გურჯაანის ყველაწმიდა
galerea
aRwera
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს გურჯაანის ეპარქიაში, ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე, ტყეში, კახთუბნის ხეობაში.
ტაძრის აგების შესახებ არანაირი წერილობითი ცნობა არაა ჩვენამდე მოღწეული, თუმცა მისი მხატვრულ-სტილისტური ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა აგების თარიღის განსაზღვრა - VIII საუკუნით (ჩუბინაშვილი, გვ.). როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს, ეს ტაძარი ჯერ კიდევ თამარ მეფის დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში შედიოდა, აქ მათი სასაფლაოც კი იყო (ვახუშტი, გვ. 341). XVII საუკუნეში ეს რეგიონი თავად ჯანო ანდრონიკაშვილის სამფლობელოს წარმოადგენდა. 1640 წელს თეიმურაზ I (1605-1661 ხანგამოშვებით მეფობს) დიდოელთა წინააღმდეგ აწარმოებს ომს, რომელიც მარცხით მთავრდება. ამ ომში იღუპება უშვილო თავადი ჯანო და თეიმურაზ მეფე ერთგულებისთვის მის მამულს უბოძებს თავად ნოდარ ჯორჯაძეს, კათალიკოს ზაქარიას I ძმას (1613-1630), მამულთან ერთად მის მფლობელობაში გურჯაანის მონასტერიც შევა. ამჟამად ეკლესიაში შემორჩენილია სამი საფლავი, ერთ-ერთი ეკუთვნის თავად როსტომ ჯორჯაძეს (1832), ხოლო დანარჩენ ორზე წარწერები არ იკითხება.
გურჯაანის ყველაწმინდა ძალზედ რთულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის ასაგებად გამოყენებულია სამი ტიპის საშენი მასალა; ესაა რიყის ქვა, რომლითაც ამოყვანილია გარეთა კედლები, აფსიდი, გვერდის ნავები და პატრონიკე, შირიმი - კედლის კუთხეები და ღიობთა მოჩარჩოება და აგური - მთელი შუა ნავი, კამარები და ორივე გუმბათი. ტაძარი ჩვენამდე კარგადაა შემონახული, თუმცა მცირე გადაკეთებები დროთა განმავლობაში მაინც განუცდია. ძირითადი გადაკეთება მომხდარა XVII საუკუნეში, ნოდარ ჯორჯაძის დროს და ის უმთავრესად შეეხო აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ დეკორატიულ თაღს, ასევე გამაგრებულ იქნა დასავლეთის გუმბათის ყელი, კარნიზი და გადახურვა. სავარაუდოდ, XVII საუკუნეშივე უნდა მომხდარიყო ტაძრის კედლების ფერწერით დაფარვა. სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია ამ მოხატულობის შინაარსი. მხატვრობა კარბელაშვილის დროს უკვე ძალზედ დაზიანებული ყოფილა, მისი მხოლოდ მცირედი კვალი იყო შემონახული საკურთხევლის აფსიდში.
მღვდელი პოლიკარპე კარბელაშვილი, ტაძრის შესახებ საუბრისას მოგვითხრობს იქ დაცულ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ჭედურ ხატზე, რომელსაც შემორჩენილი ქონია მხედრული წარწერა: "Пресвятая Богородица будь молитвенницею вь об жизни Амилгабару и супруг его..." (პოლიკარპე გვ. 8). წარწერის სხვაგვარ შინაარს გვთავაზობს 1889 წლის გაზეთ "ივერიის" ერთ-ერთ ნომერში გამოწვეყნებული მგზავრის შენიშვნები. ამ ვერსიით წარწერა შემდეგი შინაარსისაა: "ღმერთო და ყოვლად წმინდა ღმრთისმშობელო, შეიწყალე სული მონის შენის (აქ წაშლილია, როგორც ჩანს ძალით) ნოდარის, უცოცხლენ ამისი შვილნი" (ივერია, გვ. 2). კარბელაშვილის თქმით ეს წარწერა XII-XIII საუკუნეებისა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებით საუბარი უკვე შეუძლებელია, რადგანაც ეს ხატი ჩვენამდე არ მოღწეულა. ხატის ცენტრალური ნაწილი, ღვთისმშობელი ყრმით საღებავით ყოფილა ნაწერი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე შვიდი. ამ ხატთან დაკავშირებული ყოფილა ძალზედ საინტერესო ისტორია: 1615 წლის შემოდგომაზე ხმა გავარდა, რომ კახეთის ასაოხრებლად მოემართებოდა შაჰ-აბასი თავისი ურიცხვი ჯარით. ამ დროს გურჯაანის ყველაწმინდას მონასტრის წინამძღვარი იყო მამა იოანე. მან შეკრიბა ძმები და თათბირის შემდგომ გადაწყდა, რომ მონასტერი არ მიეტოვებინათ, ხოლო ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ საიდუმლო ოთახში გადაემალათ. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის (ყველაწმინდას მონასტრიდან 1-2 კილომეტრში) სვეტში პატარა ნიშა ამოეჭრა, იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი დაებრძანებინა, ხოლო ნიშა ამოევსო/ამოექოლა. მეორე დილას მამა იოანემ ძმებს გააცნო ღვთისმშობლის ნება და ბრძანებისამებრ ხატი სვეტში იქნა დამალული. შაჰ-აბასი ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთში, ააოხრა მრავალი სოფელი და მონასტერი, მათ შორის ყველაწმინდასა და წამებულის მონასტრებიც, ბერები ამოხოცა და ამდენად დიდი ხნის მანძილზე ამ მონასტრებში ღვთისმსახურება შეწყდა. შაჰ-აბასის შემდგომ გადის 200 წელი. ამ დროისთვის კახთუბნის მონასტერში მცირე საძმო მოღვაწეობს იღუმენ გაბრიელის წინამძღოლობით. 1820-1822 წლებისათვის საძმო შეუდგა ღვთისმშობლის ხატის ძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ყოვლადწმინდა, რომელმაც აუწყა ხატის ადგილსამყოფელი. მეორე დღეს მამა გაბრიელი ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვართან მამა იოსტოსისთან (1823, ერისკაცობაში თავადი ანდრონიკაშვილი) და გურჯაანელი მღვდლის აბრაამ დემუროვთან და უამრავ მლოცველთან ერთად გაემართა წამებულის მონასტრისკენ და მითითებულ ადგილას კედლის გახსნის შემდგომა ნაპოვნი იქნა ივერიის ღვთისმშობლის ხატი და წამოაბრძანეს კახთუბნის მონასტერში. მონასტერი კვლავ დაცარიელდა დაახლოებით 1845 წელს, როდესაც კახთუბნელი ბერები გადაყვანილ იქნენ ხირსის სტეფანწმინდის მონასტერში. ხატი კი გადატანილ იქნა გურჯაანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში. წელიწადში ორჯერ, ღვთისმშობლის მიძინებისა და ტაძრის დღესასწაულზე, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ხატს მიაბრძანებდნენ კახთუბნის მონასტერში, სადაც წირვა ლოცვა აღევლინებოდა. ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი უცნობია.
კახთუბნის მონასტერი წარმოაგდენდა საღვთისმეტყველო სკოლას, სადაც ხდებოდა სასულიერო პირთა მომზადება. მღვდელი პოლიკარპე კარბელაშვილი ასახელებს რამდენიმე აქ აღზრდილ სასულიერო პირს, მათ შორის არიან: მიხეილ, გიორგი და ნიკოლოზ კობიაშვილები, სტეფანე წიბლაშვილი, გიორგი ჯოხაძე, იოანე კობიაშვილი, იასონ ქიტოშვილი (1882 დაბადებიდან 82წელი). ამ უკანასკნელის საფასით, 30-იან წლებში მუხის ფიცრებით იქნა გადახურული ყველაწმინდას ეკლესია. კახთუბნის მონასტერში 1993 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება, აღდგა ღვთისმსახურება.
ტაძარში არსებულ სხვა საეკლესიო ნივთებზე ცნობებს ვხვდებით გაზეთ ივერიის ზემოხსენებულ ნომერში. ამ დროისთვის აქ ძველი საეკლესიო ნივთებიდან დაცული ყოფილა ვერცხლის საცეცხლური, რომელზეც მასზე არსებული წარწერით ირკვეოდა რომ შეწირული იყო იმერეთის მეფის სოლომონის დის მარიამის მიერ. ასევე აქ ინახებოდა ერთი პარაკლიტონი, გადაწერილი ზოსიმე კოჭობაძის მიერ მეფეთ მეფის ასულის ქეთევანის ბრძანებით და ერთი სახარება. ეს უკანასკნელი ეტრატზე იყო ნაწერი და დართული ქონდა მახარებელთა მინიატურები. სახარებაზე არსებული წარწერით გადამწერი იყო ვინმე გიორგი, ხოლო ეკუთვნოდა ენისელი მოურავის შვილს ქაიხოსროს.
1938 წელს ყველაწმინდაში საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის მიერ ჩატარებულ იქნა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მოხდა ტაძრის დასავლეთი ნაწილის გაწმენდა მიწის საფარისგან, რის შედეგადაც გამოჩნდა პატრონიკესკენ მიმავალი კიბეების მცირე ნაშთები. სამწუხაროდ, ამ სამუშაოების დროს მოხდა სამხრეთ ფასადის თავდაპირველი სახის შეცვლა, ამოშენებულ იქნა ამ ფასადის ოთხი დიდი ღიობი, ასევე ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავეთი ღიობი. მოხდა აგრეთვე გარკვეული არქიტექტურული ელემენტების გამაგრება-შეკეთება, რის გამოც ზოგიერთმა არქიტექტურულმა დეტალმა (მაგ.: საღმოსავლეთ ფასადის მარცხენა ზედა სარკმლის მოჩარჩოება) დაკარგა თავდაპირველი ფორმა. ამავე სამუშაოების დროს ტაძრის სამხრეთ ფასადთან, რამდენიმე ნაბიჯში გახსნილ იქნა საიდუმლო ოთახი, გადახურული ნახევარწრიული კამარით.
ამჟამად გურჯაანის ყველაწმინდაში არის მოქმედი მამათა მონასტერი.