია მომწვანო წარწერიანი ქვები. დასავლეთის კედელზე ამოკვეთილია რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერა:

„ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებასა აქა

ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიერებრ

რატი ერისთავი, ძე ლიპატ

ერისთავთ ერისთავისა.

აღაშენა ესე სახლი ღვთისაჲ

და ბჭეჲ ცათაჲ წმიდის ეკლესიის სალოცავად

სულისა მათისა.“

          წარწერაში მოხსენიებული რატი ერისთავი ის ერისთავია, რომლესაც ბაგრატ III-მ წაართვა ატენის ხეობა და კლდეკარი. სავარაუდოა, რომ რატი ერისთავს ტაძარი განუახლებია მხოლოდ, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ ადგილას უკვე VII საუკუნიდან იდგა. ამის შესახებ თავისი ნაშრომი გამოქვეყნებული აქვს ლ. რჩეულიშვილს, სადაც იგი ასეთ განმარტებას იძლევა, რომ რატი ერისთავს მხოლოდ გადაუკეთებია და აღუდგენია ეს ტაძარი, ასევე შეუმკია რამდენიმე დეკორატიული ელემენტით, ხოლო ლაპიდარულ წარწერაში კი საკუთარი თავი ტაძრის აღმშენებლად მოუხსენიებია.

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის