საფარა
galerea
aRwera
საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. მანძილი ახალციხესა და საფარას შორის 10-12 კმ-ია. გზაზე უღელტეხილია, უღელტეხილის გადასვლისთანავე ჩნდება ღრელე - ძველი ქართული სოფელი. ღრელიდან მონასტრამდე ვიწრო გზა ციცაბო კლდის კალთაზეა გაყვნილი; გარშემო მოწითალო ფერის კლდეებია... მნახველს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება მონასტერი... ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული და სამი მხრივ კლდეებით შემოფარგლული მონასტერი. უმცენარო გზის შემდეგ-ფიჭვისა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმული, მრავალშენობიანი მონასტერი ოაზისივით ჩნდება... საფარა დაბურულ ხეობას გადაჰყურბს. ოდესღაც აქ მთის მდინარე ყოფილა, რომელიც ურაველის წყალს ერთვოდა. მთავარი ტაძარი ამ ხევის პირსაა, კლდოვან კონცხზე. აქედან აღ-თით ურაველის წყლის დაკლაკნილი ზოლი ჩანს, უფრო შორს კი დიდი ველი, სადაც მდ. ფოცხოვი მტკვარს ერთვის.
მონასტრის მთავარი შენობა - წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარია. შესასვლელთან, კლდის პირას, წმ. სტეფანეს სახელობის მცირე სამლოცველოა - ერთნავიანი უგუმბათო შენობა. აქვეა კლდეზე მიბჯენილი, ქვაყორით ნაშენი, კამაროვანი სადგომები-თვალები. მისგან ოდნავ მოშორებით, გზაზე საგრძნობლად მაღლა, თლილი ქვით ნაშენები სასახლის ნანგრევებია, რომელიც "ზურგით” კლდეებს ებჯინება, მისი სარკმელები კი აღმოსავლეთით, ხეობის მხარეს გადაჰყურებს. მონასტრის ცენტრში შენობები ძალიან მჭიდროდაა შეჯგუფებული, მარჯვნივ 2-3 მ-ის სიმაღლეზე სამრეკლოა აღმართული, ჩრდილოეთით კი მას იოანე ნათლისმცემლიც სამლოცველო აკრავს. მარცხნივ კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის - აქ დგას წმ. საბას ტაძარი, რომელსაც მერცხლის ბუდეებივით ეკვრის დანარჩენი მცირე ეკლესიები - სამხრეთით მიძინების ტაძარი, აღმოსავლეთით მცირე ზომის სამლოცველოა - წმ. დიმიტრის სახელობისა. აქვეა წმ. გიორგის სახელობის პატარა ეკლესია, ჩრდილო-აღმოსავლეთით იოანე ოქროპირის სამლოცველო დგას.
მონასტერში ყველაზე ძველი მიძინების ეკლესიაა: მისი დაარსების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, არც თვით შენობაზეა სააღმშენებლო წარწერა, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული ფორმებისა და ჩუქურთმების ხასიათი მოწმობს-რომ იგი X ს-შია აგებული. მიძინების ეკლესია ერთნავიანი, უგუმბათო შენობაა. დარბაზი კრამიტითაა გადახურული, აღმოსავლეთით (ისევე, როგორც ყველა ეკლესიაში) საკურთხეველია. ეკლესიის თავისებურებაა ე.წ. პატრონიკე (აივნისებური სადგომი) რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი (პატრონიკეს ეკლესიაში სხვადასხვანაირი დანიშნულება ჰქონდა - აქ ან წარჩინებულნი თავსდებოდნენ, ან ქალები. ადრინდელ ხანაში-კათაკმეველნი, ზოგჯერ მგალობელნი) სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. ეკლესიას მინაშენი აქვს თაღოვანი კარიბჭე-აქედანაა შესასვლელი. მიძინების ეკლესიას ძვირფასი სამკაულებიც ჰქონდა. ქვის კანკელი, რომელიც დარბაზს საკურთხევლისაგან აცალკევებდა. ასეთი კანკელები-დაბალი მოაჯირი, ზედ ამართული სვეტებითა და თაღებით-წინათ საქართველოში იყო გავრცელებული. მისი გადარჩენილი ნაწილები ამჟამად თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
საფარის მონასტრის ცხოვრებაში ახალი ეპოქა XIII ს-ის მიწურულიდან იწყება. ამ დროს საქართველოში მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა, როგორც ვიცით აქ მონღოლები ბატონობენ 1235 წლიდან. სამცხე საქ-ოს ერთი და უმდიდრესი ნაწილთაგან 1266წ-იდან საქართველოს სახელმწიფოსაგან. (ხას-ინჯუდ გამოცხადდა) სამცხის მფლობელები-ჯაყელები უშუალოდ მონღოლთა ცენტრალურ ხელისუფლებას ემრჩილებიან. სამცხის მფლობელებს საერთოდ ათაბაგი ეწოდებოდა, მაგრამ სარგის ჯაყელი, პირველი დამოუკიდებელი მფლობელი სამცხისა, იმავე დროს მეჭურჭლეთუხუცესიც იყო, ხოლო მის ძმას ბექას მანდატურთუხუცესის წოდება ჰქონდა.
XIIIს-ის უკანასკნელ წლებში სამცხეს უკვე სარგისი კი აღარ განაგებდა, არამედ მისი ვაჟი-მანდატურთუხუცესი. სარგისი ჯერ კიდევ ციცხალი იყო, მაგრამ იგი სიბერისა და ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა სახელმწიფო საქმეებსა და ბერად აღიკვეცა საბას სახელით. ბექამ მამისთვის დიდი ეკლესია ააშენებინა საფარაში, რომელშიც, ალბათ ჯაყელთა სამარხიც იყო, წმინდა საბას სახელი ეწოდა.
ტაძრის ასაშენებლად რთულ რელიეფიან ხევში მშენებლებს საგანგებო ბაქანი შეუქმნიათ და ამისთვის ხელსაყრელ ადგილად უკვე არსებული მიძინების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მიუჩნევიათ, ამიტომაც წმიდა საბას ტაძარი უშუალოდ არის მიდგმული ძველ საყდართან. ახალი ტაძრისთვის სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშენებლებს დაუტოვებიათ შესასვლელები, მაგრამ ხატმწერს სამხრეთის კარი ამოუშენებია და მთელი ფასადი ერთიან მოსახატ სიბრტყედ გადაუქცევია.
ტაძრის შიდა სივრცის მთავარი ნაწილი შექმნილია ცენტრალური ჯვრით, რომლის აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი კი სწორკუთხაა. ამათგან სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეებია, ხოლო დასავლეთისა მათ თითქმის ორჯერ აღემატება. აფსიდისა და ბემისაგან შემდგარი საკურთხეველი შეისრული კონქითა და კამარითაა გადახურული. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზია. საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნო და სამკვეთლოა. ორივე სათავსო ერთნარია. მათი ძირითადი სივრცის საფუძველი კვადრატს უახლოვდება და აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით მთავრდება. ამ სათავსოთა განათება აღმოსავლეთის მხრიდან არსებული თითო სარკმლით ხდება. სადიაკვნესა და სამკვეთლოს თავზე ე.წ. საიდუმლო ოთახებია განლაგებული. სადიაკვნისა და სამკვეთლოს შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლო საკურთხეველთან კარითაა დაკავშირებული.
ტაძრის ცენტრალური სივრცის დამაგვირგვინებელი გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ტაძრის შიდა სივრცე საშუალოდაა განათებული. სინათლის ძირითადი წყარო გუმბათის ყელში არსებული რვა სარკმელი და ჯვრის ყოველ მკლავში განლაგებული თითო სარკმელია. წმიდა საბას ეკლესიის კედლის ძველი მიძინების კედელზე მიშენების გამო ერთმანეთში შესასვლელი კარი არის გაჭრილი. ეკლესიათა იატაკების დონეთა დიდი სხვაობის გამო ახალი ტაძრიდან ძველში ჩასასვლელად კიბეა მოწყობილი. ახალ ტაძარში, სადიაკვნოს ქვეშ დუღაბის კამაროვანი გადახურვითა და დიდ ლოდებიანი კედლებით ნაშენი სათავსი - საძვალე სამარხი ყოფილა. დასავლეთის კარიბჭე სანახევროდ ღია სათავსს წარმოადგენდა. მისი სამხრეთის მხარე პატარა სამლოცველოს უკავია, ხოლო მოპირდაპირე - ჩრდილოეთის მხარეს კედელია პატარა კარითურთ, დასავლეთის მხარე კი ღიაა სამი შეისრული თაღით.
საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით შუაფეოდალური ხანის ცენტრალურ-გუმბათოვან ეკლესიათა განვითარების უკანასკნელ საფეხურზე დგას. მასში ჯერ კიდევ ჩანს ქართული საეკლესიო არქიტექტურის სიდიადე, იგი გრანდიოზულისა და დიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის ზომებია 21,6X16,6 მ. სიმაღლე გუმბათის წვერამდე 22,5 მ. მას საკმაოდ ვრცელი ინტერიერი აქვს.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საფარის ტაძრის შიდა სივრცე წარმოადგენს, ერთი მხრივ ტრადიციების გაგრძელებას, ხოლო მეორე მხრივ, მასში ძალიან ბევრი რამ ახლებურადაა გადაწყვეტილი. ექსტერიერშიც დაახლოებით ასეთივე სურათია და სწორედ ეს მხარე ქმნის მას ეპოქალურ ტაძრად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტაძრის არც ერთი ფასადი მორთულობით გადატვირთული არ არის. ორიგინალური გადაწყვეტით კი დასავლეთის ფასადი გამოირჩევა, რომლის პირდაპირი ანალოგია არ მოიძებნება. მისი დამახასიათებელი ნიშანი ფასადის ცენტრალურ შვერილ ნაწილზე არსებული სამი სარკმელია, რომელთაგან პირველი და მესამე ცენტრში არსებული მოზრდილი მაღალი სარკმლის მარჯვნივ და მარცხნივ არიან განლაგებული და მათი ზომები ძალზე მცირეა, რის გამოც „ხარისთვალა“ სარკმლებადაა სახელდებული. საფარის ტაძრის ოსტატის მიერ შექმნილ აღნიშნულ კომპოზიციას არც წინამორბედი ჰყოლია და არც მიმდევარი.
ბექა მანდატურთუხუცესი საფარაში ერთი ეკლესიის აგებით არ კმაყოფილდება. ამ დროს საქართველოში უკვე გავრცელებულია სამრეკლოების შენება (XIII-XIVს.ს). საფარის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესთაგანია საქართველოში-სამრეკლო, ისევე როგორც ეკლესია, თლილი ქვითაა ნაშენი. მას არავითარი მორთულობა არ აქვს. ჩვეულებისამებ, ორსართულიანია. მეორე სართული - ღია თაღებიანი ფანჩატური-საკუთრივ სამრეკლო,პირველში კი ლასურისძეთა საგვარეულო სამარხი იყო. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშემრდომნი იყვნენ. ერთი მათგანი მსახურთუხუცესი იყო.
აქვეა ბაქას დროინდელი სასახლის ნანგრევი. (მთის კალთაზე, წმ. საბას ჩრდილო-დასავლეთით). ნანგრევთა დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით ძნელი წარმოსადგენია სასახლის პირვანდელი სახე. დარჩენილია მხოლოდ ერთი სართული: ორი დიდი სწორკუთხა სადგომი ერთმანეთის მიყოლებით, სარკმლები ძალიან პატარაა...
მართალია, ტაძრის აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა.
ამ მხრივ ყველაზე მეტყველ მასალას გვაძლევს ტაძრის სამხრეთი კედლის მხატვრობის ქვედა რეგისტრზე არსებული ოთხი პირის ჯგუფური გამოსახულება. მათგან პირველი სასულიერო პირია შავი მოსასხამით, რომლის თავთან არსებული ასომთავრული წარწერა - (საბა ათაბაგი) იდნეტიფიცირებულია სამცხის ცნობილ ათაბაგთან სარგისთან (ე.თაყაიშვილი), რომელიც ბერად აღკვეცის შემდეგ საბას სახელს ატარებდა. საბას უკან დგას ბექა მანდატურთუხუცესი, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. იგი ქტიტორია ტაძრის, რომელიც მამის - სარგისის ბერად აღკვეცის შემდეგ ხდება ათაბაგი და მამის სიცოცხლეშივე, დიდად ნაამაგარი სარგისოყფილ საბას სახელზე აშენებს ტაძარს. ამ ცნობას ძველი ქართლის ცხოვრების ბოლო ასწლოვანი მონაკვეთის ავტორის ჟამთააღმწერელის უწყებაც ადასტურებს: „განდიდნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს... იყო ესე ბექა... მაშენებელი ქუეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა...“ ჯგუფური ფრესკის მეორე პირი, წარწერის მიხედვით სამცხის სპასალარი სარგისია, ხოლო ჯგუფის ბოლოს მდგარი უწვერული ახალგაზრდა, რომელსაც წარწერა არ შერჩენია, ესაა „ბექას მეორე ვაჟი ყუარყუარა“ (ე.თაყაიშვილი).
იქვე ფრესკაზე, სარგისის თავს ზემოთ, მოთავსებული ყოფილა მშენებლობისა და მხატვრის მაუწყებელი წარწერა, რომლის მარჯვენა ნაწილი ბათქაშიანად ჩამოცვენილა. წარწერის შერჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძრის მომხატველიც ბექა მანდატურთუხუცესი ყოფილა.ტაძრის კარიბჭის დასავლეთის სარკმლის ორივე თაღზე და მარჯვენა კედელზე საღებავით შესრულებული წარწერები იუწყება მისი ხუროთმოძღვრის შესახებაც: „სრულ იქნა საყდარი ესე საძრიკვლითვე ყოველითა ფერითა ხელითა ფარეზას ძისათა, შეუნდვენ ღმერთმან“. ამდენად, წარწერის მიხედვით ტაძრის მაშენებელი „ფარეზას ძე“ ყოფილა (პ.ზაქარაია), ხოლო კეხის ქვაზე გამოსახული პირი, რომელსაც გონიო და ჩაქუჩი უჭირავს, თავად ფარეზ ხუროთმოძღვრად არის მიჩნეული. ამ მოსაზრებას ფიგურასთან არსებული წარწერაც განამტკიცებს, რომელიც ამგვარად იკითხება: „ფარეზს შეუნდვნენ ღმერთმან“ (ვ.ბერიძე).
ეპიგრაფიკული წარწერების მრავალრიცხოვნების მიუხედავად ტაძრის აგების თარიღის შესახებ არაფერია უწყებული, თუმცა ქართლის ცხოვრების მიხედვით ცნობილია დაახლოებითი თარიღი ბექას სამცხეში გამთავრებისა და, აქედან გამომდინარე, საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძრის აგებას მე-13 ს. 80-იან წლების დასაწყისს მიაკუთვნებენ (პ.ზაქარაია).
ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის