გორის ციხე


galerea



aRwera

        გორის ციხე მდებარეობს ქალაქ გორში, სტრატეგიულ კლდოვან გორაკზე, საიდანაც კარგად ჩანს შორიდან მომავალი გზები. გორის ციხეზე სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენა შეიმჩნევა, მაგრამ ძველი კვალი თითქმის სულ წაშლილია, ახალი განაშენიანებით.
          1946 წელს  ჩამოიშალა ჩრდილოეთის ფერდობის ნაწილი, რომელმაც ახალ აღმოჩენას დაუდო საფუძველი. კერძოდ აღმოჩნდა ანტიკური კედლის ნაშთი. იგი დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით.
          ამჟამად გორის ციხისგან გადარჩენილია მხოლოდ ის ნაშთები, რომლებიც გადაურჩა 1920 წლის მიწისძვრას. ციხის კედლები კლდოვანი გორაკს მიუყვება, რის ამოც მას უსწორმასწორო ფორმა აქვს. ციხე საკმაოდ არის წაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე. მდინარე ლიახვი, რომელიც ახალ მოშორებით მიედინება, წინათ გორაკის აღმოსავლეთი მხარის სიახლოვის იყო. ეს კარგად გამოუყენებიათ ციხის მშენებლებს და სიმაგრის კედლები მდინარემდე ჩამოუყვანიათ. ასე არის ნაჩვენები იტალიელი მისიონერის ქრისტეფორე კასტელის მიერ, 1633 წელს შესრულებულ ნახატზე.
        ციხის ნაშთებიდან უკეთაა შენახული დასავლეთით მდებარე ნაწილი, რომელსაც ადგილობრივები ცხრაკარას უწოდებენ. მისი კედლები სიგანით 12-13 მეტრია და ექვსი განივი კედლითაა გადაღობილი. ეს მხარე კარგად ყოფილა გამაგრებული.  ცხრაკარა მდინარის ხეობამდე ჩადიოდა, ამიტომ მას გარდა თავდაცვითი ფუნქციისა საყოფაცხოვრებო ფუნქცია ენიჭებოდა. სწორედ ამ ადგილიდან მარაგდებოდა ციხე წყლით. აქ იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც ხეობაში ჩადიოდა. ციხეს გააჩნდა ორი წყალსაცავი, ერღი ციტადელის შუა ნაწილში და მეორე ცხრაკარაში.
             ციხის შესასვლელი ადრეულ პერიოდში სად იყო არ ჩანს. XVII-XVIII საუკუნეებში კი ჭიშკარი ციტადელის სამხრეთ ნაწილში ყოფილა. აქ მგდარი კოშკისაგან შემორჩენილია მხოლოდ კამაროვანი გასასვლელი.
             ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარა მცირე ზომის ეკლესია. სამწუხაროდ 1920 წლის მიწისძვრის შედეგად იგი დანგრეულა.
          ისტორიულ წყაროებში გორი პირველად  VII საუკუნეში იხსენიება. გადმოცემის მიხედვით სტეფანოზ ერისმთავარის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძი სწორედ გორში გადამალა. სხვა ისტორიული წყაროების მიხედვით ქალაქი გორის დაარსება დავით აღმაშენებელს უკავშირდება.
          გორის შესახებ შედარებით მეტი ცნობები მოგვეპოვება XIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც, მონღოლებთან ბრძოლით დასუსტებულ საქართველოს კავკასიის გაღმა მცხოვრები ოსებიც გაუთამამდნენ და გორი აიღეს. ქართველებმა არაერთხელ შეუტიეს, მაგრამ მონროლების დახმარებით გამაგრებული ციხის აღება ვერ მოახერხეს. ოსები გორიდან გიორგი ბრწყინვალემ განდევნა სამ წლიანი ალყის შედეგად.
          1474 წელს გორი ნახა სპარსეთში მიმავალმა ვენეციელმა კონტარინიმ. მისი თქმით, აქ ხის ციხე მდგარა. იგი ქართველებს დროებით აუშენებიათ. იმავე ხანებში საქართველოს დიდი ჯარით შემოესია ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი, რომელმაც აიღო თბილისი და გორი. 1479 წელს კი კონსტანტინე II სხვა ციხეებთან ერთად გორიც დაიბრუნა და ყველგან თავისი მეციხოვნეები ჩააყენა. 
          მე-XVI საუკუნის შუა ხანებში საქართველოს რამდენჯერმე შემოესია შაჰ-თამაზი, აიღო თბილისი, მაგრამ გორის აღება, რომელიც ამ დროისთვის ქართველ მეფეთა მთავარი დასაყრდენი იყო, ვერ შეძლო. მხოლოდ მეოთხედ შემოსევის დროს და ისიც მცირე ხნით მოახერხა მან გორის ციხის აღება. მომდევნო წლებში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. სიმონ I, რომელიც ირანის ტყვეობიდან ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაანთავისუფლეს, რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ციხის აღება. მან ალყა შემოარტყა გორს ცხრა თვის განმალობაში. ბოლოს მეფემ ხერხი იხმარა. ოსმალებმა იცოდნენ, რომ იწყებოდა დიდი მარხვა და ასეთ დროს ქართველები ომს ერიდებოდნენ. მან ეს გამოიყენა და ერთ ღამეს მეომრები უხმოდ შემოერტყნენ ციხეს, მიადგეს კიბეები და გადაეშვნენ ციხეში. ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მათ აიღეს გორის ციხე.           XVII საუკუნის დასაწყისში გორი კვლავ ქვეყნის ცენტრი ხდება, როდესაც ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შაჰ-აბასმა დახმარება საქართველოს სთხოვა და მისგან უარი მიიღო, იგი შემოესია ქვეყანას. ქართლის და კახეთის მეფეები გაეცალნენ და იმერეთში გადავიდნენ. შაჰ-აბასმა დაიპყრო ქვეყანა და გორს დადგა, შემდეგ უკან გაბრუნდა. ამ დროს გორის ციხე საკმაოდ დაზიანებულა. საქართველოში მეფედ განწესებულმა გამაჰმადიანებულმა როსტომმა შეაფასა რა მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, მაშინვე დაიწყო ციხის აღდგენა. მემატიანეთა სიტყვით, როსტომმა „ოც დღეში“ (სხვა ცნობით კი 40 დღეში) აღადგინა ციხე. ეს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მან სწრაფად ააგო გორის ციხე. მე-XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. გორის ციხე ზარბაზნებითაც ყოფილა შეიარაღებული. 
          ფრანგი მოგზაურის ჟან სარდენის ცნობით, XVII საუკუნის 70-იან წლებში გორში თურმე მდიდარი ვაჭრები ცხოვრობდნენ, ციხეში კი ას კაციანი გარნიზონი მდგარა, მუდმივად ასი კაციხ ციხეში ყოლა იმდროისათვის არცთუ ისე უმნიშვნელო ფაქტია. 
          იმ ეპოქაში გორის ციხის სიძლიერეზე მეტყველებს აგრეთვე ბრძოლა, რომელიც გაჩაღდა შაჰის მიერ ტახტიდან გადაყენებულ გიორგი XI და დანიშნულ ერეკლე I შორის. გიორგიმ უბრძოლველად არ დათმო, ააჯანყა ხალხი და თითქმის მთელი ქვეყანა დაიკავა. მან გორის ციხეს ალყა შემოარტყა. ხანგრძლივი ალყით მეტად შეწუხდნენ შიგ მყოფნი და როცა ვეღარაფერი ვერ გააწყვეს, მეფეს საჩუქრები გაუგზავნეს, თან შეუთვალეს „ციხის აღება არ შეგიძლიანო… ქართლი ხელთ გიჭირავსო, ციხის ბრძოლას დაეხსენითო“. მეფემ მართლაც მოხსნა ალყა. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გარნიზონი ისე ყოფილა დარწმუნებული გორის ციხის სიმტკიცეში, რომ არ ნებდებოდა, თუ სასმელ-საჭმელი არ შემოაკლდებოდა.
          XVIII საკუნის დასაწყისში გორის ციხე ისევ საიმედოდ ითვლება. ვახტანგ VI ხშირად იყო გორში. მისი რუსეთში წასვლის შემდეგ, ქართლში მმართველად თავისი ძმა სიმონი დატოვა. ქართლში თურქების ბატონობის დროს, გორის ციხე მტერს ეჭირა. იგი დაიბრუნა სარდალმა გივი ამილახვარმა. სარდალმა ასეთ ხერხს მიმართა: ლაშქარი ქალაქში გადამალა, ციხეზე მორის ამტან ხალს ოთხი ქართველი ვაჟკაცი შეურია, რომლებსაც დაევალათ,  მორები ისე დაეყარათ, რომ მეციხოვნეებს კარი ვეღარ დაეკეტათ. ამით ისარგებლა ლაშქარმა ციხე აიღეს. ოსმალებს წინააღმდეგ ქართველებმა ჩვეულ ხერხს მიმართეს, ირანი მოიშველიეს. მაგრამ ნადირ-შაჰმა ქართლი გააპარტახა და გორის ციხე დაიკავა და დააზიანა. თეიმურაზ მეფემ მხოლოდ ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ XVIII საუკუნის 40-იან წლების ბოლოს დაიბრუნა გორის ციხე.
          ციხეს თხრილიც ქონდა შემოვლებული. ამ თხრილის სიგრძე-სიგანე ადრეულ საუკუნეებში არ ჩანს, მაგრამ გვაქვს 1773 წელს შედგენილი ერეკლე II მიერ ხელმოწერილი ერთი საბუთი, სადაც ნათქვამია, რომ საჭიროა ამ თხრილის სიღრმე იყოს ოთხი მეტრი, ხოლო სიგანე – ხუთი მეტრიო, თხრილში იდგა მდინარიდან გამოყვანილი წყალი. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801 წ) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის ფუნქციას – აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. მე-XIX საუკუნეში გორის ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.