ატენის ციხე
galerea
aRwera
ატენის ციხე მდებარეობს ატენის ხეობაში, სოფელ ატენთან. იგი ატენის ხეობაში მიმავალ გზას ზემოდან დაყურებს. ატენის ხეობა საკმაოდ სტრატეგიული ხეობაა, აქედან გადიოდა უმოკლესი გზა, შიდა ქართლიდან სამხრეთისკენ. ამიტომ მის გამაგრებაზე ადრიდანვე ზრუნავდნენ როგორც მეფები ისე ადგილობრივი მაცხოვრებლებიც. ციხის ზუსტი აგების თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ X საუკუნეში ციხე უკვე იდგა. ასევე ატენის სიონის კედელზე შემორჩენილ XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი, რომელსაც ბაგრატ IV-მ უბრძანა ქალაქის აგება.
სიმაგრე კლდის მიუვალ ქიმზეა აღმართული, ზომით დიდი არ არის, მას მოზრდილი და მტკიცე კედლები ჰქონია. ასევე აღსანიშნავია ციხის წყალსაცავი და წყალსადენი, რომლის თიხის მილებით მარაგდებოდა ციხე წყლით.
X საუკუნეში ციხე კლდეკარის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ცნობილია რომ რატი ერისთავმა ერთიანობისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, რომ ციხე მეფისათვის გადაეცა, მას შემდეგ ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო.
ატენის ციხე საკმაოდ კარგად გამაგრებული ციხე ყოფილა, მას არაერთი ბრძოლა გადაუხდია. ციხე ვერ აუღია აჯანყებულ ერისთავს ლიპარიტს, XI საუკუნეში.
XVI საუკუნის დასაწყისში ქართლში მეფობდა დავით X, მას არაერთხელ დაესხა თავს მამისმკველი კახეთის მეფე ავგიორგი, ერთხელაც მან დავით მეფე ატენის ციხეში შეიმწყვდია, ციხესთან ალყა დიდახანს გაგრძელებულა, მაგრამ ავგიორგის ციხე მაინც ვერ აუღია და გაწბილებული დაბრუნებულა.
ამავე საუკუნეში ატენის ციხეს უკავშირდება ასეთი ტრაგედიული მომენტი, რომელსაც ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი მოგვითხრობს. ამ დროს ქართლის მეფე იყო ლუარსაბი, რომელმაც მთელი ცხოვრება ოსმალეთთან და სპარსეთთან ბრძოლაში გაატარა.1556 წელს შაჰ თამაზი მეოთხედ შემოესია საქართველოს. ამჯერად მან ატენის ხეობასაც შეუტია, წედისის ციხე ძალით აიღო, ვერეს ციხე კი უბრძოლველად დანებდა. ამის შემდეგ ჯერი ატენის ციხეზე მიდგა. აქ თავს აფარებდენ მეფის დედა და სხვა თავადის ოჯახის წევრები. მიუხედავად ალყისა და შეუპოვარი ბრძოლისა ციხეს ვერაფერი დააკლო მტერმა, ვერც ლოდსატყორცნები მიუყენეს, ვერც თოფი. ასეთ მდგომარეობაში მტერმა სხვა გზას მიმართა, მათ დაიჭირეს მეფის დედის ფარეში, ვინმე კავთისხეველი ბეთიაშვილი და აიძულეს გაეთქვა ციხის საიდუმლოება. უვნებლობის ფიცის მიღების შემდეგ მან მოუთხრო რომ, ციხეში ჭის წყალი დალეოდათ და ჩრდილოეთიდან მომავალი პატარა წყაროთი სარგებლობდნენ. ყიზილბაშებმა წყარო გადაკეტეს და ციხეც მალევე დაეცა.
ციხემ თითქმის გამანადგურებელი დარტყმა მიიღო XVII საუკუნეში. როსტომ ხანს აუჯანყდნენ თეიმურაზ პირველის მომხრე თავადები და ძლიერი ფეოდალები: ზაალ არაგვის ერისთავი, იოთამ ამილახორი, ნოდარ ციციშვილი, გიორგი გოჩაშვილი და თვით კათალიკოსიც. როსტომ ხანმა შეკრიბა ლაშქარი და გადაწყვიტა აჯანყებულების დასჯა. მან ციხე აიღო და იგი ისე დაანგრია, რომ თავისი დიდება ვეღარ დაიბრუნა. როსტომ ხანმა კი ამბოხი ჩაახშო, ყველა დასაჯა, ზოგი კი გაასახლა ქვეყნიდან.