ტიმოთესუბანი


galerea



aRwera

     სამცხე-ჯავახეთის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელ ტიმოთესუბანში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა). ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. სიმაღლე 28 მეტრია (ჯვართან ერთად, სიგანე - 19 მეტრი, სიგრძე - 11 მეტრი. ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები ამოშენებულია და მოხატული. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. 
         ეკლესია ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. ტაძარში პირველად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფრესკა ხვდება თვალს, შემდეგ კი, განკითხვის დღის უნიკალური კომპოზიცია იშლება, რომლის ფართობი 20 კვადრატულ მეტრს შეადგენს; მლოცველს საკურთხეველის თაღიდან ღვთისმშობლის მთლიანი ფრესკა გადმოჰყურებს. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.).  მონასტრის დიდ, მოვლილ ეზოში მდებარე სახლებში ბერები ცხოვრობენ.
         ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა წმინდა ბარბარეს სახელობის, ხოლო ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენელია ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე.
მონასტერი მართლაც საოცარ ადგილასაა გაშენებული: მიდიხარ და გგონია ახლომახლო არაფერია ვიწრო ხეობისა და ხმაურიანი ღელის გარდა; უცებ, მოსახვევში, ტიმოთესუბნის მონასტერი ცეცხლის ალივით აბრიალდება.
აქ ოდითგანვე ბერების სავანე ყოფილა. სახელწოდებაც სავარაუდოდ, მონასტრის დამაარსებლის იმ სახელს უკავშირდება, რომელიც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა. აქ მოღვაწე ბერების მიერ წირვა–ლოცვა დღესაც აღესრულება.

 

ინფორმაცია მოამზადა  ლელა მარგიანმა

ფოტოები  -  ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის