წეროს ხევი


galerea



aRwera

          წეროს ხევი მდებარეობს ატენიდან ჩრდილო-დასავლეთით 2 კმში. წეროს ხევში უცხროვრიათ წერუაშვილებს, რომლებიც შემდგომ აქედან ხიდისთავში გადასახლდენ, სადაც ახლაც ცხოვრობენ. ეს ხევი საკმაოდ დასახლებული ყოფილა, რაზეც მეტყველებს ძველი ნასახლარები, სასაფლაოები. სოფელი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილსაც.            

            წეროს ხევის ტაძარი მდებარეობს ხევის თავში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის სახელობის გუმბათიანი ტაძარი, წმიდა გიორგის სახელობის დარბაზული ტაძრის ნანგრევი და ასევე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია, სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ტაძარი ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. იგი ძლიერ არის დაზიანებული, დანგრეულია ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლები. შესასვლელები, შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავულია.  სარკმლები ოთხივე კედელში აქვს. საკურთხევლის აფსიდის გვერდებზე მდებარეობს სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებსაც აღმოსავლეთით აქვს თითო სარკმელი. გუმბათქვეშა თაღები აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდს ეყრდნობიან, ხოლო დასავლეთით ორ ბურჯს, რომლებიც შენობის კედლებს კონსოლებზე დაყრდნობილი თაღებით უკავშირდებიან. გუმბათის ყელში ოთხი დიდი სარკმელი ყოფილა. საკურთხეველში შემორჩენილია აგურის კანკელის ნაშთები, რომლებიც სავარაუდოდ მოხატული ყოფილა. ეკლესიის შიდა შელესილობა ჩამოცვენილია. შენობის სამხრეთ კედელზე არის ნუსხუხუცური წარწერა, რომელიც ასე იკითხება:

1.    „წეროსა ღვთისმშობელო, ადიდე ორსავე

2.    შინა ცხოვრებასა მადიდებელი სახელისა

3.    შენისა როსტევან“.

            წარწერაში მოხსენიებული როსტევანი სავარაუდოდ ამ ტაძრის შემკეთებელი, ან კანკელის დამდგმელი უნდა ყოფილიყო.

      ტაძარი დგას ორსაფეხურიან ბაქანზე, მისი აღმოსავლეთის კედელი ამოყვანილია მაღალ საყრდენ კედელზე. აღმოსავლეთის კედელზე მდებარე სარკმელს აქვს რელიეფური ნალისებრი თავსართი. წმიდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია სავარაუდოდ თარიღდება  ფეოდალური ხანით. ნაგებია შირიმისა და ნატეხი ქვით, ეს ტაძარიც ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია გადახურვა და კედლის ზედა ნაწილები.  ეკლესიას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს სწორკუთხა ეგვტერი,  რომელსაც კარი დასავლეთით აქვს, ეგვტერის ჩრდილოეთ კედელი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესია ეგვტერს ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარის საშუალებით უკავშირდება. ტაძარს სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში მიშენებული ჰქონია კარიბჭე, რომლისგანაც დღეს მხოლოდ კედლების ნანგრევებია შემორჩენილი. ეკლესიის მახლობლად წყაროსთან არის წყალსაცავი ჯებირი და ხელოვნური ტერასები.