გოგიას ციხე
galerea
aRwera
გოგიას ციხე საკურორტო ქალაქ ბორჯომს ჩრდილო აღმოსავლეთიდან დაჰყურებს თავს. გოგიას ციხის მშენებლობა XIV საუკუნეზე ადრე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა შემდეგ რეკონსტრუქცია განუცდია და სათოფურები დაუყოლებიათ.
გოგიას ციხე გვიან ფეოდალურ ხანაში (XVI-XVIII საუკუნეები) თავად ავალიშვილებს ეკუთვნოდათ. გადმოცემის მიხედვით გოგია და პეტრეს ციხის პატრონი პეტრე ძმები თუ ბიძაშვილები ყოფილან, მათ შორის მტრობა ჩამოვარდნილა და ერთმანეთს არ ინდობდნენ, ესხმოდნენ თავს და მამულებს ურბევდნენ. ახლობლების ჩარევის შემდეგ ისინი შერიგებულან. ნიშნად მეგობრობისა სანადიმოდ გოგიას ციხეში მოუყრიათ თავი თავიანთი ყმებით, დიდი ლხინი და ხუმრობა გამართულა, ალბათ, სიყვარულსაც ეფიცებოდნენ ერთმანეთს გოგია და პეტრე, მაგრამ რაღაც გაუფრთხილებელი სიტყვის გამო, ატყდა ციხეში ბრძოლა, გოგია და პეტრე თავიანთი მებრძოლების დიდი ნაწილით დაიღუპნენ ბრძოლაში.
გოგიას ციხემ გარკვეული როლი შეასრულა 1828 წელს თურქებთან ბრძოლაში. გოგიას ციხეში იყო რუსის ჯარის საგუშაგო, რომელიც დარაჯობდა იმ ვიწრო გზას, რომელზედაც მტერს უნდა გაევლო. ამიტომ თურქებმა განიზრახეს ამ საგუშაგოს ხელში ჩაგდება.
გოგიას ციხის საგუშაგოზე ყოფილა ქართული მილიციის ორმოცი კაცი, რომელსაც მეთაურობდა მამაცი მხედარი ვეზირიშვილი, გოგიას ციხეს მოადგა თურმე თურქების ლაშქარი. ქართველები ჩაიკეტნენ ციხეში და გმირულად შეებრძოლნენ მტერს. ქართველებმა მოიგერიეს თურქების იერიშები და მტერი აიძულეს დიდი ზარალით უკანვე დაეხია. ეს იყო, ამბობს ისტორიკოსი.ვ. პოტტო, ქართული მილიციის სახელოვანი ბრძოლების ერთერთი ეპიზოდი 1828 წლის ომში.
გადმოცემით, მათ შორის ბრძოლა ახლაც არ შეწყვეტილა. განთიადისას, გოგიას ციხეზე გადმოდგებიან ლანდები და იწყებენ ბრძოლას, რომელიც მანამდე არ ცხრება, ვიდრე გათენება არ მოატანს. როგორც კი დღის ნათელი იჩენს თავს, ბრძოლის ყიჟინაც წყნარდება და მებრძოლებიც ქრებიან.
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა