ზემო ვარძია


galerea



aRwera

      სოფელი ზედა ვარძია ასპინძის რაიონში ვარძიის კოპლექსის ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრში მდებარეობს. ნასოფლარისაკენ მიმავალი გზა ხევხევ მიიწევ, გზად უამრავი საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები გვხდება. ზედა ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფლის ყველაზე მაღალ ადგილას ხელოვნურად მოსწორებულ ადგილას მდებარეობს.
       ტაძარი XX საუკუნემდე თითქმის სრულიად დანგრეულმა მოაღწია. დროთა განმავლობაში მას გარკვეული სახეცვლილებები განუცდია. განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენეს მას ამ მიდამოებში ჩასახლებულმა ქურთებმა. 1828 წელს სწორედ ამ ადგილას ჩაასახლა გენერალმა ლაზარევმა 35 კომლი ქურთი. სარწმუნოებით სხვა ხალხი ტაძარს საქონლის შესარეკად და სადგომად იყენებდა, ამ დროს მიაშენეს ტაძარს სხვადასხვა ნაგებობებიც.
        ტაძრის საფუძვლიანი შესწავლა მოეწყო 1941-42 წლებში, ამ პერიოდში მოხდა მისი აზომვა, ლაპიდარული წარწერების გარჩევა და ა.შ. 1975-78 წლებში ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია.
       არქიტექტურულად, ერთი შეხედვით ტაძარი შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორც დარბაზული ტიპის ნაგებობა, თუმცა გარდა მთავარი დარბაზისა ტაძარს სამხრეთით აქვს მიშებული ნავი, რომელიც ამჟამად სტოას წარმოადგენს, ხოლო ჩრდილოეთი ნავი მთლიანად მთავარ დარბაზს ეკუთვნის. კედლები მოპირკეთებულია სუფთა თლილი ქვით. კედლის მაქსიმალური სისქე სამხრეთით 85 სმ-ია, ხოლო  დანარჩენი კედლების სისქე 72 სმ-ია. როგორც ავღნიშნეთ ტაძრის სამხრეთის ფასადი სტოას წარმოადგენს, იგი სამთაღედისგან შედგება, აღსანიშნავია ამ სვეტების დეკორატიული შემკობა. მათგან გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი სვეტი(დიამეტრი 63 სმ), რომლის ბაზაც და კაპიტელიც მოჩუქურთმებული იყო. მეორე სვეტის ღეროც აღმოჩენილი იყო ოდნავ მოგვიანებით, ტაძრის მახლობლად.
        ეკლესიას 6 სარკმელი აქვს, ოთხი აღმოსავლეთის მხრიდან, ორიც დასავლეთის მხრიდან. ტაძარში უმნიშვნელოდ შეიმჩნევა ნალესობის და კედლის მხატვრობის კვალი. ტაძრის ინტერიერის მდიდრულად შემკობის გამო სავარაუდოა, რომ ტაძარი თავდაპირველად შესალესად არ იყო გათვალისწინებული.
       ტაძარს გააჩნია საიდუმლო გვირაბი და სამალავები. აღსანიშნავია 4 მეტრიანი გვირაბი, რომელიც გამოქვაბულში გადის. ამ სამალავებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ ეკლესიის განძეულობის შესანახად, გარდა ამისა ეკლესიის  მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია მრავალი მსგავსი სამალავი.
       ტაძრის აღმშენებლის შესახებ იუწყება ასომთავრული წარწერა, რომელიც ეკლესიის, სამხრეთის  შესასვლელი კარის ბალავრის ქვაზეა გამოკვეთილი. წარწერა შემდეგნაირად იკითხება: „წ დ(ე)დ(ა)ო   ღ(ვ)თის(ა), მ(ეო)ხ   ეყ(ა)ვ  ე(რისთავთ) ე(რისთავ)სა ლ(ი)პ(ა)რი(ტ)ს და შვილთა მისთა დღ(ე)ს(ა) მ(ა)ს  ს(ა)შინელსა, რ(ომელმა)ნ გ(უ)ლსმოდგინებ(ი)თ აღგ(ი)შენა წ(მიდა)Á  ესე ეკლესიაÁ ა(მი)ნ“.
წარწერის პირველად წაკითხვა მარი ბროსემ სცადა თუმცა შეცდომით, მისი ვარიანტით ტაძარი აუგია ვინმე ესტატე ალპარისს. წარწერაში შესწორება შეიტანა დავით ბაქრაძემ, ასევე მისი მოსაზრებით ტაძარი XIII საუკუნეს მიეკუთვნება.
       წარწერის ფონი შეღებილია წითელი ფერით სინგურით, მას მიწარს უწოდებენ. ასოთა მოყვანილობის და დამუშავების მიხედვით შესაძლებელია ტაძრის აგების პერიოდის დადგენა. თუმცა ასოების მორთულობა საკმაოდ განსხვავებულია და არ წააგავს სხვა ძეგლების ლაპიდარულ წარწერებს. ასოთა მოყვანილობის მიხედვით ტაძარი  X საუკუნეს მიეკუთვნება. 
       წარწერაში მოხსენიებული ლიპარიტი სავარაუდოდ კლდეკარის ერისთავი უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუდგენილია, ზუსტად რომელ ლიპარიტზეა საუბარი წარწერაში. 
       ნალესობის კვალი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უმნიშვნელოა და იგი ორნამენტებზე არ არსად არ გადადის. სავარაუდოდ მხატვრობა უფრო გვაინდელია და იგი XII-XIII საუკუნეებს შეიძლება მივაკუთნოთ.
       ამოკვეთილი წარწერის მარცხენა მხარეს აღსანიშნავია მელნით დაწერილი წარწერა, რომელიც პირველად მარი ბროსეს შეუმჩნევია, მისი შესრულება თავისი თანადროული მკვლევარისათვის მიუწერია. ტაძრის შესწავლისას შეწავლილ იქნა ეს წარწერაც, ამჟამად იგი ძლივსღა იკითხება ვინაიდან მელანი გაფერმკრთალებულია. წარწერა მოგვითხრობს  ტაძრისათვის თუ მისი შემოგარენისათვის გარკვეული სამუშაოების ჩატარების შესახებ. წარწერაში მოხსენიებულია მეფე ბაგრატი. სხვადასხვა გამოკვლევებიდან გამომდინარე ეს წარწერა ბაგრატ III ს მეფობის ხანას ემთხვევა, ეს კი მეტყველებს ტაძრის მნიშვნელობაზე და როლზე იმ დროინდელ საქართველოში.
       ამჟამად ტაძარი მთლიანად რესტავრირებულია და მოქმედებს დედათა მონასტერი.

ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის